ჯერ ერთი საქმე გვაქვს ბევრი და მეორეც, ღმერთმა ცოტა დრო მოგვცა, დღე-ღამეში 24 საათი დაადგინა, ამიტომ მონანიების კი არა, გამოძინების დროც არ გვრჩება.

(ღმერთო) გავა წლები, საუკუნეები და კაცობრიობა თავისი სიბრძნისა და მეცნიერების ბაგეთ ათქმევინებს, რომ დანაშაული არ არსებობს და მაშასადამე არც ცოდვა არსებობს, არიან მხოლოდ მშიერნი.

(ღმერთო) ადამიანთა თავისუფლებას მხოლოდ ის ეპატრონება, ვინც სინდისს დაუმშვიდებს. პურს თუ მისცემდი ადამიანიც გეთაყვანებოდა, რამეთუ პურზე უცილობელი არაფერია, მაგრამ იმავდროულად, თუ შენ გარდა მის სინდისს სხვა ვინმეც დაეპატრონება ოდესმე - ის პურზეც უარს იტყვის და იმას გაჰყვება, ვინც სინდისს დაუმშვიდებს. რამეთუ ადამიანთა ყოფიერების საიდუმლო მხოლოდ იმაში კი არ მდგომარეობს, რომ იცოცხლოს, არამედ იმაშიც, რისთვის იცოცხლოს.თუ მტკიცედ არ იცისრისთვის ცოცხლობს, ის სიცოცხლეზეც არ დათანხმდება და ურჩევნია თავიც კი მოიკლას, ვიდრე თუნდაც პურით სავსე დედამიწაზე დარჩეს.

შენ ყოველივე ამოუცნობი, სასწაულებრივი და განუსაზღვრელი აირჩიე. ის აირჩიე რისი წვდომაც ადამიანთა ძალას აღემატებოდა და ამდენად ისე მოიქეცი თითქოს საერთოდაც არ გიყვარდა ისინი, - და მერე ვინ? შენ, ვინც იმისთვის მოევლინე ამ ქვეყანას, რომ მათთვის საკუთარი სიცოცხლე გაგეწირა.

ერთი ბებერი ცოდვილი ცხოვრობდა მეთვრამეტე საუკუნეში, რომელმაც განაცხადა, ღმერთი, რომ არ არსებულიყო, მისი გამოგონება გახდებოდა საჭირო და მართლაც ადამიანმა ღმერთი მოიგონა და ის კი არ არის გასაკვირი ან გასაოცარი, რომ ღმერთი მართლაც არსებობს, არამედ ის, რომ ასეთი აზრი - ღმერთის აუცილებელი არსებობის აზრი - ისეთ ველურ და ბოროტ ცხოველს შეიძლებოდა გასჩენოდა, როგორიც ადამიანია - იმდენად წმინდა, იმდენას გულისამაჩუყებელი და იმდენად ბრძნულია ეს აზრი და იმხელა ღირსებას სძენს ადამიანს.