შარლიზ ტერონმა, რომელიც "ოსკარის" გადაცემის ცერემონიაზე მოკლე ვარცხნილობით გამოჩნდა, ფურორი მოახდინა. მის ახალ იმიჯზე დღემდე ლაპარაკობენ მოდის კრიტიკოსები, ბლოგერები და თავად მსახიობიც კი.
სტილისტებმა შარლიზის ბიჭური ვარცხნილობა ახალ ტენდენციად აღიარეს და ამ მიმართულებას უახლოეს ხანში დიდი პოპულარობა უწინასწარმეტყველეს.

შარლიზმა იმდენი კომპლიმენტი და შექება დაიმსახურა ახალი ვარცხნილობის გამო, რომ მტკიცედ გადაწყვიტა, ძველ იმიჯს აღარ დაუბრუნდეს და უარი თქვას გრძელ ქერა კულულებზე.

ბოლოდროინდელი ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, ჰოლივუდელი ვარსკვლავი მოკლე ვარცხნილობაში თავს კომფორტულად გრძნობს როგორც საღამოს, ისე ყოველდღიურ სამოსში.

შეგახსენებთ, რომ თავის სახელგანთქმულ ქერა კულულებს შარლიზი ახალი როლის გამო გამოემშვიდობა. უფრო მეტიც, გარდა იმისა, რომ მსახიობმა თავი თითქმის გადაიხოტრა, თმაც უფრო მუქად შეიღება.

მუქ თმას შარლიზი დიდხანს ატარებდა და მხოლოდ "ოსკარის" გადაცემის ცერემონიისთვის დაიბრუნა ქერა ფერი.