„დიდი გეტსბი“ ცნობილი ამერიკელი მწერლის, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის რომანია, რომელმაც მზის სინათლე 1925 წლის 10 აპრილს იხილა. ზემოხსენებული რომანი ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთი მიმართულების, ე.წ. „ჯაზის საუკუნის“ ტიპური წარმომადგენელია. ფიცჯერალდმა ის ევროპაში მოგზაურობისას დაასრულა, მაშინ, როდესაც პარიზში იმყოფებოდა და იქვე გამოსცა. ჯერალდმა ის ევროპაში მოგზაურობისას დაასრულა, მაშინ, როდესაც პარიზში იმყოფებოდა და იქვე გამოსცა.
რომანის მთავარი გმირები ნიუ-იორკის მახლობლად, ლონგ-აილენდის „ოქროს სანაპიროზე“ ტრიალებენ. 1920-იან წლებში, პირველი მსოფლიო ომის ქაოსის კვალდაკვალ, ამერიკული საზოგადოება აყვავების ხანაში შევიდა. იმ პერიოდში ქვეყნის ეკონომიკა საოცრად სწრაფი ტემპით ვითარდებოდა. იმდროინდელმა „მშრალმა კანონმა“ ბევრი ამ საქმით დაკავებული ადამიანი მილიონერი გახადა. რასაკვირველია, ამან ორგანიზებული დანაშაულის წილიც მნიშვნელოვნად გაზარდა. ფიცჯერალდს ახალი რომანით თავისი დამოკიდებულების გადმოცემა უნდოდა, ერთი მხრივ, ამერიკული სიმდიდრის და მდიდარი ადამიანებისადმი აღფრთოვანების, მეორე მხრივ კი, ამავე საზოგადოების მატერიალიზმისკენ სწრაფვისა და მორალის არქონის საჩვენებლად.
საინტერესოა, რომ ფიცჯერალდის „დიდი გეტსბი“ გამოცემიდან მალევე მოექცა რეჟისორების ყურადღების ცენტრში. ჯერ ბროდვეიზე დაიდგა, შემდეგ ფილმიც გადაიღეს, თუმცა რომანი მწერლის სიცოცხლეში განსაკუთრებულად პოპულარული და ცნობილი ვერ გახდა. წიგნის მხოლოდ 24 ათასი ეგზემპლარი გაიყიდა. დიდი დეპრესიისა და მეორე მსოფლიო ომის დროს ის მიივიწყეს და მხოლოდ 50-იანი წლების დასაწყისში გამოქექეს წიგნის თაროებიდან, რის შემდეგაც დიდი პოპულარობა მოიპოვა.
„დიდი გეტსბის“ შექმნისას ფიცჯერალდმა გაცნობიერებულად აარიდა თავი რომანის მსგავსებას საკუთარ ხელწერასა და სხვა ნაწარმოებებთან. 1922 წელს ერთ-ერთი პიესის დასრულების შემდეგ თავი მთლიანად ახალი რომანის წერას მიუძღვნა. განსხვავებით მისი სხვა ნამუშევრებისგან, ფიცჯერალდი ამ რომანზე დიდი გულისხმიერებითა და ენთუზიაზმით მუშაობდა, ტექსტს რედაქტირებას უკეთებდა, თითოეული ფრაზა გულდასმით გამოჰყავდა, რადგანაც თავად სწამდა, რომ ამ რომანს მისთვის დიდი აღიარების მოტანა შეეძლო. მწერლის გუმანი, მართალია, მისი გარდაცვალების შემდეგ, მაგრამ მაინც გამართლდა. მოგვიანებით, რომანის გამოსვლის შემდეგ ის ამბობდა, „ჩემში ძალიან დიდ ძალას ვგრძნობდი, ისეთ ძალას, რაც იქამდე არასდროს მქონია!..“
2013 წელს ამ დიდ ნაწარმოებთან შეჭიდება მიუზიკლების ცნობილმა მოყვარულმა, ჰოლივუდელმა რეჟისორმა ბაზ ლურმანმა გადაწყვიტა. ლურმანი ავსტრალიელია. მისი ნამდვილი სახელი მარკ ენტონია. ის გახლავთ როგორც რეჟისორი, ასევე სცენარისტი, პროდიუსერი და მსახიობი. მისი ფილმები ყოველთვის საკამათოა, ისევე, როგორც რეჟისორის გემოვნება. ბაზ ლურმანის ნამუშევრების მიმართ არავის აქვს ნეიტრალური დამოკიდებულება, მისი ფილმები ყოველთვის იმდენად თვალში საცემი სიჭრელით გამოირჩევა, რომ მაყურებელს აუცილებლად ან დადებითი ან უარყოფითი შეფასების სურვილი უჩნდება. კადრების სწრაფი მონაცვლეობა, დინამიკა, რომელიც ზოგჯერ ძალიან გღლის, მსახიობთა ზედმეტი თეატრალურობა, ზოგჯერ ზედმეტი მუსიკაც _ ეს ბაზ ლურმანის შემოქმედების მინუსებად შეიძლება ჩაითვალოს. მიიჩნევა, რომ რომეოსა და ჯულიეტას გათანამედროვებული ვარიანტი მისი ფილმებიდან საუკეთესოა, ვინაიდან ის ყველაზე ადრეული ნამუშევარია და თანაც, ჰოლივუდისთვის ეს ხელწერა მაშინ შედარებით ახალი იყო.
„დიდი გეტსბი“ არ არის ის მასალა, რომელსაც, ასე ვთქვათ, ადვილად „გადაივლი“ . ბაზმა შეკრა საკმაოდ ნორმალური სამსახიობო ანსამბლი, ჯეი გეტსბის, ექსცენტრიკული მილიონერის როლი ლეონარდო დი კაპრიოს შესთავაზა, მისი პარტნიორობა კი ვარსკვლავებს - ერი მალიგანს, ტობი მაგუაიერსა და სხვებს შესთავაზა. ფილმის საუნდთრექების ჩასაწერად, ბიონსეს, ანდრე 3000-ს, ემილი სანდეს მოუხმო. ფილმში 70-ზე მეტი მსახიობია დაკავებული, თუმცა აქ არ ვთვლით მასობრივ სცენებში მონაწილეებს, ასეთი სცენა კი ფილმში უამრავია.
მიუხედავად ბაზ ლურმანის მცდელობისა, ფილმმა საკმაოდ შერეული შეფასებები მიიღო კრიტიკოსებისგან და ათიდან მხოლოდ 5,9 ქულა დააგროვა, რაც ამ მასშტაბის ფილმისთვის, რომლის პრემიერა თავიდან 2012 წლის დეკემბერში იგეგმებოდა, მაგრამ პროდიუსერთა გადაწყვეტილებით, 2013 წლის მაისში შედგა, არცთუ დიდია. როგორც ამბობენ, ფილმის პრემიერა იმ მიზეზით გადაიდო, რომ მასში გარკვეული ცვლილებები შევიდა. ქართველმა მაყურებელმა „დიდი გეტსბი“ დიდი სიმპათიით მიიღო, განსაკუთრებით კი საუნდთრექებით მოიხიბლა. ბაზ ლურმანს აქვს უნარი, რომ მუსიკალური კუთხით თავის ფილმებს ძალიან სასიამოვნო ელფერი შესძინოს.
ფილმის ერთ-ერთ გმირთან, ნიკ კარაუეისთან ერთად, რომელსაც ტობი მაგუაიერი განასახიერებს, თქვენ შედიხართ ჯეი გეტსბის იდუმალ სამყაროში და უნებურად მთავარი პერსონაჟის შეპყრობილობისა და ტრაგედიის მომსწრე ხდებით. თუკი დიდი შთაბეჭდილების მიღება გსურთ, მაშინ გირჩევთ, „დიდი გეტსბი“ წაიკითხოთ, მასშტაბური ფილმის ნახვის მსურველებისთვის კი ჯეი გეტსბის მდიდრული ცხოვრების კარიც ღიაა...