ბოლო რამოდენიმე თვეა, რადიო დარდიმანდიდან ახალი განსხვავებული ხმის ტემბრის მქონე ქართველი მომღერლის სიმღერები გვესმის. ამ ძლიერი და სასიამოვნო ხმის პატრონი 24 წლის მირანდა მაისურაძეა. მირანდას ისტორია განსხვავებულია იმით, რომ მან მომღერლობა გადაწყვიტა მისი სულიერი მოძღვრის, მამა პეტრე კვარაცხელიას რჩევით. მისი მეშვეობით მირანდას მოუწია ემღერა პატრიარქის თანდასწრებით და მისგან დიდი მოწონება დაიმსახურა. სწორედ ილია მეორის ლოცვა- კურთხევით გვახმიანებს ყოველ დღე მირანდა და დარდიმანდულ ნოტაზე გვაყენებს სხავადასხვა რადიოს დახმარებით.

 

 

 

 

 

- მირანდა, საზოგადოებამ ახლახანს გაგიცნო, დიდი ხანია რაც მღერი?

 


- ბავშვობიდან ვმღერი, თუმცა ამ საქმეს არ ვუყურებდი, როგორც პროფესიას, უფრო ჰობის დონეზე მიზიდავდა, თუმცა ბოლო პერიოდში ჩემს სულიერ მოძღვართან კავშირმა, რომელიც ასევე არის საზოგადო მოღვაწე და ცნობილი პოეტი, განაპირობა, რომ ჩემს ცხოვრებაში სიმღერას მნიშვნელოვანი ადგილი დავუთმე და ეს ყველაფერი გაამყარა უეცარმა ვიზიტმა პატრიარქთან. მე მას შევხვდი რუისუბნისის ეპარქიაში, წმინდა გორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიის გახსნაზე, სადაც ვიმღერე და პატრიარქმა შემაფასა. მითხრა, რომ მაქვს ძალიან ძლიერი ხმა და ეს ღვთისგან ბოძებული ნიჭია, რომელსაც სჭირდება რეალიზება და არ შეიძლება, რომ სხვა საქმე ვაკეთო. ჩემთვის სწორედ ეს გახდა მოტივი, რომ ჩემი ცხოვრება დამეკავშირებინა სიმღერისთვის. უწმინდესის ეს შეფასება ჩემთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მსოფლიოს წამყვანი მუსიკალური ექსპერტებისა.

 

 

 

 


- შენი რამდენი სიმღერაა უკვე ცნობილი?

 


- ჯერჯერობით სამი სიმღერა მაქვს, აქედან ორი ჩემი საავტოროა. ერთი სიმღერის ტექსტი მამა პეტრეს ეკუთვნის, მისი ლექსია, მეორესი- ჩემს მეგობარს, რაც შეეხება მესამე სიმღერას „ნოსტალგიას“, რომელიც მგონი ჩემს სიმღერებს შორის ყველაზე პოპულარულია, ბატონ ზურა ჩინჩალაძეს ეკუთვნის. მან ამ სიმღერით შექმნა პროექტი „ემიგრანტის ნოსტალგია“ პროექტის ფარგლებში იქმნებოდა პატარა ჯგუფები, რომლებიც დგამდნენ კონცერტებს სხვადასხვა ყვეყნაში ქართველი ემიგრანტებისთვის და სწორედ ეს სიმღერა იყო ეგრედწოდებული ლაითმოტივი ამ პროექტის. შემდეგ ბატონი ზურას თხოვნით ჩავწერე ეს სიმღერა და ვფიქრობ, მსმენელს მოეწონა.

 


- რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში, მას შემდეგ რაც შენი სიმღერები გაჰიტდა?

 


- შეიცვალა ის რომ უფრო მეტად დაკავებული ვარ, კომპანია სოკარში ვმუშაობ სიმღერ- -სიმღერით. ამ ბოლო დროს facebook-ში სასიამოვნო წერილებს ვიღებ და ეს ძალიან მახარებს. ადრე მეგონა, რომ წარმატების შემთხვევაში ადამიანების ნეგატიური და პოზიტიური განწყობა თანაბარი იყო, თუმცა, ჩემდა სასიხარულოდ, ასე არ აღმოჩნდა. მე მხოლოდ პოზიტიურ წერილებს ვიღებ.

 

 

 

 


- პირად ცხოვრებაში რა ხდება?

 


- გათხოვილი არ ვარ, არც შვილი მყავს და არც შეყვარებული.

 


- მირანდა რა პროფესიის ხარ?


- დამთავრებული მაქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ვსწავლობდი უკრაინაშიც, სტუდენტობის პერიოდში ვიყავი სტაჟიორი ევროინტეგრაციის კოორდინაციის აპარატში. მთავრობის კანცელარიაში და შემდეგ საქართველოს პარლამენტში ორ წელიწად ნახევარი ვმუშაობდი, მაგრამ, როდესაც პარლამენტი გადავიდა ქუთაისში, მე მუშაობა ფიზიკურად ვეღარ გავაგრძელე.

 



-ახალი სიმღერის ჩაწერას ხომ არ აპირებ?


- დიახ, მალე ახალ სიმღერას ჩავწერ სახელწოდებით „იასამანი“, ტექსტის ავტორი არის მამა პეტრე. ვგეგმავდით, რომ ეს სიმღერა იქნებოდა დუეტი დათო არჩვაძესთან ერთად, თუმცა ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა, ამიტომაც „იასამანი“ იქნება დუეტი ჩემი და ოთო ბერიშვილისა, რომელიც ჩემი სულიერი ძმაა.
სამომავლოდ რა გეგმები გაქვს, როგორ გგონია, გახდება თუ არა სიმღერა შენი ძირითადი საქმიანობა?
მე მომღერლობას არ ვუყურებ, როგორც შემოსავლის წყაროს. უბრალოდ მიხარია, რომ ვმღერი, ამის იქით მაქვს სხვა სამსახური და შემოსავალი, თუმცა, თუ დადგება ისეთი პერიოდი, როცა შესაძლებელი გახდება სიმღერით თავის შენახვა შევძლო, აუცილებლად მთელს ჩემს დროს დიდი სიამოვნებით დავუთმობ სიმღერას, რადგან, სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ვმღერი. პარლამენტში ვიყავი სულ ვმღეროდი, ახლა სოკარში ვარ და იქაც ვმღერი.

 

 

მოამზადა ნინო კვერნაძემ