ორსულობისა და ლოგინობის ხანაში ქალი ხშირად უჩივის შებერილობას, შეკრულობას, ჰემოროიდულ დაავადებას... რით აიხსნება ნაწლავთა პრობლემების გახშირება ამ პერიოდში, როგორ შეიძლება მათგან თავის დაზღვევა? ამ და სხვა კითხვებით წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამკურნალო ცენტრის ექიმ გინეკოლოგს სოფიო გელაშვილს მივმართეთ.

- ნაწლავთა რომელ დაავადებებს უჩივიან ყველაზე ხშირად ორსულები და მელოგინეები?

- გამოკვლევები მოწმობს, რომ ზოგიერთი პათოლოგიური მდგომარეობა ორსულებს უფრო ხშირად აწუხებთ, ვიდრე არაორსულებს. მაგალითად, ორსულები ხშირად უჩივიან შეკრულობას. ერთ-ერთმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ორსულთა 39%-ს შეკრულობის სიმპტომები გესტაციის მე-14 კვირას გამოაჩნდება, 30%-ს - 28-ე კვირას, ხოლო 20%-ს - 36-ე კვირას. ორსულთათვის ტიპური კიდევ ერთი პრობლემაა მეტეორიზმი - ნაწლავებში აირთა ჭარბი დაგროვება. მას მრავალი მიზეზი აქვს. ამჯერად არაფერს ვიტყვით ორსულობამდე არსებულ ისეთ გასტროენტეროლოგიურ პათოლოგიებზე, როგორებიცაა გასტრიტი, დუოდენიტი, ქოლეცისტიტი, დისბაქტერიოზი, ენტეროკოლიტი და სხვა; ვისაუბრებთ მეტეორიზმის გამომწვევ იმ ფიზიოლოგიურ ძვრებზე, რომლებიც ქალის საჭმლის მომნელებელ სისტემაში უშუალოდ ორსულობის გავლენით ხდება. ესენია:
მექანიკური ზეწოლა. ორსულობის დროს, განსაკუთრებით - მის მეორე ნახევარში, გადიდებული საშვილოსნო ნაწლავებს აწვება, ნაწლავებში ნაწილობრივ ირღვევა სისხლის მიმოქცევა, მცირე მენჯის ღრუს სისხლძარღვებში ვითარდება ვენური შეგუბება, ეს აძნელებს ნაწლავების დაცლას, პერისტალტიკა ხდება დუნე, ვითარდება ყაბზობა და ნაწლავთა შებერილობა.
ნაწლავთა მგრძნობელობის დაქვეითება. ჩვენს ორგანიზმში გამომუშავდება სპეციალური ნივთიერებები, რომლებიც ნაწლავების შეკუმშვას ასტიმულირებს. ორსულობისას ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული გარდაქმნების გამო ასეთი სტიმულატორებისადმი ნაწლავთა მუსკულატურის მგრძნობელობა მნიშვნელოვნად არის დაქვეითებული. სწორედ ამის შედეგია ნაწლავთა დაცლის შენელება, რასაც შებერილობამდე და შეკრულობამდე მივყავართ.

ჩემი და შენი
- ვინაიდან ნაწლავებსა და საშვილოსნოს საერთო ინერვაცია აქვთ, ნაწლავთა გაძლიერებულმა პერისტალტიკამ შესაძლოა საშვილოსნოს ტონუსის აწევა და ორსულობის ნაადრევი შეწყვეტა გამოიწვიოს, მაგრამ დედაბუნებამ ქალის ორგანიზმს ამისგან თავის დაცვის უნარიც მისცა: ორსულობის დროს საშვილოსნო დუნდება, რათა პაწია ნაადრევად არ გამოაძევოს დედის ორგანიზმიდან. მაგრამ, სამწუხაროდ, ამ რეაქციას აქვს არასასურველი შედეგებიც და ასეთია სწორედ შეკრულობა და შებერილობა.

სტრესი
- თანამედროვე მედიცინის თვალთახედვით, ნაწლავთა დაცლის შენელება არცთუ იშვიათად ფსიქოლოგიური ფაქტორებით არის განპირობებული, ორსულები კი, მოგეხსენებათ, ემოციურად არამდგრადები არიან, ადვილად განიცდიან სტრესს, აქვთ უსაფუძვლო შიშები.

მედიკამენტები
- ორსულობის დროს ანემიის პროფილაქტიკისთვის ხშირად ინიშნება რკინის შემცველი პრეპარატები, რომლებიც აფერხებს ნაწლავთა დაცლას და შედეგად შებერილობას იწვევს. იგივე ეფექტი აქვს სედაციურ, შარდმდენ და სპაზმოლიზურ საშუალებებს, მათ შორის - ნო-შპას. ამ პრეპარატებს უნიშნავენ ორსულობის პირველი ნახევრის ტოქსიკოზის, ნაადრევი მშობიარობის რისკისა და სხვა პათოლოგიური მდგომარეობების დროს. ნაწლავთა შებერილობა შეიძლება გამოიწვიოს ტკივილგამაყუჩებლებმაც, რომლებსაც უნიშნავენ ლოგინობის პერიოდში ოპერაციის შემდგომი ტკივილების ან მტკივნეული ჭინთვების დროს. შეკრულობასა და შებერილობას ზოგჯერ ისიც იწვევს, რომ ორსულობისას გაწელილი მუცლის კუნთები სათანადოდ ვერ აკავებს შინაგან ორგანოებს. ლოგინობის ხანაში შეკრულობისა და შებერილობის მიზეზად შეიძლება იქცეს ნაკერების გახსნის შიში დეფეკაციის დროს.

რა იწვევს აირების დაგროვებას
- აირები გროვდება მაშინ, როდესაც წვრილ ნაწლავებში ფერხდება ნახშირწყლების გადამუშავება. გადაუმუშავებელი შაქარი, ცომეული და მცენარეული საკვები ასევე აღწევს მსხვილ ნაწლავს, სადაც ნაწლავის ბინადარი ბაქტერიები აგრძელებენ მათ გადამუშავებას. სწორედ ამ დროს გამოიყოფა ჭარბი აირი. დიდი რაოდენობით მცენარეული საკვების მიღება ხელს უწყობს გადამუშავებული მასის სწრაფად გამოდევნას ნაწლავებიდან. რაც უფრო სწრაფად ვინელებთ საჭმელს, მით უკეთესია. რაც მეტხანს რჩება საჭმელი ნაწლავებში, მით მეტი დრო აქვთ ბაქტერიებს მასზე ზემოქმედებისთვის და მით მეტი აირიც წარმოიქმნება.

რას უჩივის ამ დროს ორსული
- ძირითადი სიმპტომია შეკრულობა, რომელიც შესაძლოა გაგრძელდეს რამდენიმე დღეს. შესაძლოა ნაწლავების არასრული დაცლა - ფეკალური მასების გამოყოფა მცირე ულუფებით. ზოგჯერ ყაბზობას თან ახლავს ფაღარათი. ყაბზობას ხშირად ახლავს თან მუცლის ტკივილი (უმეტესად - მარცხენა ნახევრისა). არცთუ იშვიათად ტკივილი შეტევითია. ის შესაძლოა აღმოცენდეს ერთბაშად, უმიზეზოდ, ანდა ნერვიულობისა თუ ფიზიკური დატვირთვის შემდეგ. ზოგჯერ გადაეცემა წელის, უკანა ტანის, ფეხის ან სასქესო ორგანოების მიდამოში. ზოგიერთი ქალი მუცლის ტკივილთან ერთად უჩივის წვასა და ქავილის შეგრძნებას უკანა ტანის მიდამოში. ხშირია აგრეთვე გულისრევა და პირღებინება, მწარე გემო პირში, მუცლის შებერილობა, ყურყური, აირებისგან დაცლის გაძნელება.

მკურნალობა
- ორსულობისას ყაბზობის სამკურნალოდ ფსიქოთერაპიას ამჯობინებენ. სამკურნალო პრეპარატები გადადის უკანა პლანზე. სამაგიეროდ, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა დიეტას. პირველ რიგში, კვება უნდა იყოს რეგულარული, რაციონი - მრავალფეროვანი, საკმარისი რაოდენობით შეიცავდეს სითხეს (1,5 ლ დღეში), უჯრედისსა და პექტინურ ნივთიერებებს, რომლებიც ნაწლავებს მუშაობას აიძულებს. უჯრედისი არ გადამუშავდება - იგი იჯირჯვება, ზრდის ფეკალური მასების მოცულობას და ხელს უწყობს ნაწლავების დაცლას, ამიტომ რაციონში აუცილებლად უნდა ჩართოთ კომბოსტო, სტაფილო, კიტრი, პომიდორი, ჭარხალი, ყაბაყი, გოგრა, ლობიო, ბარდა, ფორთოხალი, აგრეთვე - შავი პური და ნიგოზი. ხშირად ეფექტიანია რძემჟავა პროდუქტებიც - მაწონი, კეფირი, ბურახი, მჟავე ბორშჩი. სასარგებლოა მცენარეული ზეთი: დაშლისას ის წარმოქმნის ცხიმოვან მჟავებს და აძლიერებს პერისტალტიკას. შეიძლება, ჭამამდე 30 წუთით ადრე გადაყლაპოთ 1 კოვზი ზეთი - ეს აღაგზნებს ნაწლავთა პერისტალტიკას, თავიდან აგაცილებთ შეკრულობას და შებერილობას. ერიდეთ პარკოსნებს, ყურძენს, რძეს - ეს პროდუქტები აძლიერებს ნაწლავებში აირთა წარმოქმნას. მიირთვით ცოცხალი ან ოდნავ მოხარშული ხილ-ბოსტნეული, შავი ქლიავის, ლეღვის, ჭერმის ჩირი, წვენები, რძემჟავა პროდუქტები, წიწიბურა, ხორბალი, მოხარშული ხორცი. კარგია შავი ქლიავის ნაყენი: საღამოს 100 გრამს დაასხით 2 ჭიქა ადუღებული წყალი, დაუმატეთ ცოტაოდენი შაქარი, თავზე დაახურეთ და დილამდე დააყენეთ (უნდა გავიდეს 10-12 საათი). მეორე დღეს სვით ნახევარ-ნახევარი ჭიქა ჭამამდე, ხოლო ქლიავი მიირთვით. ძალზე ეფექტურია შავი ქლიავისა და ლეღვის ნაყენიც: 10-10 ცალი ქლიავი და ლეღვი გარეცხეთ, დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, თავზე დაახურეთ და დილამდე გააჩერეთ. მიიღეთ უზმოზე; 5-5 ცალი ნაყოფი საუზმეზე მიირთვით, დანარჩენი - საღამოს. ასევე სასარგებლოა დილით, უზმოზე, ერთი ჭიქა ცივი თაფლიანი წყალი. მენიუდან ამოიღეთ შოკოლადი, ყავა, მაგარი ჩაი, კაკაო, თეთრი პური, მაღალი ხარისხის ფქვილის ნაწარმი, ლორწოვანი წვნიანები, მანანის ფაფა, შავი მოცხარი, წითელი მოცვი, შოთხვი, შაშხი, კონსერვები. ხშირად მიირთვით ხილ-ბოსტნეულის სალათები. ინგრედიენტების კომბინაცია და თანაფარდობა სურვილისამებრ ცვალეთ. გთავაზობთ რამდენიმე ნარევის რეცეპტს:
მოხარშული ჭარხალი, მწვანე ბარდა, ნიგოზი, მწვანილი;
უმი კომბოსტო, კიტრი, პომიდორი, მოხარშული ლობიო, ვაშლი, მწვანილი;
უმი სტაფილო, წითელი მოცვი, ლეღვი, ჭერმის ჩირი, მწვანილი;
უმი ჭარხალი, სტაფილო, შავი ქლიავი, ქიშმიში, მწვანილი;
რძეში დამბალი შვრიის ბურბუშელა, ვაშლი, გახეხილი სტაფილო, ნიგოზი და ზეთი;
შავი ქლიავი, ნესვი, წითელი მოცვის ჩირი და თაფლი;
ლეღვი, ვაშლი, ჭერმის ჩირი, ნიგოზი და ალოეს წვენი
აურიეთ ერთმანეთში და მიიღეთ ძილის წინ 2-3 სუფრის კოვზი.

წამლები
- მუცლის ძლიერი შებერილობისას შეგიძლიათ მიიღოთ გვირილის, პიტნის, კამის, კვლიავის ნაყენი. მედიკამენტებიდან ნებადართულია ესპუმიზანი, ენტეროსორბენტები (კარბოლენი - აქტივირებული ნახშირი). შეიძლება ფერმენტული პრეპარატების მიღებაც, რომლებიც აუმჯობესებს საჭმლის მონელებას (ფესტალი, პანზინორმი, მეზიმფორტე), მაგრამ ეს აუცილებლად ექიმთან შეთანხმებით უნდა მოხდეს. საფაღარათო საშუალებების გამოყენებას არ გირჩევთ - არსებობს ორსულობის შეწყვეტის საფრთხე. ეს ეხება არა მარტო ისეთ ძლიერმოქმედ პრეპარატებს, როგორიცაა, მაგალითად, მაგნიუმის სულფატი (ინგლისური მარილი), კარლოვი ვარის მარილი, აბუსალათინის ზეთი, არამედ სუსტებსაც - ხეჭრელას ფესვს, რევანდს, ხეშავის ნაყოფს, სინემაქის ფოთოლს. ამ პრეპარატებმა შესაძლოა გამოიწვიოს რეფლექსური ჭინთვა. გარდა ამისა, სეკრეტორული დიარეა სითხისა და ელექტროლიტების დაკარგვას, პირველ რიგში კი კალიუმის დეფიციტს - ჰიპოკალიემიას იწვევს. თუ საფაღარათო საშუალების გარეშე ფონს ვერ გახვალთ, შეარჩიეთ დიდი სიფრთხილით. აკრძალულია:
ანტოქინონები და დიფენილმეთანის დერივატები (ფენოლფტალეინი, ბისაკოდილი, ალოე, ნატრიუმის პიკოსულფატი) - ადუნებს გლუვ კუნთებს და თრგუნავს პერისტალტიკას. ამ ჯგუფის წარმომადგენლებისთვის დამახასიათებელია მუტაგენური მოქმედება და გენური ტოქსიკურობა.
დამარბილებელი საშუალები (ვაზელინისა და სხვა მინერალური ზეთები) - დეპონირდება ნაწლავის კედელში, ღვიძლში, ელენთაში, და ცხიმში ხსნადი ვიტამინების შეწოვას იწვევს.
ნებადართულია:
ლაქტულოზის შემცველი პრეპარატები (დიუფალაკი) - მოქმედებს ნაწლავის მიკროფლორის მეტაბოლიზმზე, ზრდის ნაწლავის შიგთავსის ოსმოსურ წნევას, საქაროლიზური ბაქტერიების ბიომასას, შედეგად ძლიერდება პერისტალტიკა და მწყობრში დგება დეფეკაცია.
ისეთი პრეპარატების გამოყენება, რომლებიც ზრდის ნაწლავის შიგთავსის მოცულობას (საკვები ბოჭკო, ჰიდროფილური კოლოიდები), ორსულებისთვის ნებადართულია, ოღონდ დიდი სიფრთხილით და წყლის ბალანსის დაცვით. საქმე ის არის, რომ ამ პრეპარატებით მკურნალობისას საჭიროა სითხის უხვად მიღება, რაც არღვევს წყლის ბალანსს და იწვევს შეშუპებას, დღე-ღამეში 1,5 ლიტრზე ნაკლები სითხის მიღებისას კი ეს პრეპარატები ასრულებს სორბენტების როლს და ასევე შეშუპებას იწვევს. ამ ჯგუფის კიდევ ერთი ნაკლი ის არის, რომ ეფექტი გვიან, 10-20 დღის შემდეგ ხდება თვალსაჩინო.

სამკურნალო ფიზკულტურა და წყლის პროცედურები
- ნაწლავთა პერისტალტიკის გაუმჯობესების ხელშეწყობა შეუძლია სამკურნალო ფიზკულტურას, ცურვას, მასაჟს და საერთოდ მოძრაობას (თუ ჯერ არ მოახლოებულა მშობიარობის ვადა ან არ არსებობს ნაადრევი მშობიარობის საფრთხე). ნაწლავთა თვითმასაჟი: დადექით ან დაწექით და მსუბუქი მოძრაობებით გადაიტარეთ ხელისგული მუცელზე. დაიწყეთ მარჯვენა საზარდულიდან, ადით ღვიძლამდე, გადაიტარეთ ჭიპის ზემოთ და მარცხენა საზარდულამდე ჩადით. დროდადრო მოძრაობა ააჩქარეთ, გახადეთ ვიბრაციისმაგვარი და ტალღისებური. მასაჟი გააგრძელეთ 10-15 წუთს. უმჯობესია, იმ დროს გაიკეთოთ, როდესაც დეფეკაციის სურვილი მოგივლით, რათა გამოიმუშაოთ დეფეკაციის პირობითი რეფლექსი. ამაში დაგეხმარებათ უკანა ტანში გლიცერინის სანთლების შეყვანაც. ამ პროცედურიდან 20 წუთის შემდეგ აუცილებლად მიაკითხეთ ტუალეტს, თუნდაც დეფეკაციის სურვილი არ გქონდეთ. დარჩით იქ 10-15 წუთი, ფრთხილად გაიჭინთეთ და შეეცადეთ ნაწლავების დაცლას. როდესაც რეფლექსი აღდგება, სანთლები აღარ დაგჭირდებათ. თუ არც ამან გიშველათ, შეიძლება გამწმენდი ოყნის გაკეთება 1,5 ლიტრი თბილი წყლისა და 1-2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთის ნაზავით. მაგრამ გახსოვდეთ: ხშირი ოყნა მავნეა.

ბუასილი
- ბუასილის სიმპტომებს შესაძლოა პროვოცირება გაუწიოს ორსულობამ და მშობიარობამ, შეკრულობამ, ფაღარათმა, ალკოჰოლისა და ცხარე საკვების ჭარბმა გამოყენებამ და სხვა. გამოკვლევები ცხადყოფს, რომ ორსულობის უკანასკნელ ტრიმესტრში ქალთა 8%-ს ჰემოროიდული დაავადება აწუხებს. დაავადების გამწვავებამდე საჭიროა მისი პროფილაქტიკა:
ეცადეთ, არ ისხდეთ დიდხანს.
დიეტის საშუალებით მოიწესრიგეთ ნაწლავების მოქმედება.
მოიწესრიგეთ ნაწლავთა დაცლის რეჟიმიც: დეფეკაცია უნდა ხდებოდეს ყოველდღე ერთსა და იმავე დროს. მეტისმეტად ნუ გაიჭინთებით. დეფეკაციის შემდეგ უკანა ტანი აუცილებლად ჩაიბანეთ გრილი წყლით.
ჰემოროიდული დაავადების მკურნალობა გულისხმობს დიეტას, ადგილობრივ თერაპიას მალამოებით (მაგალითად, ანუსოლით), პერორალურად მისაღებ, ანუ დასალევ წამლებს და ქირურგიულ ჩარევას. ორსულობის დროს უკანასკნელ მეთოდს იშვიათად მიმართავენ. ბუასილის სამკურნალოდ გამოგადგებათ მცენარეული - ბაიის, ცხენისწაბლას ან გულყვითელას ექსტრაქტის შემცველი მალამოებიც. შეგიძლიათ სცადოთ შინაური საშუალებებიც:
კარტოფილისგან გამოთალეთ სანთელი და გაიკეთეთ უკანა ტანში. უკეთესი იქნება, თუ თაფლში ამოავლებთ.
აიღეთ 2 ჩაის კოვზი მატიტელა (წალიკა), დაასხით ნახევარი ლიტრი წყალი და ადუღეთ 15 წუთი ნელ ცეცხლზე. მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. აქვს შარდმდენი, სუსტი საფაღარათო, ტკივილსაწინააღმდეგო და სისხლდენის შემაჩერებელი ეფექტი.
ბუასილის I და II სტადიაში ინიშნება მედიკამენტები. ბუასილს საფუძვლად სისხლძარღვოვანი პათოლოგია უდევს, ამიტომ მკურნალობენ სისხლძარღვების განმამტკიცებელი, მათი განვლადობის შემამცირებელი პრეპარატებით - დეტრალექსით, ტროქსერუტინით, გინკორ-ფორტით, დიოსმინით და სხვა. ადგილობრივი მკურნალობა ხელს უწყობს გაგანიერებული ვენების შევიწროებას და გამაგრებას. ფიზიკური დატვირთვის შეზღუდვა, რაციონიდან ალკოჰოლის, მწარე და ცხარე საკვების ამოღება ჩააცხრობს ბუასილს და თავიდან აგვაცილებს მის გამწვავებას.