როგორც წესი, ყველა ქალბატონს ესმის ინტიმური ჰიგიენის მნიშვნელობა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც ბევრმა არ იცის, თუ როგორ ჩაიტაროს ინტიმური ჰიგიენის პროცედურები სწორად.

საოცარი ფაქტია, რომ XXI საუკუნეში საზოგადოება გაურბის ამ ერთ-ერთი ყველაზე დელიკატური თემის ღიად განხილვას. ქალის ჯანმრთელობის შესახებ პოპულარულ წიგნებშიც კი არ მოიძებნება მცირე ადგილი ინტიმური ჰიგიენის წესების ასახსნელად.

სწორედ ასეთი "სიჩუმის" გამო ამ საკითხის ირგვლივ ძალიან ბევრი მცდარი მოსაზრება არსებობს. მეან-გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი ნინო მაჭავარიანი შეეცადა მარტივად და დაწვრილებით აეხსნა, თუ რა ნორმებს მოიცავს ინტიმური ჰიგიენა.

ნინო მაჭავარიანი: მართალია, XXI საუკუნეში უხერხულიცაა კვლავ ამ თემის განხილვა, მაგრამ ხშირად სწორედ ინტიმური ჰიგიენის წესების არცოდნის თუ დაუცველობის გამო ვაწყდებით სასქესო ორგანოების ამა თუ იმ დაავადებას და ათასგვარ უსიამოვნებას. ეს არის თემა, რომელშიც გაერთიანებულია ინტიმური ჰიგიენის ყველა ის ოქროს წესი, რომელიც აუცილებელია იცოდეს ყველამ, განურჩევლად ასაკისა და სქესისა:

ინტიმური ჰიგიენის საშუალებები... საშოს ნორმალური ფუნქციისთვის აუცილებელია მუდმივად იქნეს შენარჩუნებული ის მჟავა-ტუტოვანი ბალანსი, რომელიც მასში ბუნებრივად არსებობს. ამისთვის კი საუკეთესო გზა ინტიმური ჰიგიენის ის საშუალებებია, რომელთაც გვაწვდიან არა კოსმეტიკური ფირმები, არამედ ფარმაცევტული კომპანიები სპეციალური გელებისა და თხევადი საპნის სახით.

რატომ ინტიმური საშუალება და არა ჩვეულებრივი საპონი? როგორც უკვე აღვნიშნე, ინტიმური ჰიგიენის სპეციალური საშუალებები, ჩვეულებრივი საპნისა თუ გელისგან განსხვავებით, არ არღვევს საშოს ტუტე-მჟავიანობის ბალანსს და არ აღიზიანებს კანის ლორწოვანს.

წყლის ჭავლის მიმართულება... სასქესო ორგანოების ჩაბანისას წყლის ჭავლისა და ხელების მოძრაობა მიმართული უნდა იყოს აუცილებლად წინიდან უკან ანალური ხვრელისკენ და არა პირიქით, რათა არ მოხდეს ნაწლავური ინფექციების (მაგ: ნაწლავის ჩხირი) საშოსკენ გადმოტანა (ასევე ხდება ტუალეტის ქაღალდის ხმარებისას).

რაოდენობა... სასქესო ორგანოები ორჯერ მაინც უნდა ჩაიბანოს. ყოვლად დაუშვებელია გამორეცხვა ანტისეპტიკური საშუალებებით. საშოს ნორმულ მიკროფლორაში დაახლოებით 40-მდე სხვადასხვა მიკროორგანიზმია, რომელიც პირობით პათოგენური მიკროფლორაა და საშოს ფიზიოლოგიურ ფუნქციონირებას განაპირობებს.

ამიტომ ანტისეპტიკური საშუალებებით, მაგალითად, ხალხში საკმაოდ გავრცელებული სოდიანი ხსნარით ხშირი გამორეცხვით ცხადია, დავარღვევთ საშოს ნორმალურ მიკროფლორას, რის შედეგადაც განვითარდება დისბაქტერიოზი. გარდა ამისა, შესაძლოა, ხელი შევუწყოთ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების გავრცელებას.

ინტიმური ჰიგიენის პროცედურები ორსულთათვის... ორსულობისას პირადი ჰიგიენის წესები თითქმის არ იცვლება. რაც შეეხება მშობიარობის შემდგომ პერიოდს, ამ დროს ინტიმური ჰიგიენა შედარებით უნდა გავააქტიუროთ, რამდენადაც მშობიარობის შემდეგ საშვილოსნოდან გამოიყოფა ე.წ. ლოქიები, სისხლი და საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ქსოვილები. ამიტომ ჰიგიენა ამ პერიოდში უმნიშვნელოვანესია და მისი დაცვა ტუალეტში ყოველი შესვლისასაა აუცილებელი.

რაც შეეხება ამ პერიოდში მოსახმარ ინტიმური ჰიგიენის საშუალებებს, ფარმაცევტული კომპანიები ასევე გვთავაზობენ მენსტრუაციისა და ორსულობის დროს გამოსაყენებელ თხევად საპნებს, გელებს, რომლებიც შეგიძლიათ სააფთიაქო ქსელებში შეიძინოთ, აუცილებლად გინეკოლოგის რეკომენდაციით.

ინტიმური ჰიგიენის პროცედურები მენსტრუაციის პერიოდში... საშვილოსნო ინფექციის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარე სწორედ მენსტრუაციისასაა. ამ დროს მის ყელს დამცავი საცობი არ ფარავს, ამიტომ კრიტიკულ დღეებში, ლოგინობის პერიოდის მსგავსად, გარეთა სასქესო ორგანოების ჩაბანა სასურველია ტუალეტში ყოველი შესვლისას, თბილი, გამდინარე წყლით. თუ არ გაქვთ შხაპის მიღების საშუალება, გამოიყენეთ სპეციალური სველი ხელსახოცები, რომლებიც არ შეიცავს სპირტს და გაჯერებულია ანტისეპტიკური ლოსიონით.

ჰიგიენური საფენი... ყოველდღიური საფენები სასურველია, ოთხ საათში ერთხელ მაინც გამოიცვალოთ, მენსტრუაციის პერიოდში კი - 2-3 საათში. რაც შეეხება ჰიგიენურ ტამპონებს, მათი გამოცვლა აუცილებელია 2 საათში ერთხელ. გახსოვდეთ, რაც უფრო მეტხანს დარჩება საფენი საშოს მიდამოში, მით უფრო მეტია ბაქტერიების გამრავლების საფრთხე.

მენსტრუაცია და ზღვა... ხშირად ისმის კითხვა: შესაძლებელია თუ არა მენსტრუაციის პერიოდში ზღვაში ჩასვლა? ამ მხრივ რაიმე მკაცრი აკრძალვა არ არსებობს. უბრალოდ, არ არის სასურველი, ისევ და ისევ პირადი ჰიგიენიდან და დისკომფორტიდან გამომდინარე.

- ქალბატონო ნინო, ხშირად ქალბატონები ჩივიან, რომ ზღვაზე, აუზზე დაავადდნენ სოკოვანი დაავადებით. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს და შესაძლებელია თუ არა ამ მხრივ თავდაცვა?

- მინდა ყველა ქალს ვუთხრა, რომ არ არსებობს საშოს ინფიცირება ზღვიდან. ზღვამ, აუზმა შესაძლოა, უბრალოდ, ხელი შეუწყოს და გაააქტიუროს საშოში არსებული ინფექცია იმ მარტივი მიზეზით, რომ შედარებით ცივ წყალში ვბანაობთ, მცირე მენჯის ღრუს ორგანოები ცივდება, რაც ინფექციას ააქტიურებს.

მსგავსი გააქტიურება, შესაძლოა, სტრესულმა სიტუაციამ, მათ შორის, აკლიმატიზაციამაც კი გამოიწვიოს. საუბარია მხოლოდ სოკოვან და საშოს სხვა ბანალურ ინფექციებზე და არა სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე (სგგი). სოკო არ არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია, იგი მიკროორგანიზმია, რომელიც ჩვენთან ერთად იბადება და ჩვენთან ერთად კვდება. აქედან გამომდინარე, მასთან ბრძოლა ბევრად უფრო ძნელია, ვიდრე სგგი-სთან.

რაც შეეხება თავდაცვას, ჩვენ ვერ დავნიშნავთ ტაბლეტს ან სანთელს იმ მიზნით, რომ ხვალ არ დაგვემართოს ინფექცია. ასეთი რამ არ ხდება. ასევე მცდარია აზრი, როცა ამბობენ - ზღვაში ჩასვლამდე მოათავსეთ საშოში ტამპონი და ის დაგიცავთ ინფექციებისგანო. დამიჯერეთ, ეს სრული აბსურდია.

- როგორ უნდა მოიქცეს ქალი ზღვიდან გააქტიურებული ინფექციით დაბრუნების შემთხვევაში?

- თუ ქალბატონს შეაწუხებს გამონადენი ან დისკომფორტი სასქესო ორგანოს მიდამოებში, აუცილებელია დროულად მიმართოს გინეკოლოგს.