ბიანკა შიგუროვა მისი ფსევდონიმია, ლანჩხუთის რაიონ სოფელ ორვეთში, სადაც მხოლოდ რამდენიმე წელი ცხოვრობდა ახლა იშვიათად, მხოლოდ ბებიის სანახავად ჩადის.

 


მერი ბებია ერთადერთია ოჯახის წევრებიდან, ვინც ტრანსგენდერი შვილიშვილი არ უარყო.

 


როგორც ბიანკა, კურიერ P.S.-თან საუბრისას აცხადებს, მერი ბებია 21 -ე საუკუნის ბებოა.
„მართალია ჩემი ეს გადაწყვეტილება არ უხარია, თუმცა ვფიქრობ რომ ძალიან ვუყვარვარ, რადგან ჩემს გამო ამდენს გაუძლო, ჩემი 21 -ე საუკუნის ბებოა,“- ჰყვება კამერასთან ბიანკა.

 


„ეს სოფელია და სოფელში გოუკვირდა ყველას, თორე ქალაქში მაგი ვის უკვირს“, -აცხადებს მერი ბებო.
ბიანკა 4 წელია ქალის სამოსში გამოწყობილი დადის, რაც მიუღებელი აღმოჩნდა ოჯახის წევრებისთვის და მეზობელებისთვის. თავიდან მერი ბებოც უშლიდა ქალივით ჩაცმას, თუმცა..

 


„რა მექნა შვილიშვილი იყო, სიკვდილს ყველაფერი სჯობია. მეზობლებს გასახლება უნდოდათ, მერე დამკარგა ყველამ, მაგრამ მე ჩემი შვილიშვილი მაინც ვერ დავკარგე“,- ჰყვება ცრემლიანი ხმით მერი ბებო.

 


ბიანკა ნამდვილი სახელის გამხელას ერიდება. როგორც ამბობს, სახელი ბაბუის პატივსაცემად დაარქვეს და არ სურს მიცვალებულს შეადარონ.

 


მას სოფლის დატოვება მეზობლებთან უთანხმოებამ გადააწყვეტინა.

 


„თვითმკვლელობის მცდელობები მქონდა, იმის გამო რომ ჩემი სამეზობლო ჩემს ორიენტაციას არ იღებდა , მათი აზრით მე ვიყავი გამომწვევი და ვრყვნიდი იქაურ ახალგაზრდებს. იყო თავდასხმები, რომ არ მოსწონდათ ჩემი თმები, უნდა იყოს კაცი...როგორ უნდა ვიყო კაცი , როცა ეს შეუძლებელია. მცემეს კიდევაც, მთელმა სოფელმა გადამიარა, ვერ წარმოვიდგენდი ისეთი ხალხი იდგა ხელკეტით და მუქარით მეუბნებოდნენ , დატოვე სოფელიო. ფულიც მომცეს, გზის თანხა, რომ სოფლიდან წავსულიყავი“,- იხსენებს ბიანკა.

 


სოფელში იშვიათად ჩასული ცდილობს მეზობლებს არ დაენახოს და სახლიდან არ გადის.
მეზობლების თქმით, სოფელი მისი წინააღმდეგი ნამდვილად იყო და ეუბნებოდნენ, ნორმლაურად, კაცივით ჩაეცვა და გაევლო.

 


„თუ ნორმალურად, როგორც ნორმალური ადამიანები დადიან, ჩაიცმევს და გაივლის, მისი საწინააღმდეგო არაფერი გავქვს, თუმცა გოგოსავით რო ჩაიცმევს, შიშველი ივლის, როცა ვიცით რომ ბიჭია ნაჭრებჩატენილი, ეგ არ მოგვწონს ჩვენ“,- აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.

 


თუმცა ამ ყველაფერს ბიანკა არ ადასტურებს და აცხადებს, რომ მეზობლებს მისი ჩაცმის არცერთი ფორმა მოსწონდათ და შარვალი ეცვა თუ კაბა, ყოველთვის მისი წინააღმდეგნი იყვნენ.

 


ახლა იგი თბილისში, ნაქირავებში ცხოვრობს. გამომწვევად და თამამად ჩაცმას არ ერიდება და გარეგნობასაც დიდ დროს უთმობს. ამბობს რომ წონის პრობლემა არასოდეს ქონია, თუმცა ორი წელია დიეტაზე, რადგან ეშინია არ გასუქდეს და ღიპი არ დაიდოს.

 


ბიანკა ბავშვობასაც იხსენებს და ცრემლიანი ხმით ჰყვება როგორ მკაცრად ექცეოდა დედა.

 


„ბავშვობაში მიშლიდა თმების გაზრდას, იყო ძალით თმების შეჭრა, შემდეგ შეშის საპობით ცხვირი გამიტეხა და დამიტოვა სამუდამო დაღი. ერთ დღეს შეთანხმდნენ, რომ ჯარში წავსულიყავი, მაგრამ მაშინ ისე გამოვეწყვე, კაცი გაგიჟდა ეს სად წავიყვანოო“.

 


მშობლები ურეკში ცხოვრობენ. 16 წლის იყო სახლიდან რომ გამოაგდეს, მას შემდეგ დედასთან კონტაქტი არ აქვს. ერთი პერიოდი ქობულეთში ოჯახში მომვლელად მუშაობდა, თუმცა მათ მისი სქესი არ იცოდნენ. ასევე იყო მიმტანი ერთ-ერთ კაფეში.

 


ახლა 20 წლისაა, შეყვარებული და მეგობარი მამაკაცი არ ჰყავს.

 


„ორი კვირით მყავდა მეგობარი მამაკაცი, რომელმაც ტყუილებით კოშკები ამიგო და მალევე დაანგრია. დღესდღეობით საქართველოში არ ცხოვრობს კაცი, რომელიც ტრანსთან ერთად იცხოვრებს.“

 


ქუჩაში სიარულისას ყურადღების მიპყრობას და ნეგატიურ რეაქციებს მიჩვეულია, თუმცა მის უფლებებს უხეშად არავინ ლახავს. მეხუთე თვეა თბილისში ცხოვრობს, შემოსავალი და მუდმივი სამსახური კი არ აქვს.

 


გაიკეთა ბოტოქსი, ტუჩები, აპირებს ცხვირის ოპერაციას, ოცნებობს ფოტომოდელობაზე, ყველაზე მეტად კი სქესის შეცვლა უნდა.

 


„იქნებ გამოჩნდეს ისეთი ადამიანი, რომელიც შეძლებს ჩემს დაფინანსებას. ჩემი ბავშვობის ყველაზე დიდი ოცნებაა თავი ქალად ვიგრძნო და სულ მინიმალური მკერდი მაინც გავიკეთო“.




იხილეთ ვიდეო: