ექიმთან წასვლა საშუალოსტატისტიკური მოქალაქისთვის ჩვენს ქვეყანაში მართლაც გმირობის ტოლფასია. მაგრამ არსებობს პრობლემები, რომლებზეც თვალის დახუჭვა შესაძლოა საბედისწეროც აღმოჩნდეს. საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებებიც მათ რიცხვშია. ზურგის ტკივილისგან არავინაა დაზღვეული. ტკივილი უმეტესად ვერტებროგენული წარმოშობისაა. რა იწვევს მას და როგორ დავამარცხოთ, ამის შესახებ კლინიკა „ხერხემლის“ ხელმძღვანელი ნინო ფალიანი-კაციტაძე გვესაუბრება:

- შრომისუნარიანობის დაკარგვის მაჩვენებლით საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებებს მესამე ადგილი უკავია გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და რესპირატორული დაავადებების შემდეგ. ზურგის ტკივილის ყველაზე ხშირი მიზეზია ხერხემლის ოსტეოქონდროზი, რომელიც ძვლისა და ხრტილის დისტროფიული და დეგენერაციული ცვლილებების შედეგს წარმოადგენს. ვერტებროგენული ტკივილის სინდრომი მოსახლეობის 70-90%-ში, თანაც ყველაზე შრომისუნარიან ნაწილში - 30-დან 45 წლამდე - გვხვდება. თანამედროვე სამყაროში ზურგისა და წელის ტკივილს „ცივილიზაციის დაავადებას“ უწოდებენ. ამ პროცესში ჩართულია ხერხემლის სხვადასხვა სტრუქტურა: მალათაშუა დისკები, სახსრები, მყესები და კუნთები; ცვლილებათა შედეგად ღიზიანდება ამ სტრუქტურებზე პასუხისმგებელ ნერვთა რეცეპტორები და ხერხემლის ტკივილი იჩენს თავს.

მცირე ანატომიურ-ფიზიოლოგიური ექსკურსი
ხერხემლის ფუნქციური ერთეული, მისი მამოძრავებელი სეგმენტი, შედგება ორი მალის სხეულისგან, მალათაშუა დისკოსაგან (ხრტილი), მყესებისა და კუნთებისგან, რომლებიც აკავებენ და ამოძრავებენ მას. ხერხემლის მამოძრავებელი სეგმენტი პირველადად დაძაბული სტრუქტურაა. მის შიგნით არსებული დისკო განზიდავს მალებს, ხოლო მყესები და კუნთები, პირიქით, იზიდავს. მალათაშუა დისკო შედგება ცენტრალური პულპოზური ბირთვისგან, მის გარშემო არსებული ფიბროზული რგოლისა და ხრტილოვანი ფირფიტებისგან, რომლებიც მეზობელი მალების სხეულთა ზედაპირებს ესაზღვრება. დღეს მალათაშუა დისკოს დაზიანებას ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებით. საქმე ის არის, რომ ადამიანის ორგანიზმში ახალგაზრდობიდანვე იწყება დეგენერაციულ-დისტროფიული ცვლილებები. ხერხემლის მალებს შორის არსებულ დისკოში ირღვევა ნივთიერებათა ცვლა, რაც მათ გაუწყლოებას იწვევს. ამის გამო დისკო მყიფდება და ძალიან ადვილად, მცირე დატვირთვის შემთხვევაშიც კი შეიძლება დაზიანდეს. ეს პროცესი მეტ-ნაკლები ინტენსივობით ნებისმიერი ადამიანის ორგანიზმში მიმდინარეობს, თუმცა ზოგიერთ ფაქტორს მისი დაჩქარება ან შენელება შეუძლია. ოსტეოქონდროზის დროს მალათაშუა დისკოს ნახეთქები უჩნდება. დატვირთვის დროს ამ ნახეთქებიდან შესაძლოა სითხემ გამოჟონოს. ამის შედეგად დისკოზე წარმოიშობა გამოზნექილობა, რომელსაც პროტრუზია ეწოდება. თუ ამ დროს დისკოს ბირთვიც გამოვარდა, მაშინ საქმე გვაქვს თიაქართან, რამაც შესაძლოა ზურგის ტვინის ფესვებისა და თვით ზურგის ტვინის დაზიანებამდე მიგვიყვანოს.

- რა იწვევს ოსტეოქონდროზს?
ოსტეოქონდროზი მრავალფაქტორული დაავადებაა. მისი განვითარების ხელშემწყობი მნიშვნელოვანი მიზეზებია:

მემკვიდრეობითი განწყობა;
განვითარების თანდაყოლილი მანკები;
ჰიპოდინამია;
ხშირი გაციება;
გადაჭარბებული ფიზიკური დატვირთვა;
არ­ას­წორი ვარჯიში;
ო­რსულობა, მშობიარობა;
ნივთიერებათა ცვლის და­რღვევა;
სკოლიოზი;
ცხოვრების არაჯანსაღი წესი და სხვა.

როგორც წე­სი, მწვავე ტკივილს პაციენტები უკავში­რებენ უხერხულ მოძრაობას, გაციებას ან სიმძიმის აწევას.

- როგორ ვლინდება ოსტეოქონდროზი ?
- გარდა ზურგის ტკივილისა, შესაძლოა თავი იჩინოს წვის შეგრძნებამ, დისკომფორტმა, ადვილად დაღლამ, დილის შებოჭილობამ და სხვა. შესაძლოა გარკვეულ მოძრაობაზე „გაჭედვა“, მაგალითად, მაშინ, როდესაც ადამიანი დიდხანს იმყოფება არაფიზიოლოგიურ სტატიკურ პოზაში. ფესვების დაზიანების დროს ადგილობრივ ტკივილს ემატება ოსტეოქონდროზის თანმხლები სხვა ნევროლოგიური დარღვევები - კიდურების ტკივილი, დაბუჟება, სისუსტე, ფუნქციის მოშლა. ხშირად დისკოს საპროექციო არიდან გამოსული ფრაგმენტი აწვება ზურგის ტვინს და იწვევს ტკივილს წელის მიდამოში. ზურგის ტვინიდან ტოტებივით გამოდის ნერვები, რომლებიც შემდეგ ქვედა კიდურებისკენ მიემართება. თუ ფრაგმენტი მიაწვა ამ ნერვს, ფეხის ტკივილი აღმოცენდება. ტკივილის მიზეზია მექანიკური კონფლიქტი დისკოსა და ნერვულ დაბოლოებას შორის. ვითარდება ანთებითი პროცესი, რომელიც ირგვლივ არსებულ ქსოვილებზეც გადადის. ხდება კუნთების დაძაბვა, რაც იწვევს ტკივილს. ეს შეგრძნება შემაწუხებელია, მაგრამ საშიში არა. თუ დისკოს ფრაგმენტი უფრო მეტად მიაწვა ნერვს, ვითარდება დაბუჟება, მგრძნობელობის დაქვეითება ან გაუკუღმართება. ამ დროს დისკომფორტი ნაკლებია, მაგრამ სიმპტომი იმაზე მიუთითებს, რომ პროცესი უფრო შორსაა წასული და სამკურნ­ალოდაც უფრო რთულია. ზოგჯერ დისკოს დაზიანებას ერთვის ხერხემლის კუნთის სისუსტეც.

- რა სიხშირით ზიანდება ხერხე­მლის ესა თუ ის მიდამო?
- დაზიანების სიხშირით პირველ ადგილზეა წელის მალები, რადგან ყველაზე დი­დი დატვირთვა ამ მიდამოზე მოდის, თანაც იგი მოძრავია, ამასთან, დისკოები დიდია და ამიტომ მათი დაზიანების შანსიც მეტია. მეორე ადგილს კისრის მალების ოსტეოქონდროზი იკავებს. ყველაზე იშვიათად ვითარდება პროცესი გულმკერდის მალებში, ვინაიდან ისინი ფიქსირებულია ნეკნებითა და მკერდის ძვლით, ამიტომ ამ სეგმენტში ტკივილები ყოველთვის ნაკლებია.

- რა გართულება შეიძლება მოჰყვეს ოსტეოქონდროზს?
- ოსტეოქონდროზი შესაძლოა გართულდეს:

ტკივილის ინტენსივობისა და დაბუჟების მატებით;
სტეპაჟით, ანუ ტერფის „ჩამოვარდნით“;
მცირე მენჯის ორგანოების ფუნქციის დარღვევით (შარდვა, დეფეკაცია, სქესობრივი ფუნქცია);
შესაძლოა, ნერვს დისკოს იმდენად დიდი ფრაგმენტი აწვებოდეს, რომ დაბლოკოს იგი და ადამიანმა მოძრაობა ვეღარ შეძლოს.

- როგორ მკურნალობენ?
- ჩვენს კლინიკაში კონსულტაციის შემდეგ, პაციენტის კლინიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, იგეგმება ინდივიდუალური სამკურნალო სტრატეგია. ჩვენი სამკურნალო პროგრამა სამ მიმართულებად იყოფა: ხერხემლის დაავადებების ნაადრევი კომპლექსური დიაგნოსტიკა, ზურგის მწვავე ტკივილის სინდრომის კომპლექსური მკურნალობა და ხერხემლის დაავადებების კომპლექსური პროფილაქტიკა. ხერხემლის პათოლოგიების მკურნალობა გულისხმობს ზურგის ტკივილის ანუ დორსოპათიის მკურნალობას, რომლის მიზეზიც ძირითადად ოსტეოქონდროზის სხვადასხვა გამოვლინებაა (დისკოპათია, პროტრუზიები და მალათაშორისი თიაქრები, რადიკულიტი, რადიკულოიშიასი, ართროზი). ჩვენი კლინიკის ძირითადი კონცეფციაა, ავუხსნათ პაციენტს რეალური ვითარება და მკურნალობის ყველა იმ მეთოდის არსი, რომელსაც ვთავაზობთ კომპლექსური პროგრამით. ვინაიდან ამ მეთოდიკას გამაჯანსაღებელი დატვირთვაც აქვს, ხშირად პაციენტი თვითონვე გეგმავს მორიგი კურსის ჩატარების დრ­ოს და დაავადების გამწვავებას აღარ ელოდება. ტკივილის სინდრომის მოსახსნელად გამოიყენება როგორც ფიზიკური მეთოდები (ფიზიოთერაპია, ხერხემლის ტრაქცია, მასაჟი, მანუალური თერაპია, კინეზოთერაპია, რეფლექსოთერაპია და სხვ.), ისე მედიკამენტებიც (ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები, მიორელაქსანტები, ვიტამინების კომბინირებული პრეპარატები, რომლებიც შეიცავს თიამინს (ვიტამინი B1), პირიდოქსინს (ვიტამინი B6) და ციანკობალამინს, ინიშნება ლოკალური ბლოკადები და სხვა. ზემოთ ჩამოთვლილთა გარდა, ოსტეოქონდროზის მკურნალობისას წარმატებით ვიყენებთ ქონდროპროტექტორებსაც, ისეთებს, როგორიცაა, მაგალითად, ართრა, რომელიც დიდად გვეხმარება ეფექტის შენარჩუნებაში. ქონდროპროტექტორები ხრტილის აღმდგენი პრეპარატებია. სამწუხაროდ, ის­ინი ძალიან ნელა ამცირებენ უკვე არ­ს­ებული ტკივილის ინტენსივობას. სამაგიეროდ, რეგულარული მიღების შემთხვევაში ტკივილის აღმოცენება არ გემუქრებათ. ამ საშუალებებს უკუჩვენება თითქმის არ გააჩნიათ (უკუჩვენებაა ორსულობა და პრეპარატის ინდივიდულაური გადაუტანლობა), მაგრამ, როგორც უკვე მოგახსენეთ, ეფექტის მისაღებად დროა საჭირო.

- იკურნება თუ არა თიაქარი?
- გააჩნია, რას ვუწოდებთ განკურნებას. თიაქრის უკან „ჩასმა“, როგორც ამას ხშირად ამბობენ პაციენტები, არ ხდება. ასეთმა მანიპულაციამ შესაძლოა უარესი შედეგი გამოიღოს. თიაქარი კომპლექსურ მკურნალობას მოითხოვს, რომელიც მიმართულია ანთებითი პროცესის კუპირებისა და ტკივილის მოხსნისკენ, კუნთების დაბალანსებისკენ და სხვა. კომპლექსური მკურნალობა მოიცავს ტრაქციას, ფიზიოთერაპიას, მასაჟს, მანუალურ თერაპიას, რეფლექსოთერაპიას, კინეზოთერაპიას, ლოკალურ მიკროინექციებს. მკურნალობის ერთ-ერთი კომპონენტია აგრეთვე კორსეტირება - წელის ქამარს, გულმკერდის არის კორსეტს, შანცის საყელოს ექიმი ურჩევს პაციენტს და ასწავლის მისი მოხმარების წესებს. კომპლექსური მკურნალობა დადებით დინამიკას გვაძლევს, მონოთერაპიამ კი შესაძლოა უფრო გაამწვაოს პროცესი. თუ არსებობს ოპერაციის პირდაპირი ჩვენება, პაციენტმა ნეიროქირურგის კონსულტაცია უნდა გაიაროს. კომპლექსური კონსერვატიული მკუ­რნალობა პერიოდულად, წელიწადში 2-ჯერ უნდა ჩავიტაროთ, ისე, რომ არ ველოდოთ გამწვავებას. თუ გაგვიმწვავდა, არ უნდა ველოდოთ გართულებას და მაშინვე მივმართოთ ექიმს. პარალელურად საჭიროა სპეციალური ვარჯიში და ცხოვრების ჯანსაღი წესი. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ პაციენტის ტრენინგს: ვუხსნით მას, როგორი უნდა იყოს მისი მოძრაობის სტერეოტიპი და როგორ ცხოვრების წესს უნდა მისდიოს, რომ დაავადების გამწვავებას გადაურჩეს. ამრიგად, ზურგის ტკივილს კომპლექსური მკურნალობა სჭირდება, ვინაიდან მისი მიზეზიც მრავალი კომპონენტისგან შედგება. ერთი „უებარი“ საშუალება (მხოლოდ მასაჟი, მხოლოდ ვარჯიში, მხოლოდ რეფლექსოთერაპია, მხოლოდ ცურვა და სხვა) არ არსებობს. ზოგჯერ იმასაც ამბობენ, რომ მწვავე ტკივილის დროს მასაჟი არ შეიძლება. სინამდვილეში საქმე ასეა: ვინაიდან მწვავე ტკივილის დროს მტკივნეულ ზონას ვზოგავთ, ხერხემლის სხვა უბნები ზედმეტად იტვირთება. ამ უბნებს განტვირთვა და მოდუნება სჭირდება. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, მასაჟი და მანუალური თერაპია სპეციალისტმა ჩაატაროს ექიმის მეთვალყურეობით.

- როდის არის აუცილებელი ქირურგიული ჩარევა?
- ქირურგიული ჩარევა აუცილებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე გადაუდებელია, კონსერვატიული თუ მანუალური მკურნალობის რესურსი კი ამოწურული, ანდა კონკრეტულ შემთხვევაში სასწრაფო ქირურგიული ჩარევა ერთადერთი გამოსავალია.

- რა ეფექტი აქვს ცურვას?
- როცა ტკივილის სინდრომი მოხსნილია, ცურვა შეიძლება. იგი ხერხემლის სამკურნალო საშუალება არ არის. მხოლოდ იმით არის კარგი, რომ ხერხემლის დაუტვირთავად ვავარჯიშებთ კუნთებს, მათ შორის - გულის კუნთსაც.

- რას გვეტყვით ვარჯიშების შესახებ?
- ზურგის ტკივილის პროფილაქტიკის ყველაზე ეფექტური გზაა პერიოდული გეგმური კომპლექსური გამაჯანსაღებელი მკურნალობა, რეგულარული ფიზიკური ვარჯიში კუნთოვანი კორსეტის შესაქმნელად და ცხოვრების ჯანსაღი წესი. თუ ზურგის დისკომფორტი იგრძენით, ნუ დაელოდებით ტკივილს, ჩაიტარეთ ზემოთ აღწერილი მკურნალობა ფიზიკური და ბიოდინამიკური მეთოდებით, რომლებიც გაცილებით დამზოგავია, ვიდრე მედიკამენტური თერაპია. პაციენტს ვარჯიშებს ექიმი ურჩევს და მის შესრულების ტექნიკას ასწავლის. არასწორად შესრულებულმა ვარჯიშმა შესაძლოა ავნოს კიდეც ავადმყოფს. ოსტეოქონდროზისა და დისკოს დაზიანების დროს შესასრულებელ ვარჯიშებს არანაირი ტრენაჟორი თუ სპორტულ დარბაზში სიარული არ სჭირდება, მათი შესრულება შინაც შეიძლება. ეს არ არის ძნელი, მაგრამ მოითხოვს დიდ ნებისყოფას, თანაც ვარჯიში არ უნდა გადაიქცეს ტანჯვად. დიდი მნიშვნელობა აქვს ეტაპობრიობას, ზომიერებას, რეგულარობას.