მოსწავლეთა უმრავლესობა სკოლაში წასვლის წინ ან საერთოდ არ საუზმობს, ან მსუბუქად იკვებება და მშობლებს მიაჩნიათ, რომ მათი შვილისთვის ასეთი საუზმე სავსებით საკმარისია.
გასტროენტეროლოგები ირწმუნებიან, რომ თუ ბავშვებს ჯანსაღი კვებისკენ ვუბიძგებთ, გასტრიტს იოლად ავაცილებთ თავიდან.
ბავშვი სკოლაში ყოველთვის კარგად ნასაუზმევი გაუშვით. უმჯობესია, საუზმე თბილი იყოს. მაგალითად: ფაფა, ტაფამწვარი ან კატლეტი. გადამუშავებული საკვები ნივთიერებები კუჭ-ნაწლავიდან სისხლში გადადის, იქიდან კი ტვინში აღწევს, რომელიც ამ "საწვავის" წყალობით, უფრო აქტიურად მუშაობს. შესაბამისად, ბავშვიც შედარებით სხარტად აზროვნებს.
არც შუადღისას წახემსება იქნება ურიგო. მეორე საუზმე სასურველია, მსუბუქი იყოს: ხილი, ბუტერბროდი, ჩაი… თუ ბავშვი სკოლის სასადილოში ჭამაზე კატეგორიულ უარს ამბობს, მსუბუქი საკვები ხელსახოცში გაუხვიეთ და თან გაატანეთ, მაგრამ აუკრძალეთ ჭამა დერეფანში, ფეხზე მდგომს. აუხსენით, რომ უკეთ შეერგება, თუ მაგიდას მიუჯდება და აუჩქარებლად შეჭამს.
დაიმახსოვრეთ!
შოკოლადის მეშვეობით შიმშილთან ბრძოლა დაუშვებელია. ჯერ ერთი, სისხლში მოხვედრილი შოკოლადი ტვინს აწვდის ცრუინფორმაციას – თითქოს ბავშვმა ისადილა, რის საპასუხოდაც, კუჭი აქტიურად იწყებს წვენის გამოყოფას, და მეორე – კანფეტი პირის ღრუში ქმნის ტკბილ გარემოს, რომელშიც მიკრობები იდეალურად გრძნობენ თავს. კუჭს გამანადგურებელ დარტყმას აყენებს MცDონალდ'ს-ის ტიპის სასაუზმეები. სასურველია, ბავშვს შებოლილი და ცხარე საკვები 15-17 წლამდე არ მივცეთ. კეტჩუპითა და მაიონეზით შეზავებული ძეხვეული კუჭის ლორწოვანს მეტისმეტად აღიზიანებს.
კუჭ-ნაწლავის პრობლემები ყველაზე ხშირად დღესასწაულებზე მწვავდება, რადგან სადღესასწაულო სუფრას ყოველთვის ამშვენებს კრემიანი ტორტი და "კოკა-კოლა" – ასეთ გასტრონომიულ შეტევას კი არამცთუ პატარების, მოზრდილი ადამიანის გამოწრთობილი კუჭ-ნაწლავიც კი ვერ უძლებს.
ახლა იმ სიმპტომების შესახებ მოგახსენებთ, რომლებიც ექიმის ჩარევას მოითხოვს:
ბოყინი ჭამის შემდეგ, შესაძლოა, გასტრიტის პირველი ნიშანი იყოს;
უსიამოვნო სუნი პირის ღრუში კუჭ-ნაწლავის პრობლემაზე მეტყველებს, თუ, რა თქმა უნდა, ის კბილების ან ღრძილების დაავადებით არ არის განპირობებული;
ძლიერი ტკივილი გულის კოვზთან ან შიმშილის შეგრძნება ჭამის შემდეგაც შესაძლოა, გასტრიტის გამწვავებაზე მიუთითებდეს;
მჭრელი ტკივილი ჭიპის მიდამოში შესაძლოა, ნაწლავთა დისკინეზიით იყოს განპირობებული;
ხშირი ფაღარათი ან ყაბზობა შესაძლოა, დისბაქტერიოზზე მიუთითებდეს;
კბილების კრაჭუნი, რომელსაც ერთვის უმადობა და ძლიერი ნერწყვდენა, შესაძლოა, ჭიების ბრალი იყოს.
ნუ დატოვებთ უყურადღებოდ ბავშვის ჩივილს. გახსოვდეთ: ნებაზე მიშვებული გასტრიტი შესაძლოა, ქრონიკულ ფორმაში გადაიზარდოს. ადრეულ ეტაპზე დაწყებული მკურნალობა კი პრობლემის საბოლოოდ მოგვარების საწინდარია.