უშვილობა მთელ მსოფლიოში, მათ შორის - საქართველოშიც, აქტუალური პრობლემაა. ადრე, თუ წყვილს შვილი არ უჩნდებოდა, ამას მხოლოდ ქალის რეპროდუქციული სისტემის არასწორ მუშაობას აბრალებდნენ. არადა, საკმაოდ ხშირია უნაყოფობა მამაკაცებში და ამ შემთხვევაში მხოლოდ ქალის გამოკვლევა და მისი მკურნალობა შედეგს ვერ გამოიღებს. ამჯერად სწორედ მამაკაცის უშვილობის მიზეზებსა და მკურნალობის მეთოდებზე ვისაუბრებთ. ჩვენი სტუმარია უროლოგიის ეროვნული ცენტრის უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი ალეკო ხელაია.

- ბატონო ალეკო, ჩვენი საუბრის თემა მამაკაცთა უშვილობაა, მაგრამ ვიდრე უშუალოდ ამ საკითხზე გადავიდოდეთ, გაგვარკვიოთ - სქესობრივი თანაცხოვრების დაწყებიდან რა ხნის შემდეგ შეიძლება უშვილობაზე საუბარი? ჩვენი აზრით, ეს მეტად საგულისხმო საკითხია, რადგან ზოგიერთი, პირველსავე თვეს თუ არ დაორსულდა, ნერვიულობას იწყებს, რითაც მხოლოდ ვნებს თავს, ზოგიერთი კი წლობით არ მიდის ექიმთან, მკურნალობა გვიანდება და, საბოლოო ჯამში, უშედეგოა.
- წყვილი უშვილოდ მიიჩნევა, თუ ქალი დაუცველი სქესობრივი ცხოვრების 12 თვის განმავლობაში არ დაორსულდა, თუმცა ზოგიერთი მეცნიერი ამ ვადას ორ წლამდეც სწევს. ჩვეულებრივ, პირველ 6 თვეში დაორსულების ალბათობა 25%-ია, ხოლო ერთი წლის თავზე - 90%. თუ ორსულობა 12 თვის შემდეგაც არ დადგა, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ წყვილი უშვილოა, ვინაიდან არსებობს მომდევნო 12 თვის განმავლობაში დაორსულების 23%-იანი და კიდევ ერთი წლის შემდეგ დაორსულების 10%-იანი ალბათობა.

- რამდენად ხშირია მამაკაცების უშვილობა?
- უშვილო წყვილის შემთხვევაში ქალის ფაქტორი 50%-ს უტოლდება, მამაკაცისა - 30%-ს, თუმცა უკანასკნელ ხანს ამ მაჩვენებელმა მკვეთრად იმატა, შერწყმული ფაქტორი კი 20%-ში გვხვდება. აქედან გამომდინარე, უშვილობის დროს ერთდროულად იწყება როგორც ქალის, ისე მამაკაცის გამოკვლევა მიზეზის გამოსავლენად.

- რა იწვევს მამაკაცთა უშვილობას?
- ერთ-ერთი ყველაზე დიდი კვლევის თანახმად, რომელშიც 10 469 უშვილო მამაკაცის მონაცემები შევიდა, მიზეზები შემდეგნაირად გადანაწილდა:
1. იდიოპათიური უშვილობა (როდესაც მიზეზი უცნობია) - 31%;
2. ვარიკოცელე - 15,6%;
3. ჰორმონული დარღვევები - 8,9%;
4. უროგენიტალური ტრაქტის ინფექციები - 8%;
5. იმუნოლოგიური ფაქტორები - 4,5%.

- რედაქციის საფოსტო მისამართზე და ჩვენს ინტერნეტსაიტზე მოსული კითხვებიდან გამომდინარე, გვრჩება შთაბეჭდილება, რომ მამაკაცებში საკმაოდ ხშირია ვარიკოცელე. რას გვეტყვით ამის თაოიბაზე?
- ვარიკოცელეს გავრცელება, ზოგადად, 20%-ს შეადგენს, მაგრამ იმ მამაკაცთაგან, ვინც უშვილობის გამო მიმართავს ექიმს, ეს დაავადება 40%-ს უდასტურდება. პათოლოგიის ასეთი სიხშირე და უშვილო მამაკაცებში მისი გამოვლენის მაღალი ალბათობა იწვევს ეჭვს, რომ ვარიკოცელე უშვილობის უშუალო მიზეზია. ამ მოსაზრებას ნაწილობრივ მეც ვეთანხმები, ვინაიდან ვარიკოცელეს წარმატებული მკურნალობის შემდეგ ოპერაციიდან 6-12 თვის განმავლობაში სპერმის მაჩვენებლები 50-80%-ში უმჯობესდება.

- რატომ 100%-ში არა?
- ეს სავსებით სამართლიანი კითხვაა და მასზე პასუხს ეძიებს უშვილობის პრობლემაზე მომუშავე მთელი სამედიცინო საზოგადოება. მე ჩემს აზრს მოგახსენებთ: უნდა დადგინდეს ის შემთხვევები, როდესაც უშვილობა უშუალოდ ვარიკოცელეს ბრალია.

- რა პარამეტრებს ეფუძნება ვარიკოცელეს დიაგნოზი?
- არსებობს ვარიკოცელეს სხვადასხვა სტადია და მათი გამოსავალი ძალზე ინდივიდუალურია. ვარიკოცელეს დასადგენად აუცილებელია მაღალი ხარისხის ულტრაბგერითი აპარატურა, ამ მიმართულებით გამოკვლევის მწარმოებელი სპეციალისტის დიდი გამოცდილება და პროფესიონალიზმი, ამიტომ ყველა პაციენტს, ვინც უშვილობისა და ვარიკოცელეს გამო მოგვმართავს, პირადად ვუტარებ ულტრაბგერით გამოკვლევას, რასაც, ჩემი აზრით, პრინციპული მნიშვნელობა აქვს.