საქართველოს მიწისქვეშა სამყარო სავსეა მღვიმეებით და მაღაროებით, მაგრამ მეცნიერება, რომელიც მიწისქვეშა მღვიმეებს სწავლობს, ჩვენს ქვეყანაში ნაკლებად არის განვითარებული. იშვიათად შეხვდებით ადამიანს, მიწისქვეშეთით რომ იყოს დაინტერესებული. სპელეოლოგიას არც სახელმწიფოს მხრიდან აქვს ხელშეწყობა, ექსპედიციებს, რომელსაც უცხოელი მეცნიერები ქართველებთან ერთად ატარებენ, საქართველოში ევროკავშირი აფინანსებს. სამეგრელოს მკვიდრი, ჟურნალისტი რომან თოლორდავა პირვე­ლად მღვიმეში 14 წლის ასაკში ჩავიდა და როგორც თავად ამბობს, მას შემდეგ ახალი უფსკრულების აღმოჩენის გარეშე ცხოვრება აღარ შეუძლია.

 

 

- პროფესიით ჟურნალისტი ვარ, 6 წელი ვწერდი ჩხოროწყუს გაზეთში, მაგრამ საბოლოოდ მაინც სპელეოლოგიას გავყევი და უფსკრულების შესწავლით ვარ დაკავებული. ერთადერთი სპორტული ექსპედიცია მე მყავს დასავლეთ საქართველოში, რომელიც დამოუკიდებლად სწავლობს ახალ მღვიმეებს და უფსკრულებს. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში სპელეოლოგია ისე არ არის განვითარებული, როგორც სხვა ქვეყნებში. ცოტა გვყავს ამ სფეროს სპეციალისტი. იმის მიუხედავად, რომ მსოფლიო მასშტაბით საქართველო მდი­დარია მღვიმეებისა და უფსკრულების რაოდენობით - ჩვენი ქვეყნის 17% მიწისქვეშა მღვიმეები და უფსკრულებია, მხოლოდ ევროკავშირის მხარდაჭერით ახერხებენ ქართველი სპელეოლოგები ექსპედიციების მოწყობას.

- როდის ჩახვედით პირველად უფსკრულში?
- სპელეოლოგიის ინსტიტუტმა 1997 წელს ჩაატარა სამეგრელოში ექსპედიცია და პირველად მაშინ ჩავედი მღვიმეში, სპელეოლოგმა და გეოლოგმა იგორ ფიჩხაიამ ჩამიყვანა მიწის ქვეშ. ეს იყო შურუბუმუს მღვიმე. მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და დღემდე მომყვება ის ემოცია. ვერ წარმოიდგენთ, რა ლამაზი და საინტერესოა მიწისქვეშა საქართველო. თუ უფსკრულში ჩასვლისას ინტერესს შიში ჯობნის, მაშინ ვერასოდეს გაყვები ამ საქმეს.

- რამდენად უსაფრთხოა უფსკრულში ჩასვლა?
- თუ უსაფრთხოების ზომები ზუსტად იქნება დაცული, რისკის საფრთხე საერთოდ არ იარსებებს. არსებობს სპეციალური ატრიბუტები და ნორმები, სტანდარტული ზომები, რომლებიც ყველა ადამიანმა უნდა დაიცვას მღვიმეში ჩასვლისას. როგორც წესი, ამ ყველაფერს განსაზღვრავს და აკონტროლებს საექსპედიციო ჯგუფის ხელმძღვანელი და მისი დაცვა ექსპედიციის ყველა წევრისთვის სავალდებულოა. ჩემს დამოუკიდებელ ჯგუფს მჭიდრო კავშირი აქვს საქართველოს სპელეოლოგიის ინსტიტუტთან და ხშირად ერთად დავდივართ ექსპედიციებში. მე ახალი უფსკრულების აღმოჩენა მიყვარს, რადგან მიწისქვეშა მაღაროები და მღვიმეები იდუმალებით არის მოცული.

თან მიგვაქვს საკვები და წყალი. საჭიროების შემთხვევაში მღვიმეში შეიძლება წყლის მოძიება. მიწის ქვეშ ხარობს ყვავილებიც, გადის პატარა მდინარეები, მხოლოდ ამ მდინარეებში ცხოვრობს თევზი ტროპლოკარისი. ესაა ჩვეულებრივი თევზი, უბრალოდ, მთლიანად გამჭვირვალეა. როცა პირველად ტროპლოკარისი აღმოვაჩინეთ, ძალიან ბედნიერი ვიყავი. ადამიანსაც სხვა კუთხით გაიცნობ, როცა უფსკრულში მასთან ერთად ჩადიხარ, იქ შემთხვევით არ ხვდებიან ერთად.

- არასოდეს დაკარგულხართ ახალაღმოჩენილ მღვიმეში?
- არა, ჩვენი ჯგუფი არასოდეს დაკარგულა! ეს საშინელებაა. ერთხელ გზა ამებნა, დაბლა მარტო ვიყავი, რამდენიმე საათის შემდეგ ძლივს გამოვაღწიე. არ იყო სასიამოვნო და კარგი განცდა. ასევე მქონდა შემთხვევა, როცა შურუბუმუს ახლად აღმოჩენილი გასასვლელი ჩაიკეტა, ამ დროსაც მარტო ვიყავი, მაღლა მთელი ჯგუფი მელოდებოდა. ქანი დაახლოებით 8 მეტრზე ჩამოინგრა, ჩასასვლელი მთლიანად დაფარა. 6 საათის წვალების შემდეგ ამოვედი, ცოტა ხანში წვიმის წყალმა მთლიანად გაანადგურა ჩასასვლელი. საშინელ შეტაკებაში გადარჩენილი მეომარივით დამხვდნენ მეგობრები, ისე მეხვეოდნენ, ლამის გამგუდეს, დღესაც შიშით და პანიკით იხსენებს ამ ამბავს ბატონი იგორ ფიჩხაია.

- საქართველოს რომელ მხარეშია ყველაზე მეტი უფსკრული?
- ამ მხრივ ყველაზე საინტერესო სამეგრელოა. აქ არის უამრავი მღვიმე და უფსკრული. 2004 წლიდან დღემდე საქართველოში სულ 32 ახალი მღვიმე აღმოაჩინეს.

თამარ ბოჭორიშვილი