მომღერალი სალომე ქათამაძე იურმალას კონკურსისათვის აქტიურად ემზადება. ყოველდღე რეპეტიციებს გადის. რამდენიმე სიმღერა უკვე შეარჩია. ძალიან მოწადინებულია, რომ მაყურებელი არამარტო ვოკალით, ვიზუალითაც მოხიბლოს. ამის გამო მკაცრ დიეტას მიმართა, ვარცხნილობასაც შეიცვლის და ჩაცმის სტილსაც, მაგრამ მისი მთავარი იარაღი მაინც ის ენერგეტიკა იქნება, რომელსაც სცენიდან უხვად გასცემს. ახლა მის ცხოვრებაში საინტერესო, მაგრამ საკმაოდ რთული პერიოდია. ამიტომ მას განსაკუთრებული მხარდაჭერა, თანადგომა სჭირდება, რასაც არამარტო ოჯახის წევრებისგან, უცნობებისგანაც გრძნობს.
– სალომე, წონაში დაგიკლიათ, ალბათ იურმალასთვის. აგრძელებთ დიეტას?
– მინდა, იურმალას კონკურსზე სხვა ტიპის სალომე წარდგეს. ვცდილობ, გავხდე, თმას ვიზრდი. მკაცრ დიეტაზე ვიყავი, ექვსი დღე გავძელი, მაგრამ რამდენიმე დღე დავარღვიე, ცომეულს ვჭამდი. ახლა 4 კილოთი ნაკლებს ვიწონი და სხვა დიეტას ვიწყებ, რომელიც ისეთი მძიმე და რთულად გადასატანი არ იქნება, როგორიც ის იყო. იურმალამდე, მაქსიმუმი, 15–20 კილოს დაკლება მინდა, ყოველ შემთხვევაში, ამას შევეცდები. ეს ძალიან რთულია, მაგრამ რაც გამოვა, გამოვა.
– უკვე შეარჩიეთ სასცენო კოსტიუმები იურმალასთვის?
– ტანსაცმელს მე და დათუნა სულიკაშვილი ერთად ვარჩევთ. ალბათ ტანზე მომდგარ, ლამაზ კაბას ჩავიცვამ და ლამაზ სამკაულებს გავიკეთებ. ფიგურა ხელს არ მიწყობს, რომ ყოველთვის ასე მეცვას. ახლა ამაშიც უნდა გამოვცადო საკუთარი თავი... ადრე ძალიან გამხდარი ვიყავი, 59–60 კილოს ვიწონიდი. ახლა 76 კილო ვარ. კლასიკურ სიმღერებს შევასრულებ, ამიტომ ჩაჩაჩული შარვლით და ჯინსით არ გამოვალ.
– ერთხელ "სარკისთვის" მიცემულ ინტერვიუში დედათქვენმა თქვა, რომ აქამდე ზედმეტი წონა დიდად არ გაღელვებდათ.
– როცა მომღერალი ხარ, რა თქმა უნდა, სცენური და ლამაზი უნდა იყო. აუდიტორიის წინაშე რომ წარდგები, მაყურებელს შენი დანახვა უნდა ესიამოვნოს. თუ ისეთი ფიგურა არ გაქვს, რომ სცენაზე გამოყვანილი, კლასიკური ან მოკლე კაბებით გახვიდე, შეგიძლია ლამაზად, სადად ჩაიცვა, ნაკლოვანებები დაფარო. აუცილებელი არ არის, "ნაშასავით" გამოიყურებოდე.
– როგორი განწყობით მიდიხართ, ნერვიულობთ?
– შემართებით ვარ, ძალიან მაგრად ვიმღერებ და იქაურობას დავანგრევ. ვაიმე, რა მეშველება, ვერ ვიმღერებ–მეთქი, ასე ნამდვილად არ ვფიქრობ.
– იურმალა რუსული კონკურსია, რომელზეც პოლიტიკა გარკვეულ გავლენას ახდენს. როგორ ფიქრობთ, ეს ფაქტორი თქვენთვის ხელისშემშლელი არ იქნება?
– რა თქმა უნდა, პოლიტიკური გავლენაც არის ხოლმე, მაგრამ მე ყველანაირად ვეცდები, შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთო და ჩემს ქვეყანას წარმატება მოვუტანო. ამას შევძლებ, თუ ჟიური ჩემს ნამღერს სწორად შეაფასებს. ამ შემთხვევაში მათ რა პოლიტიკური ამბები აქვთ დალაგებული თუ დაულაგებელი, არ ვიცი, ამაში ვერც ვერკვევი და არც მინდა, გავერკვიო. მომღერალი პოლიტიკური ფიგურა არ არის, თუმცა მას არჩევნის უფლება აქვს, იყოს თუ არა აპოლიტიკური ან პირიქით. მე კი პოლიტიკისგან ძალიან შორს ვდგავარ. ვარ ადამიანი, რომელსაც ყველაფერი პოზიტიური და დადებითი უყვარს. შეიძლება პოლიტიკოსი მხოლოდ იმიტომ მომეწონოს, რომ დადებითი ღიმილი აქვს.
– ევროვიზიის მაგალითი გვაქვს, სადაც ნოდიკო ტატიშვილმა და სოფო გელოვანმა შესანიშნავად იმღერეს, მაგრამ ქულები ვერ მიიღეს. ამ კონკურსს რომ პოლიტიკური ელფერი დაჰკრავს, ამით კიდევ ერთხელ გამოჩნდა.
– მეც გამიგია, რომ ევროვიზია პოლიტიკური კონკურსია. ალბათ ის შედეგი, რაც ვნახეთ, ამის დამადასტურებელია. ნოდი და სოფი არაჩვეულებრივები იყვნენ. პირადად მე გამარჯვებულით უკმაყოფილო ვარ.
– იურმალას კონკურსს წინა წლებშიც უყურებდით?
– კი, ყოველთვის ვუყურებდი. ეს კონკურსი კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ ფართო აუდიტორიას, სხვადასხვა ქვეყანას აჩვენო, რა შეგიძლია. ჩემი აზრით, მომღერლისთვის წინგადადგმული ნაბიჯია. თუ ვერ გაიმარჯვებს, კარგი მომღერალი თავის სიტყვას მაინც იტყვის.
– თქვენ რის თქმას აპირებთ?
– საერთოდ, როცა სცენაზე გამოდიხარ, შენს თავზე საუბრობ. რა თქმა უნდა, ადამიანებისთვის მღერი, მაგრამ ამავე დროს თითქოს შენს ბიოგრაფიას ყვები. თითოეული შენი ქცევა, ნოტი, შესრულების მანერა, სცენურობა შენზე მეტყველებს. თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შეიძლება არ მოეწონო, ყველას სხვადასხვა გემოვნება აქვს. მე როცა სიმღერას ვიწყებ, რაღაცეები თავისით მომდის. იმ დროს ვერ ვფიქრობ, ხელი მარჯვნივ უნდა გავწიო თუ მარცხნივ, ჩავიმუხლო თუ არა. წინასწარ ვერ ვფიქრობ იმაზე, სცენაზე რომ გავალ, რა უნდა გავაკეთო. რაღაც ენერგია თავისით მოდის, რომელიც რაღაცეებს მაკეთებინებს. ეს ძალიან ბევრს მოსწონს.
– როგორც ვიცით, იურმალას ჟიური საკმაოდ მკაცრი შემფასებელია. რითი აპირებთ მისი გულის მოგებას?
– გეთანხმებით, ისინი ძალიან მკაცრი შემფასებლები არიან. სიმღერებს ჩემებურად ვასრულებ და ეს შეიძლება ჩემი ერთ–ერთი იარაღი იყოს. ვგრძნობ, რომ სიმღერის დროს ენერგიის ტალღით მაყურებელს დიდ სიყვარულს გადავცემ. ჟიური ჩემი სიყვარულით, დადებითი მუხტითაც შეიძლება მოვხიბლო. ჩემი აზრით, ესეც ნიჭია. შეიძლება ვიღაცამ ეს ტრაბახში ჩამითვალოს, მაგრამ მეც და, ვინც მისმენს, ამას ვგრძნობთ.
– რომელი სიმღერებით წარდგებით კონკურსზე?
– სამ სიმღერას შევასრულებ. ერთი ქართულენოვანი, ფოლკლორულ სტილში იქნება, დანარჩენი ორი – ინგლისურენოვანი. ერთ–ერთი რუსა მორჩილაძის არის. ჯერ არ ვიცი, რომელს შევასრულებ.
– როდის მიემგზავრებით?
– კონკურსი 23 ივლისიდან იწყება და ივლისის დასაწყისში გავემგზავრები, რადგან მთელი ორი კვირის განმავლობაში რეპეტიციების გავლა მომიწევს.

– თქვენი ოჯახის წევრები, ქმარი ამ სამზადისში ჩართული არიან?
– კი, ყველა აქტიურობს. დედა, ბებია ყოველდღე მირეკავენ, რჩევებს მაძლევენ. მეუღლე კი სულ ჩემ გვერდით არის, ყველა რეპეტიციაზე დამყვება. ძალიან სიამოვნებს ჩემთან ერთად ყოფნა. მიხარია, რომ ოჯახის წევრები ასეთ რთულ და მძიმე პერიოდში ჩემზე ზრუნავენ, ერთი გუნდივით ვართ. მეუღლე მეუბნება, სცენაზე რომ გამოხვალ, შეიძლება ნერვიულობით მოვკვდე, გავგიჟდე და ვერც გიყუროო. დედაჩემიც ასეთი ემოციურია, შეიძლება გული წაუვიდეს. ერთი სიტყვით, ძალიან ემოციური ოჯახის წევრები მყავს.
– თავადაც არანაკლებად ემოციური ხართ. ეს ახლახან საბავშვო "ახალი ხმის" დაჯილდოებაზეც ნახა მაყურებელმა, სადაც თქვენ ტიროდით.
– კი, მართლა ასე იყო. იქ მონაწილე ყველა ბავშვი ძალიან მიყვარს, მაგრამ რეზიკო დიდებაშვილი – განსაკუთრებულად, რადგან ის უფროსების "ახალ ხმაში" ჩემ გვერდით იდგა და თავისი პატარა გულით მეხმარებოდა. გამარჯვებულად რეზიკო რომ გამოაცხადეს, არ ვიცი, რა დამემართა, ჰაერში ავხტი, სალტოები გავაკეთე. თითქმის იგივე ვიგრძენი, რაც ჩემი გამარჯვებისას. ბოლო ხმაზე ვკიოდი, ეს კივილი სიცილში გადამეზარდა, სიცილი კი – ტირილში. ბედნიერებისგან ჭკუაზე არ ვიყავი, მაწყნარებდნენ. სხვათა შორის, ამ კონკურსზე ბევრი ფავორიტი მყავდა, მაგრამ გამორჩეულად რეზიკოს ვგულშემატკივრობდი, მის მიმართ სიყვარულის უფრო მეტი ნაპერწკალი მქონდა.
– როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება ამ პროექტში გამარჯვების შემდეგ?
– ყველა თბილად მექცევა, მლოცავენ, დიდ სიყვარულს გადმომცემენ, ქუჩაში მცნობენ. ამ პროექტმა ბევრი კარგი და დადებითი რამ მომიტანა. ძალიან ბედნიერი ვარ და მიხარია, რომ ასეთ ემოციებს ვიღებ.
– უკვე ხომ არ გადახვედით ბინაში, რომელიც ამ პროექტში გამარჯვებისთვის პრიზად მიიღეთ?
– არა, რადგან ბოლომდე დასრულებული არ არის. ალბათ მალე გადავალთ. მე და ჩემს მეუღლეს გვირჩევნია, ცალკე ვიცხოვროთ, მარტო ცხოვრება უფრო სასიამოვნო იქნება.
– ოჯახში ახალი წევრის შემატებაზე არ ფიქრობთ?
– არა, ჯერჯერობით გვეშინია, რადგან შვილზე რომ ვიფიქროთ, ყველაფერი დალაგებული უნდა გვქონდეს, სტაბილური შემოსავალი გაგვაჩნდეს. ამ ყველაფერს ახლა ნელ–ნელა ვაგვარებთ, ვლაგდებით. ამის შემდეგ ბავშვზეც ვიფიქრებთ.
ეკა ლემონჯავა