პირიდან უსიამოვნო სუნის ყველაზე ხშირი მიზეზი სასუნთქი გზების დაავადებაა: რინიტი, სინუსიტი, ბრონქიტი. უსიამოვნო სუნის მიზეზი კუჭ-ნაწლავის პრობლემებიც შეიძლება გახდეს. კუჭის წყლულის, კუჭქვეშა ჯირყვალისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს ირღვევა საკვების გადამუშავების პროცესი. ცუდად მონელებული საკვების გამო პირში არასასიამოვნო სუნი ჩნდება. მოწევა და ალკოჰოლი ასევე ხელს უწყობს არასასიამოვნო სუნის გაჩენას, ისევე, როგორც მკაცრი დიეტების დაცვა, რომლის დროსაც არ ხდება ორგანიზმში მრავალფეროვანი საკვების მიღება. ამ პრობლემის ერთ-ერთი მიზეზი პირის სიმშრალეცაა, რასაც სანერწყვე ჯირყვლების დაავადება ან პირით დიდი ხნით სუნთქვა იწვევს.
მცდარია ის მოსაზრება, რომ ადამიანი ადვილად ამჩნევს პირის ღრუში გაჩენილ სუნს. საკუთარ სუნს ვერ იგრძნობთ, რადგან მას ეჩვევით. საუკეთესო საშულებაა კითხოთ მეგობარს, ან ბამბის ბურთულით ენის ძირი გაიწმინდოთ, შემდეგ კი დაყნოსოთ ბურთულას. თუ უსიამოვნო სუნი იგრძენით დაიწყეთ ენის სახეხის გამოყენება, ეს საშუალება გემოვნების შეგრძნებებსაც გაგიუმჯობესებთ.

რა უნდა ქნათ, რომ უსიამოვნო სუნმა არც თქვენ და არც გარშემომყოფები შეაწუხოს?

გაიხეხეთ კბილები მინიმუმ დღეში ორჯერ. კბილებთან ერთად გაისუფთავეთ ენაც. კბილის პასტის არჩევისას, უპირატესობა მცენარეულ ექსტრაქტების შემცველ საშუალებებს მიანიჭეთ. ჭამის შემდეგ კარგია თუ წყალს გამოივლებთ პირში და 1-2 წუთით უშაქრო საღეჭ რეზინს გამოიყენებთ. თუ პირის ღრუში ყველაფერი წესრიგშია და სუნი მაინც არის, გამოდის, რომ თერაპევტთან ვიზიტის დროა. ასე გათავისუფლდებით და გაიგებთ ამ პრობლემის გამოწვევის მიზეზებს.

თუ სუნი სასწრაფოდაა დასახშობი - შეჭამეთ ვაშლი ან სტაფილო, ისინი კბილებს ნადებისგან ასუფთავებენ. სუნის მოსაშორებლად ასევე შესაძლოა ოხრახუშის, პიტნის, ტარხუნის დაღეჭვა. პირის ღრუში ბაქტერიებთან საბრძოლველად კი კარგია გვირილის, ევკალიპტისა და სხვა ბუნებრივი ანტისეპტიკური საშუალებები. დროებით შეაჩერებს უსიამოვნო სუნს პანაცეა. უმჯობესია გამოიყენოთ სავლები, რომელიც ქლორის დიოქსიდზეა დამზადებული.