“მე, შენი უვარგისი ქმარი, რომელსაც იმის ძალაც კი არ შემწევს ავდგე და თავი მოვიკლა, დამიჯერე ყოველ დღე ვკვდები”, - წერილი ემიგრანტ მეუღლეს.

 


"ჩემი ცოლი 8 წელია ემიგრანტია. ყოველდღე ვეუბნები ჩამოდი ჩამოდითქო და ხმაში ბზარი მიჩნდება, როცა ვერ ვპასუხობ კითხვაზე-“რომ ჩამოვიდე ოჯახს ვინ არჩენს?!”

 

8 წელია თავი ვერ ამიწევია, ბეჭებში ვერ გავმართულვარ, საკუთარი თავის მცხვენია, რომ ჩემს მეუღლეს უწევს იმის კეთება, რასაც მე უნდა ვაკეთებდე. თქვენს საიტზე გამოქვეყნებული წერილები გულს მიხეთქავს, უფრო მეტად მაპატარავებს… ჩემი მეუღლე თქვენი საიტის სტატიებს ხშირად აზიარებს ხოლმე, ამიტომ ვიცი, ამ წერილსაც წაიკითხავს, წაიკითხავს იმას, რაზე ლაპარაკიც ასე ძალიან მიჭირს და მიხვდება რომ ეს მე ვარ.

 

8 წლის წინ, იმ ავადსახსენებელ დღეს, ძმაკაცის სახლიდან “კაი გამაძღარი” სახლში მანქანით ვბრუნდებოდი, არ ვიცი ჩამეძინა საჭესთან თუ სიმთვრალისგან გავითიშე, არ ვიცი რა მოხდა როგორ რანაირად, გონზე საავადმყოფოში მოვედი. ჩემი ცოლის სახე არასდროს დამავიწყდება, გაფითრებული მადგა თავზე, ხმას ვერ იღებდა. თვალები რომ გავახილე, გაყინული ხელი გადამისვა სახეზე “ეს რა ქენი, კინაღამ დაგვღუპე ბიჭო”, სინამდვილეში იმ დღეს კინაღამ კი არა ნამდვილად დავიღუპე თავიც და დავღუპე ჩემი ოჯახიც. ახალგაზრდა გოგონას დავჯახებივარ, არ ვიცი, როგორც ჩანს საჭის დამორჩილებას ვცდილობდი, ჯერ გოგონას დავჯახებივარ მერე ბოძს. საბედნიეროდ ეს გოგონა გადარჩა, სასამართლომ ფულადი ჯარიმა და დაზარალებულის მკურნალობის ხარჯების სრულიად დაფარვა დამაკისრა. მე რაც შემეხება ხერხემალი დამიზიანდა და ყავარჯნების გარეშე ვერ გადავადგილდები. საუბარი დიდ თანხებზე იყო, “კინაღამ დაგვღუპე ბიჭო”-ამ სიტყვებით ჩემმა მეუღლემ განაჩენი გამოუტანა საკუთარ თავს და დაადგა ემიგრანტის გზას.

 

ჩემო ძვირფასო, ასე საჯაროდ მინდა ბოდიში მოგიხადო, მე, შენი უვარგისი ქმარი, რომელსაც იმის ძალაც კი არ შემწევს ავდგე და თავი მოვიკლა, დამიჯერე ყოველ დღე ვკვდები, როცა ვფიქრობ სად ხარ და სად შეიძლება ყოფილიყავი. მე შენი ვალიდან ვერასდროს ამოვალ, ვერც საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ ამ შეცდომას, რომელმაც ორივეს ცხოვრება ჯოჯოხეთად აქცია, შენ მამშვიდებ ხოლმე, მადლობა ღმერთს რომ ადამიანის ცოდვა არ დაიდე კისერზეო. მადლობა ღმერთს, რომ გოგონა გადარჩა, მაგრამ იმ დღეს მე შენ მოგკალი, საკუთარი თავი მოვიკალი. ჩემი შვილი წელს სკოლას ამთავრებს, ვეუბნები მამის შეცდომები არ გაიმეოროთქო, ვაფრთხილებ ნემსის ყუნწში გაძვრომაც რომ დაგჭირდეს, შენს ცოლს ნუ აზიდინებ ამხელა ტვირთსთქო.

 


ამ წერილით იმის თქმა მინდა, რომ დღეს, როცა უცხო მიწაზე ქართველ ქალს ამდენი რამის გადატანა უწევს, ნებისით თუ უნებლიედ ქართველი კაცები ვართ დამნაშავე. მე დამნაშავე ვარ როგორც ჩემი ცოლის, ასევე ყველა ემიგრანტი ქალის წინაშე, ეს არაფერს უშველის, მაგრამ ბოდიშს გიხდით ყველა იმ ქართველი კაცის სახელით, რომლებმაც ვერ შეძლეს თქვენი შენახვა. ჩემს მეუღლეს ვეტყვი, რომ შენ რკინის ქალი ხარ! გმირი დედა და მსხვერპლი ცოლი.
.....დათო".

 

 

იხილეთ ბმული