ანა შემოსასვლელში იდგა და ხელში ვაშლის ღვეზელი ეჭირა. გრძელი ნაწნავი მხარზე გადმოეგდო და იღიმოდა.

- ცუდ დროს ხომ არ მოვედი?

- არა, პირიქით… სწორედ ახლა ვაპირებდით ყავის დალევას!

თქვა მეგიმ და ანას ღვეზელიანი თეფში გამოართვა.

- ჩემი ღვეზელი ყავას ძალიან უხდება!

- ღვეზელს დავჭრი და ყავასაც მე მოვადუღებ! თქვენ მანამდე მისაღებ ოთახში დასხედით…

- არ გინდათ ოფიციალურობა რაა… მე ძალიან მიყვარს სამზარეულოში ყოფნა. ყველაზე მეტ დროს, მგონი, იქ ვატარებ!

თქვა ანამ და გაიცინა.

- მართლა? – ჩვენც სამზარეულოში გვიყვარს ყავის დალევა! მაშინ აქეთ წავიდეთ…

მეგიც გამხიარულდა. ღვეზელით ხელში სამზარეულოსაკენ გაიჭრა.

- რა მაგარია! თქვენი სამზარეულოს ფანჯრები ტყის მხარეს გადის… ვგიჟდები, ისე მიყვარს ტყე!

ელის მოეჩვენა, რომ ანა ფამილარულად და ზედმეტად თავისუფლად იქცეოდა. ელი უფრო გრძნობდა თავს სტუმარივით, ვიდრე ანა. სამზარეულოში თავისუფლად მიმოდიოდა და ყველაფერს ათვალიერებდა.

ბოლოს მაგიდასთან დაჯდა და ელის მიმართა, რომელიც მთელი ამ ხნის მანძილზე დამუნჯებულივით იყო:

- თქვენც ხომ მოხვალთ ხოლმე ჩვენთან? მე ძალიან მიყვარს, როცა ვინმე მოდის სტუმრად… ვერ ვიტან მარტოობას!

უფრო ვრცლად იხილეთ: