გთხოვთ, დაწვრილებით აგვიხსნათ, რა ცვლილებები მიმდინარეობს კლიმაქსის დროს ქალის ორგანიზმში, როდის იწყება იგი, რისი ბრალია ალები, ოფლიანობა, თუ არ მივხედეთ, რა გართულებას უნდა ველოდეთ, რა წამლები უნდა ვსვათ, საერთოდ, აუცილებელია თუ არა მკურნალობა. გამიგონია, რომ კლიმაქსს ჰორმონებით მკურნალობენ, ხომ არ გამოიწვევს ეს წონის მომატებას? მენოპაუზა, კლიმაქსი - ეს სიტყვები ქალების უმრავლესობას შიშს ჰგვრის. უმთავრესად იმიტომ, რომ მათ ცოტა რამ იციან კლიმაქსის შესახებ. მენოპაუზაზე სასაუბროდ მეან-გინეკოლოგ ირმა თედორაძეს ვესტუმრეთ.

- რა ჰორმონული გარდაქმნები ხდება ქალის ორგანიზმში მენოპაუზის დროს?
- ქალის სასქესო ჯირკვალი, საკვერცხე, მხოლოდ გარკვეული ხნის განმავლობაში, მოზარდობიდან მენოპაუზამდე, ფუნქციობს. ამ პერიოდს რეპროდუქციულს უწოდებენ. საკვერცხეებში საშუალოდ ოთხ კვირაში ერთხელ მწიფდება ფოლიკული, რომელიც მენსტრუალური ციკლის შუაში სკდება და ათავისუფლებს კვერცხუჯრედს. გარდა ამისა, ფოლიკული გამოიმუშავებს ქალის ძირითად სასქესო ჰორმონს - ესტროგენს. გამსკდარი ფოლიკულისგან კი წარმოიქმნება ყვითელი სხეული, რომელიც ქალის მეორე სასქესო ჰორმონს - პროგესტერონს გამოყოფს. ესტროგენი ციკლის პირველ ფაზაში იწვევს საშვილოსნოს ლორწოვანის ზრდას, ხოლო პროგესტერონის ზემოქმედებით ლორწოვანში მიმდინარეობს მზადება განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მისამაგრებლად. თუ კვერცხუჯრედი არ განაყოფიერდა, ყვითელი სხეული უკუვითარდება, სისხლში მკვეთრად მცირდება პროგესტერონის დონე, რასაც მოჰყვება საშვილოსნოს ლორწოვანის ჩამოფცქვნა და მენსტრუაცია. ამასობაში საკვერცხეში მწიფდება მომდევნო კვერცხუჯრედი და იწყება ახალი ციკლი. 35-დან 50 წლამდე კი საკვერცხეების ბიოლოგიური სიცოცხლის ასაკი დასასრულს უახლოვდება; მცირდება ჰორმონების გამომუშავება, კვერცხუჯრედი სულ უფრო იშვიათად მწიფდება, რაც არარეგულარული მენსტრუაციული ციკლით გამოიხატება. საკვერცხეების ფუნქციას არეგულირებს თავის ტვინში მდებარე ცენტრი, რომელიც ამ ფუნქციის დაქვეითებას მისი მასტიმულირებელი ჰორმონების მომატებით პასუხობს. ერთხანს საკვერცხეები ახერხებენ უკანასკნელი რეზერვების მობილიზებას, მაგრამ ბოლოს და ბოლოს დგება პერიოდი, როცა მათი ფუნქციობა წყდება. ზოგ ქალს მენსტრუაცია შესაძლოა წინასწარი დარღვევების გარეშეც შეუწყდეს.

იხილეთ სრულად: