„ჩემი აღარა ხარ მორჩა“ – მამუკა ჩარკვიანის სიმღერა ახალი წლის ღამეს სტეფანე მღებრიშვილმა ახლებური ინტერპრეტაციით წარმოგვიდგინა. მიუხედავად იმისა, რომ სტეფანეს სასიმღერო სტილი რადიკალურად განსხვავდება ჩარკვიანის მუსიკალური გემოვნებისგან, მომღერალმა სიმღერა აბსოლუტურად შეცვალა და როგორც იტყვიან, მოირგო. მაყურებლისა და მსმენელის რეაქცია დადებითი იყო. ვიდეოს უამრავი ნახვა და გაზიარება აქვს.

 

– სტეფანე, როგორ შეიქმნა ეს სიმღერა?

 

– დიდი ისტორია არ აქვს, უბრალოდ, ყველა მეჩხუბებოდა, ახალი სიმღერა ჩაწერეო. მინდოდა, რამე რადიკალურად განსხვავებული გამეკეთებინა და არჩევანი მამუკა ჩარკვიანის სიმღერაზე შევაჩერე. ჟანრობრივად მამუკა ჩარკვიანის „ჩემი აღარა ხარ მორჩა“ და სტეფანე შეუთავსებელი იყო ერთმანეთთან. ყველა გაკვირვებული დარჩა და შეიძლება ამანაც იმუშავა. მიხარია, რომ კარგად მიიღო საზოგადოებამ. დღეს ჩემმა მეგობარმა დამირეკა, რესტორანში მუსიკოსები გააჩუმეს და ეს სიმღერა ჩართეს, თან რამდენჯერმე გაამეორესო (იცინის). ძალიან მიხარია, ასეთ რაღაცებს რომ მეუბნებიან.

 

– ხომ არ ფიქრობდი, რომ ეს ერთგვარად რისკი იყო შენი მხრიდან?

 

– პატარა აღარ ვარ, რისკი ვიცი, რა არის. იმდენი გამოცდილება კი მაქვს, რომ მივხვდე, რომ, ამ მხრივ, რისკები ნაკლებია. რა უნდა მომხდარიყო, მაქსიმუმ, ცოტა ნახვა ჰქონოდა ინტერნეტში ამ სიმღერას.

 

– ვერ დაგეთანხმები, ქართველი მსმენელი უგემოვნო მუსიკას არავის პატიობს, კრიტიკის ზღვარსაც კი სცდება ხოლმე მათი კომენტარები სოციალურ ქსელში, როცა რაიმე არ მოსწონთ…

 

– ძალიან უნიჭო უნდა იყო, ისე რომ ჩაისვარო, რომ მთელი ინტერნეტი უარყოფითად აალაპარაკო. ამ ასაკში ასეთი რა უნდა დამმართნოდა, არც დამიშვია, რომ ვიღაცის სალანძღავად გავიხდიდი თავს. ასეთი თავმდაბალიც არ ვარ.

 

– ამ სიმღერით გამოჩნდი „ჩემი ცოლის დაქალებში“, როგორი იყო ამ ჯგუფთან მუშაობა და როგორ შემოგთავაზეს სერიალში ჩართვა?

 

– შავი მასალა შემთხვევით მოვასმენინე ქეთი დევდარიანს. არც მიფიქრია, რომ სერიალში გადამიღებდნენ. ეს ჩემი საყვარელი სერიალია. ყველა სერიას ვუყურებ. გამიხარდა, რომ დამირეკეს და კარგად იმუშავა ამ სერიამ.

 

– ლუნასთან ცეკვამ მოგიწია, როგორი პარტნიორია ქეთი?

 

– უსაყვარლესი ლუნა, ძალიან კარგი პარტნიორი და ადამიანია. ძალიან მაგარი გოგოა. ასე რომ არ იყოს, ასე კარგად ვერ ითამაშებდა და ასეთი წარმატებულიც არ იქნებოდა მისი გმირი ამ სერიალში. ფორმულა „კრეატივთან“ დიდი ხანია ვმეგობრობ. ხშირად მითანამშრომლია მათთან. ლიფონავამ „ჭამა და სექსშიც“ გადამიღო. კონცერტებს როცა ვაკეთებდი, ხან ლიფონავა იღებდა, ხან მიშა მშვილდაძე იყო სცენარების ავტორი.

 

– ამასობაში მსახიობად ჩამოყალიბდი, ხომ არ ფიქრობ ამ კუთხით კარიერის გაგრძელებას?

 

– სამსახიობო გამოცდილება ჯერ კიდევ „ქეთო და კოტედან“ და „ვერის უბნის მელოდიებიდან“ იწყება. არტისტი მრავალფუნქციური პროფესიაა. ამ პროფესიაზე სერიოზულად არ ვფიქრობ, მაგრამ, როცა გჭირდება, ეს დაბრკოლებას არ უნდა გიქმნიდეს მომღერალს.

 

– მამუკა ჩარკვიანს მოეწონა მისი განახლებული სიმღერა?

 

– პირველმა მოისმინა მამუკამაც და მისმა ოჯახმაც. მხოლოდ პოზიტივი მოდის მისგან, რაც ყველაზე მეტად მახარებს.

 

– წელსაც გარეთ მოგიწია ახალი წლის შეხვედრა…

 

– ჰო, „რუსთავი 2“-ის საახალწლო ეთერში ერთ-ერთი წამყვანი ვიყავი. ბავშვობის მერე მართლაც სულ გარეთ ვხვდები ახალ წელს.

 

– საახალწლო სამზადისში რამდენად ერთვები ოჯახში?

 

– ვერთვები იქიდან გამომდინარე, რომ შვილი მყავს. მე და ფანი საყიდლებზე ერთად მივდივართ ხოლმე. ზოგადად, ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს, არაადამიანური, წელსაც არ იყო გამონაკლისი, მაგრამ ეს მომწონს, მიყვარს, ეს არის ჩემი სამსახური და ამით ვსულდგმულობ.

 

– წელს რა მოიტანა ფანის თოვლის ბაბუამ?

 

– რაც უნდოდა, „ენდი ბორნი“, ბევრი ბავშვის აჩემებაა. თოჯინების მოვლის საშუალებებია, ფაფები, გარდერობი. ბავშვის ტანსაცმელზე ბევრად ძვირი ღირს ამ თოჯინების ტანსაცმელი. პატარა წინდებიც კი 17-18 ლარი ღირს. მოკლედ, წელს „გაიწეწა“ თოვლის ბაბუა.

 

– შენ და მაომ მიულოცეთ ერთმანეთს ახალი წელი?

 

– რა თქმა უნდა, ჩვენ ისევ ერთ სახლში ვცხოვრობთ და ძალიან კარგი მეგობრები ვართ.

 

 

 

იხილეთ ვრცლად: