წმინდა ნიკოლოზი მცირე აზიაში, ლუკიის მხარის ქალაქ პათარაში ქრისტეს შობიდან 257 წელს დაიბადა. სასწაულთმოქმედების უნარი წმინდა ნიკოლოზმა შობიდანვე გამოამჟღავნა. ნიკოლოზი განსაკუთრებით უმწეოებს ეხმარებოდა. როცა მისი მშობლები გარდაიცვალნენ და მას მდიდარი მემკვიდრეობა დაუტოვეს, წმინდა ნიკოლოზმა მთელი ეს ქონება ღარიბ-ღატაკ ადამიანს უბოძა. ყოველივე ამას სხვებისაგან მალულად აკეთებდა. შემდეგ იგი პალესტინაში გაემგზავრა წმიდა ადგილების თაყვანსაცემად.

სამშობლოში დაბრუნებული ნიკოლოზი ქალაქ მირონში წავიდა, სადაც ეპისკოპოსად აირჩიეს. ნიკოლოზი თავის სამწყსოს აძლიერებდა, რის გამოც ის შეიპყრეს და დილეგში ჩააგდეს, სადაც 8 წელი დაჰყო.

ნიკოლოზმა დიდხანს იცხოვრა და მრავალი სასწაული მოახდინა. იგი 342 წლის 6 დეკემბერს, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი სხეული ქალაქის საკათედრო ტაძარში საზეიმოდ დაკრძალეს. მისი უხრწნელი ნაწილები მაშინვე კეთილსურნელებას და მირონს გამოსცემდა. მისი შეხებით სნეულნი იკურნებოდნენ.

წმინდა ნიკოლოზი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთ მფარველად ითვლება. მარტო თბილისში წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის სახელობის ხუთი ეკლესიაა.

ნიკოლოზობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება: 19 დეკემბერს წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების დღეა, ხოლო 22 მაისს - ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის წმინდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების.

ეს ამბავი სამარაში მცხოვრებ ერთი ღვთისმოსავი ქალის ოჯახს გადახდა 1956 წელს.

ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბერს, მისმა ქალიშვილმა ზოიამ, თავისი შვიდი მეგობარი გოგონა და ახალგაზრდა ყმაწვილები დაპატიჟა წვეულებაზე, სადაც დროსტარებასთან ერთად ცეკვებით გართობაც ჰქონდათ გადაწყვეტილი. შობის მარხვა იდგა და დედამ სთხოვა ზოიას,ხმაურიანი ლხინი არ გადაეხადა, მაგრამ ქალიშვილმა დაიჟინა და თავისი გაიტანა. საღამოს დედა ეკლესიაში წავიდა ლოცვაზე.

სტუმრები თითქმის უკლებლივ მოვიდნენ, მაგრამ ზოიას საქმრო, კოლია, არ ჩანდა. ახალგაზრდები მას აღარ დაელოდნენ და დაიწყეს საცეკვაო სამზადისი. გოგო-ბიჭები დაწყვილდნენ, ზოია კი კენტად დარჩა. ამით განაწყენებულმა, მან კედლიდან ჩამოხსნა წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხატი და ხმამაღლა თქვა: "რაკი ჩემი ნიკოლოზი არ მოვიდა, ამ ნიკოლოზს ჩავჭიდებ ხელს და მასთან ერთად ვიცეკვებ!" გოგონებმა თხოვეს, არ ჩაედინა ამგვარი მკრეხელობა, მან კი ირონიული ღიმილით უპასუხა: "თუ ღმერთი არსებობს, იგი დამსჯის!"

ჩართეს საცეკვაო მელოდია და ჯერ ხეირიანად არც კი აჰყოლოდნენ ტაქტს, რომ ანაზდად, ოთახში წარმოუდგენელი გრიალი გაისმა, შუაგულიდან ქარბორბალა ავარდა და მთელი ოთახი ელვისებურმა კაშკაშა შუქმა გაანათა. მხიარულება ელდამ შეცვალა. შიშისგან თავზარდაცემული ახალგაზრდები ოთახიდან გაცვივდნენ. მხოლოდ ზოია ვერ დაიძრა ადგილიდან. იგი ოთახში დარჩა, იატაკს მიყინული, მარმარილოსავით ცივი და გაქვავებული, გულში ჩაკრული წმინდა ნიკოლოზის ხატით.

გამოძახებაზე მოსული ექიმების ვერანაირმა მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო. ყველა ნემსი, რომელთა გაკეთებასაც ექიმები ცდილობდნენ, იღუნებოდა და ტყდებოდა ზოიას ქვად ქცეულ სხეულზე. უნდოდათ მისი გადაყვანა საავადმყოფოში, მაგრამ ძვრა ვერ უყვეს - ფეხებით თითქოს შეზრდოდა იატაკს, მხოლოდ გული უცემდა, რაც იმაზე მეტყველებდა, რომ იგი ფიზიკურად ცოცხალი იყო, მაგრამ ამ დროიდან ზოიას უკვე აღარც სმა შეეძლო და აღარც ჭამა.

როცა ეკლესიიდან დედა დაბრუნდა და შვილი ასეთ ყოფაში ნახა, გონება დაკარგა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, საიდანაც რამდენიმე დღეში გამოწერეს. იგი მხურვალედ ლოცულობდა და ცრემლებით ევედრებოდა უფალს, შეენდო მისი ქალიშვილისთვის და დაებრუნებინა სასიცოცხლო ძალა.

პირველ დღეებში სახლი ფუტკრების სკას წააგავდა - უამრავი ხალხი ირეოდა, საიდან აღარ მოდიოდნენ მორწმუნეები, სასულიერო პირები. მაგრამ მალე ხელისუფლებამ მოსკოვიდან მიიღო მითითება და გარეშე პირთაგან სახლში არავის უშვებდნენ. დაწესდა მორიგეობა და ყოველ 8 საათში ერთხელ იცვლებოდა ორი მილიციელი. იმ მორიგეთაგან, რომლებიც, ძირითადად, 25-32 წლის ახალგაზრდები იყვნენ, მრავალი ნაადრევად გაჭაღარავდა სიტყვების გამგონე, რომელსაც ზოია დროდადრო შემზარავად გაჰყვიროდა: "დედა, ილოცე! ცოდვებში ვიღუპებით, დედა, ილოცე! ილოცე!!!" - ამ სიტყვების წარმოთქმის დროს ზოია ჩვეულებრივად აღებდა პირს, მაგრამ მათი დასრულებისთანავე ბაგეები ეკუმებოდა, ქვასავით უმაგრდებოდა და მხოლოდ თვალებს აცეცებდა უაზროდ.

მოგვიანებით ზოიასთან რამდენიმე ადამიანი დაუშვეს. მოსკოვიდან ჩამოსულმა მედიცინის პროფესორმა მხრების აჩეჩვით დაადასტურა, რომ ზოიას გულისცემა არ შეწყვეტილა გარეგნული გაქვავების ფონზე. დედის თხოვნით მოიწვიეს სასულიერო პირებიც, თუმცა მათ ვერც გოგონას ადგილიდან დაძვრა მოახერხეს და ვერც ის, რომ წმინდა ნიკოლოზის ხატი მისი ხელებიდან გამოეხსნათ. მოგვიანებით, ქრისტეშობის დღესასწაულზე ჩამოვიდა მღვდელმონაზონი სერაფიმე, აღავლინა ლოცვა, აკურთხა ოთახი, რის შემდეგაც მას მინებდა ხატი და სათანადო პატივის მიგების შემდეგ იგი ადრინდელ ადგილზე დააბრუნეს. "ახლა დაველოდოთ უფლის ნიშანს, რომელსაც ის აღდგომისთვის მოგვივლენს. თუ ასე არ მოხდა, ახლოს ყოფილა ქვეყნის აღსასრული".- თქვა ბერმა. იგივე გაიმეორა მოსკოვის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმაც.

ხარების დღესასწაულის წინ მოვიდა ერთი სათნო გამომეტყველების მოხუცი და ზოიასთან შეშვება ითხოვა, მაგრამ მილიციელებმა უარი უთხრეს. მეორე დღესაც მოვიდა, მაგრამ ისევ უარი მიიღო. მესამე დღეს, უშუალოდ ხარების წინადღეს მოხუცი შეუშვეს მაშინ, როცა სახლში არავინ იყო და მორიგეებმა გაიგონეს, როგორ ეუბნებოდა იგი ზოიას დაყვავებით: "რაო, მოგბეზრდა განა დგომა?" ცოტა ხნის შემდეგ, როცა მორიგეებს სურდათ, უკან გამოესტუმრებინათ მოხუცი, იგი ოთახში არ დახვდათ. მორიგეები დარწმუნებით ყვებოდნენ, რომ ის მოხუცი თვითონ საკვირველთმოქმედი ნიკოლოზი იყო.

ასე იდგა ზოია 4 თვის განმავლობაში, ზუსტად 124 დღე, ახალი წლის ღამიდან აღდგომამდე, რომელიც იმ წელს 6 მაისს უწევდა.

აღდგომის ღამეს ზოიამ განსაკუთრებულად ხმამაღლა დაიწყო მოწოდება: "ილოცეთ! ყველამ ილოცეთ! დედამიწა საშინელი ცეცხლით იწვის!"

და ამ დროს მას უეცრად დაუბრუნდა სიცოცხლის ნიშანწყალი. მისი კუნთები მოეშვა და სხეულიც დამყოლი გახდა.ზოია ლოგინში ჩააწვინეს, მაგრამ თავდაპირველად მხოლოდ ერთ სიტყვას იმეორებდა განუწყვეტლივ: "ილოცეთ! ილოცეთ! ილოცეთ!"

მოგვიანებით ის უფრო კონტაქტური გახდა და კითხვებზეც პასუხობდა. როცა ეკითხებოდნენ, რას გრძნობდა ან გრძნობდა თუ არა შიმშილს ამბობდა, რომ მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც ფეხზე იდგა, საკენკის მსგავსი საკვები თეთრ მტრედებს მოჰქონდათ და აჭმევდნენ. ხელისუფლებამ ზოიას ფსიქატრიულ საავადმყოფოში გადაყვანა მოინდომა, თუმცა მოწვეულმა ფსიქიატრებმა დაადგინეს, რომ ზოია სრულიად ჯანმრთელი იყო, მათ თვალწინ მომხდარი სასწაულის მცოდნეებმა კი ყალბი დასკვნის დაწერა ვერ გაბედეს.

მომხდარმა საწაულმა იმდენად იმოქმედა სამარის მცხოვრებლებზე, რომ მრავალმა ადამიანმა, ვინც ამ სასწაულს ხედავდა, ვისაც, სახლთან ჩავლილს, ზოიას სულისშემძვრელი მოწოდება ესმოდა - ღმერთი იწამა. მოუნათლავები ინათლებოდნენ, მოუნანიებლები ეკლესიებში მიდიოდნენ აღსარების ჩასაბარებლად, ვინც მანამდე ჯვარს არ ატარებდა, ყველამ დაიწყო ტარება. იმდენად დიდი იყო ახალმოქცეულთა რაოდენობა, რომ ეკლესიებში ყველასთვის სამყოფი ჯვრები არ აღმოჩნდა.

ზოია აღდგომიდან მესამე დღეს გარდაიცვალა: გამთენიისას, მშვიდად, აღსარებისა და ზიარების შემდეგ.

მისი ბოლო სიტყვები იყო: "ილოცეთ! არა მარტო ჩემთვის..."