მომღერალ გიო ხუციშვილს 50 წელი შეუსრულდა, ორი თვის წინ ბაბუა გახდა, ახალი სამსახური აქვს, ბენდი ჰყავს, ახალ რეპერტუარზე, განსხვავებული ჟანრის სიმღერებზე მუშაობს და კიდევ, დიეტით ზედმეტ 12 კილოს გამოეთხოვა. სიახლეებს არ უშინდება, მით უმეტეს, რომ გვერდს ძლიერი მეორე ნახევარი, პიანისტი მაია ჯორჯაძე უმშვენებს. სწორედ მისი დამსახურება იყო, რომ თავის დროზე გიო სცენაზე ავიდა და ამღერდა. მომღერალმა ახალი სიმღერების არანჟირებაც ცოლს მიანდო და პირველ კონცერტს გულმშვიდად ელოდება. დარწმუნებულია, რომ მისი მსმენელი ახალგაზრდულ, ტემპერამენტიან სიმღერებს კარგად მიიღებს და მასთან ერთად აცეკვდება.
– გიო, როგორც ვიცი, თქვენს ცხოვრებაში ბევრი სიახლეა, ახალი სამსახური გაქვთ, ბენდი აიყვანეთ და განსხვავებულ რეპერტუარზე მუშაობთ. გვიამბეთ ამ ყველაფერზე.
– პირველ რიგში, გეტყვით, რომ არანაირი სიახლის არ მეშინია. მე არაერთი პროფესია მაქვს, ამ ეტაპზე სპორტის სასახლის დირექტორი ვარ, უამრავი ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი, ერთ გაწამაწიაში გახლავართ. მიუხედავად იმისა, რომ დატვირთული სამუშაო მაქვს, მინდა, სიმღერას მივხედო და ამ სფეროს არ ჩამოვშორდე. ამიტომ ვეძებე, ვეძებე და... რამდენიმე თვეა, რაც ახალ რეპერტუარზე დავიწყე მუშაობა. ისეთ პროდუქტს ვქმნი, რომელიც იქნება კარგი მოსასმენი, მხიარული და საცეკვაო. ეს პროექტი ქართულია და, მართალია, ათასჯერ არის გადამღერებული, მაგრამ ჩვენ ამჯერად მსმენელს სულ სხვა ინტერპრეტაციით წარვუდგენთ. ეს იქნება ბოსანოვა, ლათინოამერიკულ სტილში გადამღერებული ძველი ქართული სიმღერები – გოგი ცაბაძის, ოთარ რამიშვილის და სხვა კომპოზიტორების. მყავს ჩემი ბენდი ოთხი გიტარით – "პერკუსია და ბონგები". ეს ბენდი დიდი ხანია, რაც არსებობს, ძალიან მაგარი მუსიკოსები არიან, ადრე მათ "ლათინო ბოისი" ერქვათ. ჩვენს ერთობლივ პროექტს კი ერქმევა "გიო და ბიჭები".

– მიკვირს, აქამდე რომ არაფერი თქვით ამ პროექტის შესახებ.
– ვასაიდუმლოებდით, რადგან საქართველოში მიმბაძველობის სინდრომი ძალიან დიდია. თუ რაღაც გამოააშკარავე, მეორე დღეს იმავეს სხვა აკეთებს.
– ხშირ შემთხვევაში მსმენელი არცთუ ისე დადებითად ხვდება გადაკეთებულ სიმღერებს. კრიტიკის არ გეშინიათ?

– არა, რადგან ჰარმონიას არ ვცვლით. ჩვენი კლასიკოსები, რომლებიც ადრე ქმნიდნენ სიმღერებს, მათში ყოველთვის დებდნენ ჯაზურ აკორდებს. ნუნუ დუღაშვილის სიმღერებს ვმღერი და, ჩემი აზრით, ეს კომპოზიტორი არის ჯაზმენი... ძველ სიმღერებს ტემპი მოვუმატეთ. ეს არის და ეს.
– ქალაქური სიმღერების შემსრულებლად გიცნობენ და თქვენგან ამ სიახლეს როგორ მიიღებენ?
– ცხოვრებაში თითქმის ყველანაირი ჟანრის სიმღერა მიმღერია. "ამოდი, ამოანათე", რომელიც მსმენელს ძალიან უყვარს, ქალაქური არ არის. სიმღერაში ტემპი ყოველთვის მიყვარდა. ამ სიმღერების ახლებურად გადამღერება რთული იყო, ეს ყველაფერი მუსიკოსს უნდა გაეკეთებინა, ამიტომ ჩემი მეუღლე, მაიკო დამეხმარა. 16 აგვისტოს ბათუმში პირველი კონცერტი გვექნება. ძალიან გვინდა, თბილისური პრეზენტაციაც მოვაწყოთ და ეს კონცერტი დიდ აუდიტორიას მოვასმენინოთ, მსმენელი ავაცეკვოთ, გავამხიარულოთ.
– ახალგაზრდობას ხომ არ დაუბრუნდა გიო ხუციშვილი?
– 50 წლის შევსრულდი და ახალი სუნთქვა გამეხსნა. თავს 20 წლის ბიჭივით ვგრძნობ. მინდა, დარჩენილი 50 წელი ახალგაზრდული შემართებით გავიარო. ეს პროდუქტი ყველა ასაკის მსმენელთან მივა. ჩემი ასაკის ადამიანსაც უნდა კლუბში წასვლა და გართობა. ამიტომ ეს მუსიკა ყველა ასაკზე გავთვალე. ამ ყველაფერს სერიოზული პიარი სჭირდება, რაშიც ჩემი მეგობრის შვილი სალომე გოგიაშვილი დამეხმარება. გვინდა, ეს მუსიკა პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც გავიტანოთ.
– წონაშიც დაკლებული ხართ, ამ პროექტის სამზადისმა შეიწირა ზედმეტი კილოგრამები თუ დიეტით მიიღეთ ეს შედეგი?
– მართლაც გავხდი, 12 კილო დავიკელი. ამით მინდა, იმ მსმენელს ვცე პატივი, რომელიც ჩემს მოსასმენად მოვა. ეს შედეგი კი დიეტით მივიღე, რომელიც მე მოვიგონე. აღარ ვჭამ ცომეულს და არც 6 საათის შემდეგ გეახლებით. საოცარი ნებისყოფა მაქვს, თუ რამეს ვიტყვი, ვასრულებ. ბოლო პერიოდში საგრძნობლად მქონდა მომატებული, რაც არ მსიამოვნებდა. ჩემს გარეგნულ იმიჯში სხვა არაფერი შეიცვლება. ჩემი ბენდის ბიჭები რომ ნახოთ, დაცვის ბიჭები გეგონებათ, დაკუნთულები არიან.
– რას ელით ამ პროექტისგან, კომერციულ წარმატებას, მეტ პოპულარობას...
– პოპულარობას – არა, გიო ხუციშვილი, მგონი, ისედაც ყველამ იცის. სიმღერა არის ჩემი ცხოვრება, რომელსაც დიდი სიხარული და სიყვარული მოაქვს. ამ პროექტით მინდა, ჩემს თბილისს და ჩემს ქვეყანას კიდევ ერთხელ მოვეფერო. რაც შეეხება კომერციას, ამაზე აქცენტს არ ვაკეთებ, მაგრამ ვიცი, რომ შემოსავლიანი იქნება. მე სულ ვმუშაობ, შოუბიზნესით არასდროს მიშოვია ფული, ჩემთვის ესტრადა შემოსავლის წყარო არასოდეს ყოფილა. ბიჭებზე ვფიქრობ, მინდა, ისინი ყველამ გაიცნოს.
– ბენდთან მუშაობა დიდი ფუფუნებაა, ამაზე ბევრ მომღერალს მხოლოდ ოცნება თუ შეუძლია...
– დიახ, ასეა, მაგრამ ჩვენ ენთუზიაზმით შევიკრიბეთ და ვმუშაობთ. ჩემი მეუღლე არანჟირებაში ფულს არ გვართმევს. ეს არის ოჯახური ამბავი, მაიკოს სიყვარულით გადავუხდი.
– ყოველთვის აღნიშნავთ, რომ მეუღლის როლი თქვენს შემოქმედებაში ძალიან დიდია.
– ნამდვილად ასეა. მაიკო კარგი პიანისტია, თავისი საქმის პროფესიონალი. მისი დამსახურებაა, მე და ჩვენი შვილი ზუკა რომ ვმღერით. სცენაზე ასვლას არ ვაპირებდი, მისი დაჟინებული თხოვნის შემდეგ ავმღერდი საჯაროდ.
– თქვენი კოლეგებისგან რა შეფასებებს ელოდებით?
– ესტრადის მომღერლები ჩემი კოლეგები კი არა, მეგობრები არიან. ყველა მათგანი ძალიან მიყვარს, სიმღერა ჩემი ცხოვრებაა და არა – პროფესია. კონცერტზე დავპატიჟებ ლიზა ბაგრატიონს, მამუკა ჩარკვიანს, მათ ექსპრომტად ავიყვან სცენაზე და ამ პროექტში ჩავრთავ. მერე კი მეგობრების რეაქციებს დაველოდები.

– ადრე რატომ არ აქტიურობდით შოუბიზნესში?
– იმიტომ, რომ სხვა ბევრი საქმე მქონდა. თუმცა შეიძლება ტელეეკრანზე არ ვჩანდი, მაგრამ რეპერტუარზე სულ ვმუშაობდი, ყოველთვის მოთხოვნადი მომღერალი ვიყავი.
– ქვეყანაში ახალი პოლიტიკური რეალობა რა მხრივ აისახა თქვენზე?
– ყოველთვის გიო ხუციშვილი ვიყავი და ვარ! ჩემს შემოქმედებასთან პოლიტიკას არანაირი შეხება არ ჰქონია. მომღერალმა უნდა შექმნას კარგი პროდუქტი, იმუშაოს საკუთარ თავზე და ყოველთვის მოთხოვნადი იქნება. მუსიკაც ყოველთვის იპოვის თავის ადგილს და ხელოვანიც.
– როგორ ფიქრობთ, თქვენ რა ადგილი გიკავიათ ქართულ მუსიკალურ ცხოვრებაში?
– წლებია, რაც ამ სფეროში ვარ და ჩემი ნიშა ყოველთვის მქონდა. ვამაყობ, რომ მეცხრე თაობის თბილისელი ვარ და ჩემი ქალაქია ჩემი ნიშა. იმის იქით არც მაინტერესებს არაფერი! მინდა, წესიერი ადამიანის სახელი მქონდეს და ვცდილობ, პატიოსნად ვიცხოვრო.
– 50 წლის ასაკში ოჯახურ ცხოვრებას როგორ აფასებთ?
– სამი შვილი მყავს, ყველა მეტნაკლებად დაბინავებულია, მათ თავიანთი ცხოვრება აქვთ. უკვე ბაბუა ვარ – ჩემს გოგოს, ელენეს, არაჩვეულებრივი კატო ჰყავს. ის უკვე 2 თვისაა, ახლა დასასვენებლადაა წასული და ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ. ოჯახური იდილიით ვტკბები. რა გითხრათ, ბედნიერი ვარ, რომ წესიერი ოჯახი მყავს.
ლანა კიკნაძე