ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ბრძოლისთვის ემზადება – ქართულ ტელესივრცეში მისი კონკურენტი გადაცემები მომრავლდა და როგორმე ყველას უნდა აჯობოს. გასული ზაფხული დასასვენებლად და ენერგიის მოსაკრებად გამოიყენა. ქმართან, ირაკლი კოდუასთან და ქალიშვილ მარიამთან ერთად ევროპაში იმოგზაურა. ნანუკასთან ინტერვიუ სწორედ მის შოუზე საუბრით დავიწყეთ.
– ნანუკა, ახალ სატელევიზიო სეზონს რა განწყობით და მოლოდინით ხვდებით?
– ძალიან საინტერესო სატელევიზიო წელი იწყება. კონკურენტებიც უფრო გაძლიერდნენ. ეკა ხოფერია ახალ გადაცემას იწყებს. მიხარია, რომ მხოლოდ მე და მაია ასათიანი აღარ ვიქნებით კონკურენტები. მაინც ვფიქრობ, რომ მე და ვანო ჯავახიშვილიც კონკურენტები ვიყავით. ყველა რეიტინგული გადაცემა ჩემი კონკურენტია. დიდი კონკურენცია იმას ნიშნავს, რომ მუდმივად ფორმაში ვიქნებით.
– და მაინც, მთავარ კონკურენტად ვის მოიაზრებთ?
– ჯერ არ ვიცი, ახალი პროექტები როგორი იქნება, ამიტომ ვერ გეტყვით. სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" სულ არ არის ჩემი კონკურენტი, მაგრამ ყოველთვის მაინტერესებს, რა რეიტინგი აქვს. მაინტერესებს, რამდენი მაყურებელი მიყურებს და ამას სხვისი რეიტინგებით ვთვლი. შესაბამისად, ყველა მაღალრეიტინგულ გადაცემას კონკურენტად აღვიქვამ. ვფიქრობ, ძალიან ღირსეული და საინტერესო ბრძოლა იქნება.
– გასული სეზონის ბოლოს მიხეილ სააკაშვილი გყავდათ სტუმრად. რეიტინგის თვალსაზრისით, გამართლდა თქვენი მოლოდინი?
– გადაცემას სასწაული რეიტინგი ჰქონდა. გახსოვთ ალბათ, მანამდე მიშა ბათუმში ჩავწერე და ისიც წლის ყველაზე რეიტინგული შოუ გამოვიდა. ამ შემთხვევაში ვერც კი წარმოვიდგენდი, ამხელა რეიტინგი თუ ექნებოდა. მიშა სააკაშვილზე გადაცემა ჩემს ჟურნალისტურ კარიერაში ერთ–ერთი საუკეთესო იყო.
– ამ ინტევრიუს დროს დაძაბული არ იყავით, არ ნერვიულობდით?
– არა. მიშამ ძალიან კარგად იცის მედიასთან ურთიერთობა. ზუსტად იცის, რა უნდა გითხრას, იმაზე მეტს მაინც არ გეტყვის, რაც თავად უნდა. გადაცემაში ერთი მომენტიც იყო ასეთი, შვილზე ვკითხე და შენობაზე მიპასუხა. ჩემს 5 სასურველ რესპონდენტს შორის ყველაზე სასურველია.
– ველოსიპედზე შემოგსვათ, საკმაოდ მაღალ შენობაში ფეხით აგიყვანათ...
– სწორედ ამიტომაც იყო საინტერესო. მივხვდი, ფორმაში ვყოფილვარ, სადმე რომ არ წავიქეცი და ბოლომდე ავედი. ამ გადაცემის მთავარი ხიბლი ეს იყო.
– თქვენთვის სასურველი რესპონდენტების სიაში კიდევ ვინ არიან?
– ვიღაცეები გამომრჩებიან და ეწყინებათ. არიან რესპონდენტები, რომლებიც ყოველთვის მაგარ ისტორიებს ყვებიან, ძალიან გულწრფელები არიან და მათ გადაცემაში მიწვევას გარანტირებული რეიტინგი ახლავს. ერთ–ერთი ასეთი არის კახა ბენდუქიძე. ჩემთვის ძალიან საყვარელი რესპონდენტია, რადგან ვიცი, რომ იმ ისტორიებს მოყვება, რომლებიც არსად მოუყოლია. მაქვს ამბიცია, რაღაც ახალი ვაკეთო.
დღეს მაია ასათიანის გადაცემაში ჩაწერაზე გახლდით (ინტერვიუ ჩაწერილია 12 სექტემბერს. ავტ.). იქ ვთქვი, მე ვიყავი ჟურნალისტი, რომელიც ეკრანზე გამოვჩნდი გალაქული თმის გარეშე, დახეული ჯინსით, ფეხშიშველი–მეთქი. ეს ახალი იყო, კარგი თუ ცუდი, ამაზე ნუ ვიკამათებთ.
უცხო იყო და ძალიან რთულიც საკუთარ ოჯახზე გადაცემის გაკეთება. ამისი მაგალითი მხოლოდ ამერიკაში არსებობს. საქართველოში რაღაცეებს ერიდებიან, მალავენ, მით უმეტეს, მაშინ, როცა ოჯახის წევრიც საზოგადოებისთვის საინტერესოა. ასეთ რაღაცეებს არასოდეს ვერიდები, ამიტომაცაა, რომ ყოველთვის კრიტიკის ქარ–ცეცხლში მატარებენ. ამის მიზეზს მე ვაძლევ ხალხს – ხმაურიანი ვარ, არ ვცდილობ, რაღაცეები შევალამაზო, რომ ვიღაცას თავი მოვაწონო. არ ვკეკლუცობ, რაც ვარ, ეს ვარ. ვიღაცეებს თუ არ მოვწონვარ, არ არის პრობლემა, წარმატებებს ვუსურვებ. ზუსტად ვიცი, რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ მაყურებლის 80 პროცენტს მოვეწონო, მაგრამ მე არ ვცდილობ, რაღაცეები დავხვეწო. ჩემი გადაცემა თუ რამით იგებს, ეს ჩემი გულწრფელობაა.
მეც შემიძლია მაღალფარდოვანი სიტყვებით ვილაპარაკო და 5 წუთში ერთხელ ხაზი გავუსვა, თუ როგორ მიყვარს ლიტერატურა. შვებულების დროს ყველაზე დიდი სიამოვნება სწორედ წიგნების კითხვაა, მაგრამ ამას ხმამაღლა არ ვამბობ. ძალიან ვცდილობ, დავმალო ჯვარი. ჯვარი იმიტომ მიკეთია, რომ ეს არის ჩემი რწმენის ერთ–ერთი ნაწილი და არა იმიტომ, რომ ვიღაცამ მაქოს. ასეთი რაღაცეების გარეთ გამოყრას ყოველთვის ვერიდები.
– გამოგდით, რომ თქვენკენ მომართულ ნეგატიურ დამიოკიდებულებას იგნორირება გაუკეთოთ?
– მივეჩვიე იმას, რომ ოჯახს თვეში ერთხელ მინგრევენ, ჩემს ჩაცმულობას აკრიტიკებენ... თუ გინდა, ცნობადი სახეებისგან გამორჩეული იყო, ახალი თქვა, ასეთი უნდა იყო. მშვიდი და წყნარი ცხოვრება რომ მდომებოდა, სახლში დავჯდებოდი და ხაჭაპურებს გამოვაცხობდი, თუმცა ესეც არაჩვეულებრივად გამომდის. რადგან ასეთი ცხოვრება ავირჩიე, ეს არის საფასური, რომელსაც ვიხდი. ვალდებული ვარ, დაუმსახურებელი, არაობიექტური კრიტიკა მოვითმინო. არტერიის და არტილერიის არ იყოს... ვფიქრობ, მაშინ დაუმსახურებელი კრიტიკა იყო. არ მგონია, ვინმემ არ იცოდეს, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი არტერიას არტილერიისგან ასხვავებს.
სალანძღავ ტექსტებს არ ვკითხულობ, თვალს ვაშორებ. მხოლოდ ის მაბრაზებს, თუ შვილს ცუდად ეხებიან. სანამ სრულწლოვანი არ გახდება, შეეშვან და მერე ყველას თავად უპასუხებს. ერთხელ მარიამის სურათზე ვიღაცას ეწერა, შეხედე, რას ჰგავსო. რაღაცეები მართლა არ "მოსულა", ყველაფერს არ უნდა გადავაბიჯოთ.
– კონკურენტ გადაცემაში სტუმრობას ადვილად დათანხმდით?
– ერთი ზარით. ჩემი "პროფილი" ნამდვილად საინტერესოა. მაიას ვუთხარი კიდეც, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ჩემს ცხოვრებაზე ექსკლუზივს შენ მოგცემდი–მეთქი. ტელევიზიით პირველად მოვყევი ჩემი ცხოვრება თავიდან ბოლომდე. მათ შორის, ბევრ ისეთ თემაზეც ვისაუბრე, რასაც აქამდე არ ვეხებოდი.
– დიდი ხანია ვცდილობ თქვენი და მაია ასათიანის ერთად ჩაწერას, მაგრამ რატომღაც თქვენგან ყოველთვის თანხმობა მაქვს, მისგან – უარი.
– თუ თქვენ ამას ისევ მოინდომებთ, ნებისმიერ დროს მზად ვარ, მაიასთან ერთად ინტერვიუ მოგცეთ.
– არ გსიამოვნებთ, თუმცა იძულებული ხართ კრიტიკა მოითმინოთ თქვენს ჩაცმულობასთან დაკავშირებით, მაგრამ თავად გაკილეთ კულტურის მინისტრის მოადგილე მარინა მიზანდარი, რომლის ფოტოც "ფეისბუქის" თქვენს გვერდზე დადეთ და წარწერაც გაუკეთეთ, ამის შემდეგ ვინმეს რომ ჩემი ჩაცმულობა გაუკვირდეს, ძალიან გავოცდებიო.
– მარინა ძალიან ორიგინალურად იცვამს. ჩემზე სულ იმას ამბობენ, რა აცვია, ვერ გავიგეთო, მე ვარ ნაძვის ხე, შარვალზე კაბა მაცვია, კაბაზე – ზედატანი... მისი ფოტო დავდე, სადაც ძალიან ეგზოტიკურად აცვია. მე შოუს წამყვანი ვარ და როგორი ვარცხნილობაც მინდა, ისეთს გავიკეთებ, მაგრამ კულტურის მინისტრის მოადგილისთვის ალბათ პიჯაკის ჩაცმა უფრო სასურველია.
– საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება. როგორ ფიქრობთ, პოლიტიკური ტოქ შოუები ხომ არ დაიკავებს მთავარ ადგილს სატელევიზიო სივრცეში?
– ვფიქრობ, არაპოლიტიკური შოუები მაინც ყველაზე რეიტინგული იქნება. პოლიტიკურ ტოქ შოუებში "პოზიცია" იყო ყველაზე მაღალრეიტინგული, მაგრამ მასზე მაღალი რეიტინგი ჩემს შოუსაც ჰქონდა, მაიასაც და ვანოსაც. ყველაზე მეტად რაც ჩემთვის საინტერესოა და რასაც სულით და გულით ველოდები, ესაა ინგა გრიგოლიას დაბრუნება სატელევიზიო სფეროში. აუცილებლად ვიქნები ინგას ერთგული მაყურებელი. ინგა გრიგოლია ბრენდია, ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა, სად წავა, რეიტინგი ყველგან გაჰყვება. ცოტა ხნის წინ ინგას ხმა გავიგე, მერე ჩემს "ფეისბუქზეც" გავაზიარე ვიდეო. მისი ხმის გაგონებაზე ცრემლები მომადგა.
– დასვენების დროს თვალყურს ადევნებთ ახალ ამბებს, ჭორებს თუ ამ ყველაფერისგან ისვენებთ?
– ზაფხულში გავთიშე გონება, მაგრამ ტელეფონი – ვერა. რამდენიმე წიგნი წავიღე და წავედი. მარიამთან და ირაკლისთან ერთად ევროპის რამდენიმე ქალაქში ვიყავი. საბა ბაკურიანში ისვენებდა. უმშვიდესად, გემრიელად დავისვენე.
რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, ჭორები არ მიყვარს. გადაცემაში შეიძლება გავრცელებულ ჭორზეც ვთქვა რაღაც, მაგრამ ცხოვრებაში ამაზე არ ვლაპარაკობ. მე და ჩემი მეგობრები რომ ვსხდებით, არასოდეს განვიხილავთ სხვის პირად ცხოვრებას, საკუთარ თავზეც ბევრი გვაქვს სალაპარაკო. მით უმეტეს, დასვენების დროს მხოლოდ ჭორებს კი არა, ქართული არხების ყურებასაც ვერიდები და ჟურნალ–გაზეთების კითხვასაც.
ზოგჯერ ჩემი დასვენება მხოლოდ გარუჯვით შემოიფარგლება. მძინავს და მეტს არაფერს ვაკეთებ, რომ დახარჯული ენერგია აღვიდგინო. როცა თავისუფალი დრო მაქვს, ვცდილობ, ჩემი მონატრებული მეგობრები ვნახო ან ჩემთვის მშვიდად გავატარო დრო. ჩემი ყველაზე მთავარი სიმშვიდე ირაკლია, ამიტომ ვცდილობ, ყოველი დასვენების დღე მასთან ვიყო.
– თქვენი ოჯახური ცხოვრება როგორ მიმდინარეობს, რა ხდება ან არ ხდება?
– ბოლო დროს შვილებს ძალიან ბევრ დროს ვუთმობ. ბევრ ისეთ რაღაცას ვასწრებ, რასაც აქამდე ვერ ვაკეთებდი, ეს ალბათ იმიტომ, რომ მარიამი გაიზარდა. საერთო ინტერესები გვაქვს, ერთმანეთთან რაღაცეებზე თავისუფლად ვლაპარაკობთ. მარიამი აბიტურიენტია და მთელ თავის დროს სწავლას უთმობს.
ვაკონტროლებ, საბა ბაღში რას შვრება. ინგლისურს სწავლობს და ვგიჟდები, როცა ინგლისურ სიტყვებს იძახის, ეს უკვე ჩემი ჰობია.
ირაკლის მეტი თავისუფალი დრო აქვს და რაღაც ძალიან კარგად ვარ. ირაკლის არასოდეს ვაძლევ საშუალებას, რომ მოვენატრო. რაც შეეხება მეგობრებს, მე და ირაკლი ერთი წრეში ვტრიალებთ. ბევრი ცნობილი პოლიტიკოსი ჩემი მეგობარია. რატომღაც ხშირად ჰგონიათ, რომ ირაკლის მეგობრები არიან, მაგრამ ცდებიან. ჩემს ყველა მეგობარს რომ ჰკითხოთ, გეტყვიან, რომ ირაკლი უფრო საყვარელია, ვიდრე მე, რომ ის ძალიან კეთილია, მე კი ბუა ვარ...
მითები დადის ჩემ შესახებ, ბევრი რამ არარეალურია, რაღაც კი მართალია, მაგალითად, ის, რომ დიდი ენერგია მაქვს. მამისგან მერგო ენერგიულობა, ეს ჩემი ოქროს მემკვიდრეობაა.
– პოლიტიკური ცვლილებები თქვენმა ცნობილმა ოჯახმა როგორ გადაიტანა? ამბობდნენ, კოდუების დრო წავიდაო.
– კოდუების ცნება დავშალოთ. ლაურა ღაჭავა (ნანუკას დედამთილი, ბიზნესმენი. ავტ.) არის ცალკე ადამიანი, მისი შვილები, დათო და გია, ცალკე ადამიანები და ბიზნესმენები არიან. ირაკლი კოდუა იყო და არის პოლიციელი. ირაკლის ჰყავს მამა, პროფესიით ფიზიკოსი, რომელზეც, არ ვიცი, რატომ არავინ ლაპარაკობს. ბიზნესთან დაკავშირებით კოდუებს რომ ახსენებენ, მე იქ ირაკლი კოდუას არ ვგულისხმობ. მათ თავიანთი ბიზნესის შესახებ არასოდეს დაუმალავთ. ჩემი ქმარი საერთოდ ცალკე თემაა.
"დროის წასვლაში" თუ იმას გულისხმობენ, რომ ლაურას, დათოს და გიას ბიზნესი აღარ ექნებათ, მინდა, ობიექტური ვიყო და ვთქვა, რომ მათი ბიზნესები მიშა სააკაშვილის მმართველობის დროს არ დაწყებულა, შევარდნაძის დროიდან მოდის.
სხვა საკითხია, მე რომ ისევ მამაჩემის სახლში ვცხოვრობ ირაკლისთან ერთად და ისევ მამაჩემის ნაყიდ აგარაკზე ვისვენებ. რომ ამბობენ, კოდუების დრო წავიდაო, კოდუების დრო ჩემთვის არც არასოდეს დამდგარა. ჩემი დამოუკიდებელი ცხოვრება, დამოუკიდებელი ბიუჯეტი მაქვს, კოდუების ფინანსები და ბიზნესი არ მეხება, მათი საქმე ჩემი ოჯახის ბიუჯეტზე არასოდეს ასახულა. მე ჩემი ოჯახი მაქვს და მინდა, ეს გავმიჯნოთ.
აბსოლუტურად ჩვეულებრივად აღვიქვი პოლიტიკური ცვლილებები, არაფერია მუდმივი. ამ სიტუაციიდან ყველაზე კარგი ის მივიღე, რომ ადამიანები გადავაფასე. მოვიხედე და ვიღაცეები ჩემ გვერდით აღარ დამხვდნენ, მათ ადგილას ისეთები იყვნენ, გავოცდი და მათი დაფასება დავიწყე. რასაც ვაკეთებდი, ისევ იმ საქმეს ვაკეთებ. მსმენია მითები, რომ ყველაფერს კოდუა აკეთებდა ჩემთვის, მაგრამ ახლაც კოდუა აკეთებს?
– ამბობენ, რომ თქვენი ქმრის ფინანსებით და კავშირებით აკეთებთ საზღვარგარეთ გადაცემებს.
– კოდუას ფინანსებით არაფერს ვაკეთებ. ირაკლი დენის და გაზის ფულს რომ იხდის, როგორც ოჯახის უფროსი, ამაში ორი აზრი არ არსებობს. მას სხვა შვილებიც ჰყავს და ისინიც მისახედები არიან. ეს მისი პასუხისმგებლობაა, რომელსაც მთელი ცხოვრება ზიდავს. ის ამ ბავშვების სრულფასოვანი მამაა. მე დამოუკიდებელი ადამიანი ვარ. ამბობდნენ, ნანუკა მივლინებებში რომ დადის, ირაკლი აფინანსებსო, უკაცრავად და, ბულგარეთშიც ირაკლი კოდუამ გამიშვა? მეტსაც გეტყვით, არათუ კოდუა, "რუსთავი 2"–ც კი არ მაფინანსებს.
– სპონსორები გაფინანსებენ?
– დიახ. ორადორი გადაცემაა, რომელსაც სპონსორები აფინანსებენ – "ნანუკას შოუ" და "რა? სად? როდის?". ჩემი გადაცემის ერთი სპონსორიც კი არ ასოცირდება არც ნაციონალურ მოძრაობასთან და არც – ჩემს ქმართან.