საკვერცხის ცისტა (იგივე კისტა) არის საკვერცხეში სითხის დაგროვება, რომელიც გარემოცულია თხელი გარსით. საკვერცხის ნებისმიერი ფოლიკულა, რომელიც ზომით 2 სმ-ს აჭარბებს – საკვერცხის ცისტაა. გვხვდება მარცვლისოდენა ცისტები, ან უფრო მოზრდილიც, რომელიც შეგვიძლია ზომით ფორთოხალს შევადაროთ. ცისტების უმრავლესობა კეთილთვისებიანია. ცისტები ძირითადად რეპროდუქტიულ (ასაკი, როდესაც ქალს შეუძლია ბავშვის გაჩენა, ძირითადად 15-დან 44-მდე) ასაკში მყოფ ქალებს უვითარდებათ. თუ ცისტის დიამეტრი 5სმ-ს აღემატება, საჭიროა მისი ქირურგიული მეთოდით მკურნალობა. საკვერცხის ცისტების ორი ტიპი არსებობს:

ფუნქციური ცისტები – ყველაზე ხშირი ტიპი. ამ ტიპის ცისტები მენსტრუალური ციკლის ნაწილია და მალევე ქრება.
პათოლოგიური ცისტები – ამ ტიპის ცისტები შეიძლება იყოს კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი.
რა ნიშნები და სიმპტომები ახასიათებს საკვერცხის ცისტას?
საკვერცხის ცისტა ხშირად უსიმპტომოდ არსებობს და მისი აღმოჩენა შემთხვევით ხდება. იმ შემთხვევაში კი, როცა ის თავს ავლენს გარკვეული სიმპტომებით, დაზუსტებით თქმა, რომ ეს სიმპტომები კისტის გამო განვითარდა, შეუძლებელია. მსგავსი სიმპტომები ახასიათებს მცირე მენჯის ანთებით დაავადებებს, ენდომეტრიოზს, კიბოს, აპენდიციტს, დივერტიკულიტს და ა.შ.

საკვერცხის ცისტისთვის მეტად დამახასიათებელი სიმპტომები და ნიშნებია:
არარეგულარული ან/და მტკივნეული ან/და ჭარბი ან შემცირებული მენსტრუაცია;
მცირე მენჯის ღრუს ტკივილი, რომელიც შეიძლება იყოს მუდმივი ან პერიოდულად ყრუ ხასიათის და შეიძლება გადაეცემოდეს წელის და თეძოების მიდამოში;
ტკივილი მენსტრუაციის დაწყებამდე ან დასრულების შემდეგ;
დისპარეუნია – ტკივილი კოიტუსის (სქესობრივი აქტი) დროს ან მის შემდეგ;
ტკივილი დეფეკაციის (კუჭში გასვლა) დროს;
მუცლის შებერილობა, შეშუპება ან სიმძიმის შეგრძნება;
შარდის ბუშტის სრულ დაცლასთან დაკავშირებული პრობლემები;
ზეწოლა შარდის ბუშტზე ან სწორ ნაწლავზე – კუჭის გახშირებული მოქმედება;
ჰორმონული დარღვევები – ზოგჯერ სხეული იწყებს ჰორმონებს ჭარბად პროდუცირებას, რომლის გამოც ხდება მკერდის ცვლილებები და თმის მოჭარბებული ზრდა.

ცისტის გართულებების ნიშნები და სიმპტომები
შემოგრეხვა – თუ ცისტა იზრდება ფეხზე, ანუ წვრილი ღეროთია დაკავშირებული საკვერცხესთან, ის შეიძლება შემოიგრიხოს, შედეგად ირღვევა საკვერცხის სისხლით მომარაგება, რაც მუცლის ქვედა ნაწილში ძლიერ ტკივილს იწვევს.

გასკდომა – საკვერცხის ცისტის გასკდომისას პაციენტს აღენიშნება ძლიერი ტკივილი. ინფიცირების შემთხვევაში ტკივილი გაძლიერდება. გასკდომას შეიძლება ახლდეს სისხლდენაც.

კიბო – ძალიან იშვიათად საკვერცხის ცისტა კიბოს საწყისი ფორმაა.

საიდან და როგორ ჩნდება კისტა?
საკვერცხის ფუნქციური ცისტები ორი ტიპისაა:
ფოლიკულური ცისტები – საკვერცხის ცისტის უხშირესი ფორმაა. ქალის საკვერცხე თვეში ერთ კვერცხუჯრედს ათავისუფლებს, რომელიც მიემართება საშვილოსნოსკენ და განაყოფიერების შემთხვევაში ჩაინერგება საშვილოსნოს შიდა გარსში (ენდომეტრიუმი). კვერცხუჯრედი თავდაპირველად მოთავსებულია ფოლიკულში, რომელიც სითხითაა სავსე. კვერცხუჯრედის მომწიფებისას, წესით, ფოლიკული უნდა გასკდეს, მაგრამ ზოგჯერ ის ან არ სკდება და კვერცხუჯრედს არ ათავისუფლებს, ან კვერცხუჯრედის გამოსვლისას არ ღვრის შიგთავსს და ყალიბდება საკვერცხის ფოლიკულური კისტა. ასეთი კისტები თავისით გაიწოვება რამდენიმე კვირაში.
ლუთეინური ცისტები – გაცილებით იშვიათად გვხვდება. ზოგჯერ, ფოლიკულის გასკდომის შემდეგ დარჩენილ ლუთეინურ სხეულში (პოსტოვულაციური ე.წ. ყვითელი სხეული) ხდება სისხლის დაგროვება. ამ ტიპის ცისტები რამდენიმე თვეში თავისით ქრება, მაგრამ შეიძლება გასკდეს და უეცარი ტკივილი გამოიწვიოს.

პათოლოგიური ცისტები:
დერმოიდული ცისტები (ტერატომები) ჩვეულებრივ კეთილთვისებიანი ცისტებია, რომლებიც ღეროვანი უჯრედებიდან (პირველადი ოოციტი) ვითარდება, ამ ტიპის უჯრედებს ნებისმიერ ქსოვილად ჩამოყალიბების პოტენციალი აქვთ, ამიტომ დერმოიდული ტიპის საკვერცხის ცისტაში შესაძლოა შეგვხვდეს თმა, კანი, ძვალი და ზოგჯერ კბილიც კი.
დერმოიდული ცისტა თმით
დერმოიდული ცისტა თმით
ამ ტიპის ცისტების მკურნალობა ქირურგიულია.

ცისტადენომები – ვითარდება უჯრედებიდან, რომლებიც გარედან ფარავს საკვერცხეს. შეიძლება შეიცავდეს სქელ ლორწოვან ნივთიერებას ან წყლისებრ მასას. საკვერცხეზე გარედანაა მიმაგრებული ფეხით და შეიძლება უზომოდ გაიზარდოს, ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ავთვისებიანი ბუნებით არ ხასიათდება, მისი ოპერაციული მკურნალობა აუცილებელია.
ენდომეტრიოიდული ცისტები, იგივე საკვერცხის ენდომეტრიოზი/ენდომეტრიომა – ენდომეტრიოზი არის დაავადება, რომლის დროსაც საშვილოსნოს შიგნითა ქსოვილი (ენდომეტრიუმი) გვხვდება საშვილოსნოს გარეთ, მათ შორის შეიძლება შეგვხვდეს საკვერცხეზეც ენდომეტრიოიდული ცისტის სახით, რომელსაც, ისევე როგორც საშვილოსნოს, ყოველთვიურად ახასიათებს ჩამოფცქვნა და სისხლდენა, შესაბამისად ამ ცისტის არსებობას თან ახლავს მტკივნეული მენსტრუაცია და დისპარეუნია (მტკივნეული სქესობრივი კონტაქტი).
საკვერცხის პოლიკისტოზის სინდრომი ჰორმონული დისბალანსის შედეგია, რომლის ფონზეც საკვერცხეში ყალიბდება მრავალი ფოლიკულა, რომლებიც არ სკდება და რჩება ცისტების სახით.

საკვერცხის ცისტის დიაგნოსტიკა
ულტრაბგერითი კვლევა (ექოსკოპია) – ულტრასონოგრაფის (აპარატი, რომლითაც კეთდება ექოსკოპია) გადამცემის დადებით ვგებულობთ ცისტის ფორმას, ზომას, მდებარეობას, შემადგენლობას (სითხის შემცველი, მკვრივი ან შერეული).
სისხლის ტესტები – ონკოლოგიური მარკერები, როგორიცაა CA-125 შეიძლება იყოს შეცვლილი, მარკერების დონის ძლიერ მატება საკვერცხის კიბოზე მიუთითებს. ჰორმონების განსაზღვრით ხდება იმის დადგენა, არის თუ არა კისტის მიზეზი ჰორმონული დისბალანსი.
ორსულობის ტესტმა შეიძლება მოგვცეს მცდარი დადებითი შედეგი, განსაკუთრებით ლუთეინური წარმოშობის ცისტის შემთხვევაში.



ლაპარასკოპია წარმოადგენს დიაგნოსტიკისა და ამავდროულად მკურნალობის მეთოდსაც, თუმცა ამ მეთოდს ძირითადად მაშინ იყენებენ, თუ ექოსკოპიურად ცისტის ზომა დიდია, ან სხვა მიზეზის გამო საჭიროა მისი ამოკვეთა.
მკურნალობის მეთოდები
მოცდითი ტაქტიკა. თუკი საკვერცხის კისტა აღმოგაჩნდა, შეიძლება შემოგთავაზონ მოცდა და ექოსკოპიის გამეორება 1-3 თვეში, რათა გადაამოწმონ ცისტის ზომის ცვლილება. ამ ტაქტიკას ძირითადად სთავაზობენ ქალებს, რომლებიც:

არიან რეპროდუქცულ ასაკში;
არ აქვთ სიმპტომები;
აქვთ სითხით სავსე ცისტა;
ცისტის ზომა 2სმ-დან 5სმ-მდე დიამეტრისაა.
ჩასახვის საწინააღმდეგო აბები ამცირებენ ახალი ცისტის განვითარების შანსს და უკვე არსებული ცისტების ზრდას. ქირურგიული მკურნალობა არჩევითი მეთოდია მენოპაუზის მქონე ქალბატონებისთვის და იმ შემთხვევაში, თუ:

კისტა არ გაქრა რამდენიმე ციკლის შემდეგ;
იზრდება ზომაში;
ულტრაბგერით კვლევაზე საეჭვოდ გამოიყურება;
არსებობს ოპერაციული მკურნალობის ორი მეთოდი:
ლაპარასკოპია – კეთდება ორი პატარა ნახვრეტი მუცლის ქვედა ნაწილში და ერთი ჭიპთან, წვრილი ინსტრუმენტით (ლაპარასკოპით) შედიან მუცლის ღრუში და ათვალიერებენ საშვილოსნოს და მის დანამატებს, ხდება ცისტის ამოღება, საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ამოკვეთონ საკვერცხეც.


ლაპარასკოპიული ოპერაცია
ერთი საკვერცხის ამოკვეთა არ იწვევს უშვილობას, თუ მეორე საკვერცხე ჯანსაღია. ლაპარატომია – კეთდება მოზრდილი განაკვეთი მუცლის ქვედა ნაწილში, ამ მეთოდს ღია წესით ოპერაციას უწოდებენ. პროცედურა ტარდება იმ შემთხვევებში, თუ ეჭვია საკვერცხის კიბოზე, ან ცისტა ძალიან დიდი ზომისაა. ოპერაციული მასალა ყველა შემთხვევაში იგზავნება ლაბორატორიაში ჰისტომორფოლოგიური კვლევისათვის, რის საფუძველზეც კეთდება რეპროდუქციულ ორგანოებში მიმდინარე პროცესების და ანომალიების ანალიზი. ლაპარასკოპიული მეთოდის გამოყენებისას პაციენტი იმავე ან მეორე დღეს მიდის სახლში და პოსტოპერაციული რეაბილიტაციის პერიოდი გაცილებით ხანმოკლეა, ვიდრე ლაპარატომიის დროს. ლაპარატომიის შემთხვევაში სტაციონარში დაყოვნების პერიოდი საშუალოდ 2 დღეა.

პრევენცია
კისტის პრევენცია შეუძლებელია, თუ არაფერი გაწუხებს და მხოლოდ თავის დაზღვევა გინდა, შეგიძლია საკვერცხეები პერიოდულად, 6-8თვეში ერთხელ აკონტროლო ექოსკოპიით და ადრეულ ეტაპზე აღმოაჩინო, რაც თავიდან აგარიდებს ოპერაციას, იმ შემთხვევაში თუ ის მცირე ზომისა და ისეთი აგებულებისაა, რომ მედიკამენტურ მკურნალობას დაექვემდებარება.