ქალის დაუგეგმავი ორსულობა ხშირად ხდება არარეგისტრირებული ურთიერთობების მთავარი პრობლემა. მამაკაცები ქორწინების გარეთ შეძენილი შვილის მამობას გაურბიან, ფეხმძიმე ქალი კი მათთვის ზედმეტი ტვირთი ხდება. გათხოვების გარეშე დაორსულებულ ქალს ხშირად ახლობლებიც ზურგს აქცევენ, შედეგად კი ქალი, მის მომავალ შვილთან ერთად, უმძიმეს მდგომარეობაში ვარდება
ევროპული ქვეყნებისა და ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობით, მამობის დადგენის საკითხის განხილვა-გადაწყვეტისას, პირველ რიგში, გენეტიკური (დნმ-ის) კვლევის შედეგებს ითვალისწინებენ. თუ მამაკაცი დნმ-ის ანალიზის გაკეთებაზე უარს აცხადებს, ეს მისი მხრიდან ავტომატურად მამობის აღიარებას ნიშნავს. ბავშვი გვარსაც იღებს და ალიმენტსაც.
საქართველოში სამოქალაქო კოდექსი, მამობის დადგენის საკითხის განხილვისას, სასამართლოს ავალდებულებს განიხილოს დედისა და სავარაუდო მამის ერთად ცხოვრება, საერთო მეურნეობის წარმოება და სხვა გარემოებები.
ჩვენთან, ჩვენი ტრადიციებიდან გამომდინარე, არარეგისტრირებული ურთიერთობები ძირითადად დამალულია, საერთო მეურნეობა ასეთ წყვილებს არ აქვთ, ამიტომ იმ ქალებს, რომლებიც ბავშვს ქორწინების გარეშე აჩენენ, სასამართლოში მტკიცებულებების წარდგენის მინიმალური შანსი აქვთ.
დღეისათვის ქართულ კანონმდებლობაში მომზადებულია ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მამობის დადგენის საკითხის განხილვისას, სასამართლოს მიერ დნმ–ის ანალიზის შედეგების გათვალისწინებას დაარეგულირებს.
.მამობის დადგენა ძირითადად ხდება სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. თანხის გადახდის ვალდებულება ეკისრება მოსარჩელეს(პირს, რომელსაც სარჩელი შეაქვს სასამართლოში). იმ შემთხვევაში თუ მამობა დადგინდება, თანხას წაგებული მხარე გადაიხდის, რომელიც მოსარჩელეს დაუბრუნდება.
ხშირია შემთხვევები, როდესაც თავად მამაკაცს სურს გადაამოწმოს ან დაამტკიცოს, მისია თუ არა ბავშვი, რასაც ეწინააღმდეგება დედა. აღნიშნულ შემთხვევაში დედის თანხმობის აუცილებლობას საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს.
არის შემთხვევები, როდესაც ბებია–ბაბუას სურთ დაამტკიცონ ბავშვთან ნათესაური კავშირი მასთან ურთიერთობის მიზნით, რასაც ეწინააღმდეგება ბავშვის დედა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად პაპასა და ბებიას უფლება აქვთ, ურთიერთობა იქონიონ თავიანთ არასრულწლოვან შვილიშვილებთან მაშინაც, როცა ისინი უშუალოდ არ მონაწილეობენ შვილიშვილების აღზრდაში. უფლება აქვთ მიმართონ სასამართლოს და მოითხოვონ შვილიშვილთან ნათესაური კავშირის დადგენა.
უნდა აღინიშნოს, რომ თვით ბავშვსაც აქვს უფლება, სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, დედისგან დამოუკიდებლად მიმართოს სასამართლოს მამობის დადგენის მიზნით.
აღმოჩნდა, რომ ადამიანები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ე. წ. მინისატელიტური დნმ-ის მოლეკულის აღნაგობით. თითოეულ ადამიანს, თითების ანაბეჭდის მსგავსად, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი “ანაბეჭდი” გამოარჩევს.
.ყველა ორგანიზმი ჰგავს მშობელს, რადგან მშობლისაგან მიღებული აქვს გენეტიკური ინფორმაცია. იგი ჩაწერილია თვალით უხილავ, მაგრამ ერთ დიდ მოლეკულაში, რომელსაც ეწოდება დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა (დნმ) და გადაეცემა მშობლისეული უჯრედიდან შვილეულ უჯრედს.
ცნობილია, რომ ცოცხალი ორგანიზმი ვითარდება განაყოფიერებული კვერცხუჯრედიდან. ამგვარად, შვილეული ორგანიზმი გენეტიკურ ინფორმაციას იღებს ნახევარს დედისა და ნახევარს მამისაგან, რაც განაპირობებს მსგავსებას შვილებსა და მშობლებს შორის.
.დღეისათვის სადავო მამობის დიაგნოსტირება ხორციელდება გენური ინჟინერიით შექმნილი უახლესი მეთოდით-პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით (PCR). ამ მეთოდს უფრო ხშირად დნმ-ტესტს უწოდებენ. ადრინდელი მეთოდები არ იძლეოდა მამობის ზუსტად დადგენის საშუალებას. დღეისათვის დნმ-ტესტი სადავო მამობაზე ერთმნიშვნელოვან პასუხს იძლევა.
ეს ტრივიალური ამოცანაა-ხდება ბავშვისა და სავარაუდო მამის, ან უკეთეს შემთხვევაში ორივე მშობლის სისხლიდან დნმ-ის გამოყოფა, შედარება და დასკვნის გაკეთება. გარდა სისხლისა, შესაძლებელია თმის, ნერწყვის, ექსგუმაციური მასალის გამოყენება.
იმ შემთხვევაში, როდესაც რაიმე მიზეზის გამო ვერ ხერხდება ერთ-ერთი მშობლისგან მასალის აღება, შესაძლებელია ამ მშობლის ბიოლოგიური მშობლებისგან აღებული მასალის გამოყენება.
დღეისათვის, ჩვენს ლაბორატორიაში, სადავო მამობის დადგენს 1500 ლარი ღირს. ანონიმურობა დაცულია, პასუხი არის კონფიდენციალური.
დნმ–ის ექსპერტიზის დასკვნა არის მტკიცებულების ერთ–ერთი სახე. თუ სასამართლოში საქმის განხილვის დროს რომელიმე მხარე არ ეთანხმება ექსპერტიზის დასკვნის შედეგებს, მას კანონის თანახმად უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი ან განმეორებითი ექსპერტიზოს ჩატარება.
ასევე მხარეს უფლება აქვს დამოუკიდებლად მიმართოს სხვა ექსპერტს (ალტერნატიული ექსპერტიზა) და სასამართლოს წარუდგინოს შესაბამისი დასკვნა.