სპარტაკ ბაღაშვილი საოცარი ხმითა და დრამატიზმით დარჩა ქართული კინოს ისტორიაში. მას შეეძლო პირველივე კადრიდან მოენუსხა მაყურებელი. არსენა, ლუარსაბ მეორე, ხევისბერი, მარტია, ვაჟა–ფშაველა, გამზრდელი... მის მიერ შესრულებული ნებისმიერი კინოროლი კაშკაშა იყო. მისი სახალხო გმირიც ისეთივე დაუვიწყარი გახლდათ, როგორიც გვირგვინოსანი ბაგრატიონი. ქუჩიდან პირდაპირ კინოში აყვანილმა 21 წლის ბიჭმა, რომელსაც მსახიობობაზე არც უფიქრია, ვარსკვლავად ერთ დღეში "გაიღვიძა", თუმცა სიცოცხლეში ვარსკვლავად არ აღიარეს. სათანადოდ არც დღეს არის შეფასებული. ცხოვრებაც ისეთივე დრამატული ჰქონდა, როგორიც როლები. საბჭოთა რეჟიმმა ჯერ ციხეში, შემდეგ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გამოამწყვდია, კინოში კი მის გარშემო ინტრიგები და მტრები მრავლად იყვნენ.
ჯერ ისევ ახალგაზრდა, 62 წლის ასაკში გარდაიცვალა. 2014 წელს სპარტაკ ბაღაშვილის დაბადებიდან 100 წელი სრულდება. დიდი მსახიობის ცხოვრების ეპიზოდებს მისი ერთადერთი ქალიშვილი მანანა ბაღაშვილი გვიამბობს.
ქუჩიდან კინოში
– მამაჩემი თბილისში დაიბადა და გაიზარდა. მამამისი, ლევან ბაღაშვილი, განათლებული კაცი იყო. სცენის დიდი მოყვარული ყოფილა, თამაშობდა კიდეც. ჩვენ მისი პორტრეტი გვაქვს, რომელზეც რომელიღაც როლშია. დედა ბარბარე ხიჯაკაძე გახლდათ. მამას ჰყავდა ერთი და, ექიმი–კარდიოლოგი. საკუთარი ოჯახი არ შეუქმნია, ამიტომ სულ ჩვენთან იყო და ჩემს აღზრდაში დიდი წვლილი მიუძღვის.
მამა ნიჭიერი მოსწავლე ყოფილა. უზნაძის ქუჩაზე ვაჟთა მეორე სასწავლებელი დაამთავრა. მასწავლებლები სპარტაკს ყოველთვის აქებდნენ და ნიჭიერებით გამოარჩევდნენ. პატარაობიდანვე კეთილშობილი ყოფილა და მამა მეც ასეთი დამამახსოვრდა. ყველას მიმართ თბილი და კეთილი იყო. თურმე მშობლები პურის მოსატანად გზავნიდნენ ხოლმე. ერთხელაც პაპაჩემი პურის ფულის გადასახდელად რომ წავიდა, ზედმეტის გადახდა მოუწია. სახლში რომ მივიდა, შვილს ჰკითხა, რატომ იყო ამდენი გადასახადი. უპასუხა, ჩვენ მეზობლად გაჭირვებული ოჯახი რომ ცხოვრობს, ერთ პურს მათთვის ვიღებ ხოლმეო.
სკოლა რომ დაამთავრა, სატყეო ინსტიტუტში ჩააბარა, სადაც გზებისა და ხიდების სპეციალობაზე სწავლობდა. იქაც ნიჭიერი მოსწავლე იყო. იმ დროს მსახიობობაზე არც კი უფიქრია. მეოთხე კურსზე იყო, როდესაც ის ცნობილი ამბავი გადახდა თავს: მიხეილ ჭიაურელი ფილმის გადასაღებად ემზადებოდა და მთავარი როლის შემსრულებელი არ ჰყავდა ნაპოვნი. ქუჩაში ახალგაზრდებს აკვირდებოდა, რომ მათგან აერჩია სახალხო გმირის სახე. ერთხელაც მუშტაიდის ბაღთან წარმოსადეგი ახალგაზრდა შენიშნა ორ გოგონასთან ერთად. ჰკითხა, ვინ ხარო. მან მკაცრად შეხედა და უთხრა: "რაში გაინტერესებთ? გოგონები მახლავს თან და თუ ჩემთან რამე ანგარიში გაქვთ, მეორე მხარეს გადავიდეთ". რეჟისორი გაეცნო. სპარტაკმა უპასუხა, ვინც გინდათ, ის იყავითო და წავიდა.
მამას მეზობლად რეჟისორი შაქრო ბერიშვილი ცხოვრობდა. მიხეილ ჭიაურელს მისთვის შეუჩივლია, ქუჩაში ერთი ახალგაზრდა მომეწონა ფილმისთვის, მაგრამ უარი მითხრაო. მისი გარეგნობა აღუწერია და შაქროც მიმხვდარა, რომ საუბარი იყო მისი მეზობლის, ლევან ბაღაშვილის ვაჟზე. მოკლედ, პაპაჩემმა სპარტაკი თავად მიიყვანა მიხეილ ჭიაურელთან. ასე იქცა 21 წლის ბიჭი ცნობილ მსახიობად.
არსენა – კინობედისწერა
– იშვიათი შემთხვევაა, რომ გამოუცდელმა, არაპროფესიონალმა ადამიანმა პირველივე ცდაზე ასე შთამბეჭდავად ითამაშოს. არსენას როლის შესრულების შემდეგ თბილისის კინოსტუდიასთან არსებული კინომსახიობის სკოლა დაამთავრა. არსენა იყო როლი, რომელმაც მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. ამის შემდეგ ოცამდე ფილმში გადაიღეს.
მამას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა. ვიღაცეებს მისი წარმატება არ მოსწონდათ და ცდილობდნენ ხელისშეშლას. ერთხელ ერთ–ერთი ფილმი უნდა გაეხმოვანებინა, მაგრამ არ გაუშვეს. ასე უთხრეს, მეტყველება არ გივარგაო.
საბჭოთა სასჯელი ანეკდოტისთვის
– მამაჩემი რეპრესიების მსხვერპლი გახდა. 1951 წელს დააპატიმრეს, რადგან ანტისაბჭოთა ანეკდოტი მოყვა. ვიღაცამ დააბეზღა. ჯერ თბილისის ციხეში იჯდა, მერე კი ლენინგრადში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. იქ იგივე ციხე იყო, იქიდან გამოსვლა შეუძლებელი გახლდათ. ამის გამო დედაჩემიც ლენინგრადში წავიდა, რომ მამასთან ახლოს ყოფილიყო. სტალინი რომ გარდაიცვალა და ბერიაც დაიჭირეს, დედა ლენინგრადიდან მოსკოვში გადაფრინდა სუსლოვთან, ყველაფერი მოუყვა და მისი ბრძანებით მამა გაათავისუფლეს. ეს იყო 1953 წელს.
დაბრუნება კინოში
– ამასობაში კინოსტუდიის დირექტორად მიხეილ კვესელავა დანიშნეს. ელდარ შენგელაია და თამაზ მელიავა ახალი ფილმის გადასაღებად ემზადებოდნენ და "თეთრ ქარავანში" მარტიას როლი მამას შესთავაზეს. თურმე თავიდან ეს იყო ძალიან მოკლე როლი, მაგრამ მან განავრცო. რეპეტიციების დროს რეჟისორებმა გადაწყვიტეს, რომ მარტია უფრო მეტად გამოჩენილიყო კადრში, ვიდრე ეს ჩაფიქრებული ჰქონდათ.
მიხეილ კვესელავას მამაჩემთან ძალიან კარგი და თბილი ურთიერთობა ჰქონდა. უნივერსიტეტში ჩემი ლექტორი გახლდათ. ერთხელ მითხრა, სპარტაკმა სპეციალობა სწორად არ აირჩია, რადგან მისი სახით კარგი ფილოსოფოსი გვეყოლებოდაო.
ფილმში "აკაკის აკვანი", რომელიც ეკრანებზე 1947 წელს გამოვიდა, მამამ ერთდროულად სამი როლი შეასრულა: მეწისქვილე, გამზრდელი და ვაჟა–ფშაველა. თურმე ის ადამიანები, რომლებიც ვაჟა–ფშაველას იცნობდნენ, ფილმის ნახვის შემდეგ გაოგნებული დარჩნენ. ამბობდნენ, სპარტაკმა ეკრანზე ნამდვილი ვაჟა გააცოცხლაო. ფილმში "გიორგი სააკაძე" მამამ ლუარსაბ მეორის როლი შეასრულა, თუმცა თავიდან მთავარ როლზე იყო დამტკიცებული. ამისთვის ემზადებოდა, მისი კოსტიუმებიც მზად იყო, მაგრამ ისე მოხდა, რომ ლუარსაბ მეფის როლი მისცეს. როგორც მერე გაირკვა, აკაკი ხორავას ძალიან უნდოდა სააკაძის როლის შესრულება და ჭიაურელმა უარი ვერაფრით უთხრა. ვერც ეტყოდა, რადგან "ზევიდან" დარეკეს. როგორც ყველა სფეროში, აქაც სულ სხვა მანქანები მუშაობდა.
ერთხელ მამიდაჩემი მისულა კინოსტუდიის წინ, სადაც თავის ძმას უნდა შეხვედროდა. იქვე მანქანა მდგარა, რომელშიც ვერიკო ანჯაფარიძე იჯდა. მან მამიდას დაუძახა, მანქანაში ჩაისვა და დაელაპარაკა. სწორედ მან უთხრა, მთავარ როლზე ხორავა აიყვანეს და ამას სპარტაკი რომ გაიგებს, გადაირევა, რადგან უკვე ყველაფერი მზად არის, კოსტიუმები მისთვის შეკერეს, მიშაც ძალიან განიცდის, არ იცის, ეს შენს ძმას როგორ უთხრასო. რა თქმა უნდა, მამას არ გახარებია ეს, მაგრამ მთელი ენერგიით ითამაშა ლუარსაბ მეფის როლი. თურმე ისტორიკოსი სიმონ ჯანაშია თავის ლექციებზე სტუდენტებს ეუბნებოდა, თუ გინდათ, ბაგრატიონთა გვარზე წარმოდგენა იქონიოთ, მაშინ წადით და ნახეთ ლუარსაბ მეფე სპარტაკ ბაღაშვილის შესრულებითო.
მამას პასუხისმგებლობის დიდი გრძნობა ჰქონდა. გადაღებაზე ყოველთვის დროულად მიდიოდა. გადაღებების დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე მას უკვე გრიმიც გაკეთებული ჰქონდა და მზად იყო. ფილმი "ხევისბერი გოჩა" ნუგზარ შარიამ (ფილმში ხევისბერის შვილის, ონისეს როლს ასრულებს. შემდეგ აშშ–ში დარჩა ემიგრანტად. ავტ.) ამერიკაში წაიღო. ამერიკელებს ფილმიც ძალიან მოეწონათ და მამას ხევისბერის როლიც. მამა სხვა ქვეყანაში რომ ყოფილიყო, უფრო მეტს გააკეთებდა. ქართულ კინოში ბევრი გასაქანი არ მიეცა და თეატრამდე ხომ საერთოდ არ მიუშვეს. ისეთი გარეგნობა და მეტყველება ჰქონდა, რომ თეატრშიც საინტერესო სახეს შექმნიდა.
სტალინის ფავორიტი
– ცნობილი ფაქტია, რომ მამა სტალინის საყვარელი მსახიობი იყო. მას რომ ფილმი "არსენა" უნახავს, სპარტაკი ძალიან მოსწონებია. შემდეგ ახლოსაც გაიცნო და რამდენჯერმე მიიწვია კიდეც. მიუხედავად ამისა, ეს ნაცნობობა მამას არასდროს არაფერში დახმარებია. ერთხელ სტალინმა თავის აგარაკზე მიიწვია მამა, აკაკი ხორავა და აკაკი ვასაძე. მამას "ბატონო"–თი მიუმართავს. სტალინს უთქვამს, ბატონები რამდენი ხანია, გადავაგდეთ და უბრალოდ სახელით ან "ამხანაგო"–თი მომმართეო. თურმე მამამ უპასუხა, აბა, მე რა თქვენი ამხანაგი ვარო.
სტალინმა სპარტაკს სთხოვა, რომ ოტელოს მონოლოგი წაეკითხა. იმდენად შთამბეჭდავად წაუკითხავს, სტალინს უთქვამს, ასეთი ნიჭიერი ხარ და რატომ დრამაშიც არ ცდი ბედს ან იქნებ არ გიღებენ თეატრში, მითხარი, ნუ მოგერიდებაო. მას მორიდებით უთქვამს, კინო მიყვარს და აქაც შემთხვევით მოვხვდიო. გულის სიღრმეში ალბათ უნდოდა თეატრში თამაში, მაგრამ ეს ხმამაღლა არ უთქვამს. ძალიან მორიდებული იყო და ამის გამო არავის შეაწუხებდა.
სპარტაკის მარიამო
– არ ვიცი, დედამ და მამამ ერთმანეთი როგორ გაიცნეს. ამაზე თვითონ არასდროს საუბრობდნენ და რატომღაც არც მე მიკითხავს. შეუძლებელია, რომ მამა არ შეყვარებოდა, იმდენად თბილი და კეთილშობილი კაცი იყო. მართალია, მკაცრი გარეგნობა ჰქონდა, მაგრამ მასში საკმაოდ რბილი ხასიათის ადამიანი ცხოვრობდა. რაღაც სხვანაირი პიროვნება იყო.
დედაჩემი მარიამ დოლიძე გახლდათ. მას ყველა მერის ეძახდა, მხოლოდ მამა მიმართავდა ნამდვილი სახელით. მის მიმართ ყოველთვის თბილი იყო, მარიამოს ეძახდა ხოლმე. დედაჩემი ფილოლოგი, რუსული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი გახლდათ. ცოტა ხანი მუშაობდა, მერე თავი დაანება. მამას დიდი ყურადღება სჭირდებოდა, დამოუკიდებლად რაღაცეების გაკეთება არ შეეძლო. ყველაფერს მეუღლე უკეთებდა. გადაღებებზე სულ თან დაჰყვებოდა, უვლიდა და, მოკლედ, მთლიანად მისი რეჟიმით ცხოვრობდა. მამაჩემი თუ ვინმე გაჭირვებულ ბავშვს ნახავდა, დედას ეტყოდა: "მარიამო, გეხვეწები, უყიდე ამ ბავშვს ფეხსაცმელი, ცოდოა. ეკონომიას გავაკეთებ, სიგარეტს ნაკლებს მოვწევ და დაზოგილი ფულით ბავშვებს დაეხმარე".
ფარაჯანოვის ბავშვობის ოცნება
სპარტაკ ბაღაშვილს სერგო ფარაჯანოვის უკრაინულ ფილმში "მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები" (1964 წელი) რომ იღებდნენ, იქ რამდენიმე ადგილობრივს დახმარებია. გადაღებები კარპატებში, ყველაზე მაღალ ადგილას იყო. იქ, რა თქმა უნდა, ხალხს მატერიალურად უჭირდა. თავიდან ფარაჯანოვს კინოსტუდიის ხელმძღვანელობისთვის რომ უთქვამს, სპარტაკ ბაღაშვილის გადაღება მინდაო, გაჰკვირვებიათ. აქ ამდენი მსახიობი გვყავს და იქიდან ამოგერჩია, რაღა ქართველზე შეაჩერე არჩევანიო. სერგოს უთქვამს: "მე რომ პატარა ბიჭი ვიყავი და "არსენა" ვნახე, ბატონი სპარტაკი ძალიან შემიყვარდა. ქუჩაში უკან დავდევდი ხოლმე და ჩემთვის ვამბობდი, როცა რეჟისორი გავხდები, აუცილებლად გადავიღებ მას ჩემს ფილმში".
ფარაჯანოვმა უკრაინიდან მამას ასეთი წერილი მოსწერა: "სპარტაკჯან, გეხვეწები, ჩამოდი, რა!". შიგნით კი დეტალურად ეწერა, რომელ ფილმში და რა როლზე იწვევდა მას. მამას თანხმობის შემდეგ სერგო თბილისში ჩამოვიდა და მას სასინჯი ფოტოები გადაუღო. როცა ეს ფოტოები უკრაინაში ჩაიტანა, სამხატვრო ხელმძღვანელმა ფოტოს ხელი დაადო და თქვა, ნამდვილად ეს უნდა გადავიღოთო.
უბრალოდ მამა
– მამას გადაღებებზე რამდენჯერმე მეც ვახლდი თან. ერთხელ ბაქოში ვიყავი და ერთხელაც – ყაზბეგში, როდესაც "ხევისბერ გოჩას" იღებდნენ. დღეს მის ფილმებს რომ ვუყურებ, სულ ვტირი. როდესაც მამა გვერდით გყავს, მის სიდიდეს ვერ აცნობიერებ და როცა უკვე აღარ არის, გრძნობ, რა დიდი პიროვნება იყო. მისი გახსენებისას კი ყოველთვის ცრემლი გადგება... პატარაობაშიც და ახლაც მამაჩემის ეკრანული სახეებიდან ყოველთვის არსენას გამოვარჩევ ხოლმე. ეს როლი მთლიანად მასზე და მის ხასიათზე იყო მორგებული. სხვათა შორის, მცხეთაში თამარ აბაკელიას არსენას ძეგლი მამაჩემის გარეგნობის მიხედვით არის გაკეთებული.
მამა არდადეგების დროს მთელ ჩემს კლასს თეატრში გვატარებდა. ბილეთებს იძენდა და ყველანი ერთად დავდიოდით. ჩემი მეგობრები ახლაც იხსენებენ, როგორ ეპატიჟებოდა მათ. ჩვენს სკოლაში ძალიან ხშირად იმართებოდა მეორე მსოფლიოში ომში დაღუპულთა შვილების დასახმარებელი კონცერტები და მამა აუცილებლად მონაწილეობდა. ძალიან ხშირად შესვენებებზე მოდიოდა და ტკბილეული მოჰქონდა. თან მეტყოდა, კლასელებსაც გაუნაწილეო. მე ვბრაზდებოდი, რად მინდა, რომ მოაქვს, პატარა ხომ არ ვარ–მეთქი. ახლა ვხვდები, ამას რატომ აკეთებდა. და–ძმა არ მყავდა, ამიტომ ცდილობდა, სხვებზე ზრუნვა მესწავლა. უყვარდა, როცა ქალაქგარეთ მივყავდი და ღირსშესანიშნავ ადგილებს მათვალიერებინებდა. ხშირად ტაქსიში ჩამსვამდა და მცხეთაში მივდიოდით. მომატარებდა იქაურობას, თან პატარ–პატარა ისტორიებს მიყვებოდა.
სკოლაში სიარული რომ დავიწყე, წამიყვანა და ბიბლიოთეკაში ჩამწერა. იქ ჩემთან ერთად მოდიოდა და მირჩევდა, რა წიგნები წამეკითხა. პირველად მითოლოგია წამაკითხა. მისი სიტყვები ახლაც ყურში ჩამესმის: "განათლებულმა ადამიანმა მითოლოგია კარგად უნდა იცოდეს!". კითხვა თავადაც ძალიან უყვარდა. ბოჭორიძის ქუჩაზე ვცხოვრობდით. ჩვენ მეზობლად მსახიობი რეზო ხუბუა ცხოვრობდა. მასთან ხშირად დადიოდნენ ახალგაზრდა მსახიობები, მათ შორის – ოთარ მეღვინეთუხუცესი, თენგიზ არჩვაძე და სხვები. ბატონი ოთარი იხსენებდა ხოლმე, რამდენჯერაც ბატონი სპარტაკის სახლს ჩავუვლიდი, ვხედავდი, რომ ფანჯარასთან იჯდა და წიგნს კითხულობდაო. მახსოვს, მამაჩემს ახალ როლს რომ მისცემდნენ, პირველ რიგში, ბიბლიოთეკაში წავიდოდა და ბევრ წიგნს წამოიღებდა. რა ეპოქაზეც იყო მომავალი ფილმი, მის შესახებ ყველაფერს გაეცნობოდა. ამის მერე იწყებდა ტექსტის სწავლას, კოსტიუმების შერჩევას.
საყვარელ საქმეს შეწირული
– მამა 62 წლის ასაკში გარდაიცვალა. გადაღებაზე გაცივდა და მერე გაურთულდა. იმდროინდელ "ლეჩკომბინატში" დააწვინეს, მაგრამ ექიმებმა ვერ გაუგეს, რომ ფილტვების ანთება ჰქონდა. პროცესი შორს წავიდა, გულზეც გადაუვიდა და ვერაფერი ვუშველეთ. 30 იანვარს გარდაიცვალა, კვირადღეს. ჩემს მეუღლეს ჰკითხა, რა დღეაო. რომ გაიგო, რა დღეც იყო, თქვა, კვირას წასვლა კარგიაო, რაღაც ჩაიღიღინა და მალევე გარდაიცვალა.
მომავალი წლის დეკემბერში მამას დაბადებიდან 100 წლისთავი სრულდება. წარმოიდგინეთ, რომ მისი სახელობის ქუჩაც კი არ არის თბილისში. არ ვიცი, მომავალ წელს ვინმე თუ აღნიშნავს ამ მრგვალ თარიღს. მე დიდად არ ვაქტიურობ და ვერც ვერავის ვაწუხებ. ერთხელ გურამ ლორთქიფანიძემ მიამბო, რომ დოდო აბაშიძის ძეგლთან ლიანა ასათიანი შეხვედრია. გურამს უთქვამს, რა კარგია, რომ დოდოს ძეგლი დგას და მისი სახელობის ქუჩაც არისო. ლიანას უპასუხია, კი, კარგია, მაგრამ სპარტაკ ბაღაშვილის სახელობის ძეგლი და ქუჩაც რომ იყოს, კარგი იქნებოდაო.