მარხვის დროს ადამიანი ზედმეტად მსუნაგი ხდება, სწორედ მაშინ გინდება ყველა ის პროდუქტი, რომელიც აკრძალულია. იმისთვის, რომ თქვენი საახალწლო სუფრა მიუწვდომელი არ იყოს თქვენთვის გთავაზობთ შესანიშნავ რეცეპტს სამარხვო ნიგვზიანი ნამცხვრების დასამზადებლად, რომელიც ძალიან არომატული და გემრიელია. ეს არის “ორი ერთში” რეცეპტი ანუ თქვენ მოამზადებთ ორ დესერტს ერთი რეცეპტით. თუ ”სიგარეტები” ძალიან გიყვართ აუცილებლად უნდა შემოგვიერთდეთ…

მაშ ასე, მოიმარჯვეთ საჭირო მასალა…

ინგრედიენტები:

1 ჩ.ჭ.+2 ს.კ. ზეთი
1/2 ჩ.ჭ. ცხელი წყალი
1 ჩ.ჭ. ნიგოზი
1 ჩ.ჭ. შაქარი
3.5 ჩ.ჭ.ფქვილი
1 ჩ.კ. დაფქული მიხაკი
1 ჩ.კ.სოდა
სურვილისამებრ ცოტა ქიშმიში
მომზადების წესი:

პირველი ეტაპი:

3 ჩაის ჭიქა ფქვილი მოათავსეთ ჯამში, გაუკეთეთ შუაში ჩაღრმავება და ჩაასხით 1 ჩაის ჭიქა ზეთი და ნახევარი ჩაის ჭიქა ცხელი წყალი. შემდეგ ჩაუმატეთ სოდა და მოზილეთ ცომი.

მეორე ეტაპი:

ერთმანეთს შეურიეთ შაქარი, ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ნიგოზი, 2 სუფრის კოვზი ზეთი და მიხაკი. სურვილისამებრ ქიშმიშის ჩამატებაც შეგიძლიათ.

მესამე ეტაპი:

გაყავით ცომი 3 თანაბარ ნაწილად. გააბრტყელეთ თითოეული და თანაბრად გაანაწილეთ მათზე ნიგვზიანი გულის მასა. შემდეგ გადაახვიეთ ყველაზე დიდი გვერდის მხრიდან. მიღებული რულეტები მოათავსეთ ცივ ფქვილმოყრილ ტაფაზე. ბამბის გამოყენებით ზევიდან გადაუსვით ზეთი და შედგით ცხელ ჰაერღუმელში გამოსაცხობად. აცხვეთ ნელ ცეცხლზე. როგორც კი გავარდისფერდება გამოიღეთ, დაჭერით და დაელოდეთ სანამ არ გაცივდება.

ასევე:

ამავე ინგრედიენტებით შეგიძლიათ სამარხვო “სიგარეტების” მომზადება. ამისათვის ცომი დაყავით გაცილებით უფრო მცირე ზომის სამკუთხედებად და სხვა დანარჩენი პროცედურა გაიმეორეთ იგივენაირად.