მისი ნახატები ძალიან პოპულარულია სოციალურ ქსელებში, მის მიერ შექმნილი პერსონაჟები ყველასაგან განსხვავებული და მგრძნობიარეა, ზოგჯერ იმდენად მგრძნობიარე, რომ მათი შემხედვარე ჩვენს თანაგრძნობასა და სიყვარულს რეალურად იწვევენ. ასეთი შეგრძნება ადამიანს მარტო ბავშვობაში აქვს ხოლმე ზღაპართან შეხების დროს. მისი შემოქმედებაც ესაა - ბავშვობის თავისებური რეინკარნაცია.. მხატვარი ნინო ჩაკვეტაძე -“პერსონაში“…
- ქალბატონო ნინო, თქვენი ნახატები ძალიან ემოციურია, საინტერესოა, როგორი ბავშვი იყავით და თუ გახსოვთ შემთხვევა, რამაც თქვენზე იმოქმედა?5
- ბაშვობაში ვიყავი მშვიდი და მორცხვი, თუმცა ძალიან მიყვარდა ეზოში აქტიური თამაშები, ხეებზე ძრომიალი, ველოსიპედით “ჯირითი“ და ა.შ. მინდა, ბავშვობიდან ერთი ამბავი გავიხსენო, რამაც ჩემზე მართლა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ერთხელ, ალბათ 8 წლის ვიქნებოდი, პურზე გამგზავნეს. უკან რომ ვბრუნდებოდი, ქუჩის გასწვრივ სახლის პირველი სართულიდან მოხუცი ცოლ-ქმარი იცქირებოდა. რატომღაც გამომელაპარაკნენ, რუსულად საუბრობდნენ. კაცმა მითხრა, რომ ის მხატვარი იყო და თუ მსურდა, შემეძლო მათთან შევსულიყავი, ის კი ნახატებს დამათვალიერებინებდა. მახსოვს, ავღელდი და მათთან გაუბედავად შევედი. ასე აღმოვჩნდი პირველად მხატვრის სახელონოში. მოხუცი გულდასმით მიჩვენებდა თავის შემოქმედებას, ერთადერთ ნახატზე, რომელიც თვალნათლივ დამამხსოვრდა, იმ დროის პოლიტბიუროს წევრები იყვნენ გამოსახული. მოხუცი მხატვრისა და მისი წითურთმიანი მეუღლის სახეები კი დღემდე მახსოვს. ჩემი პირველი სტუმრობა მხატვრის სახელოსნოში ძალიან შთამბეჭდავი იყო. საბავშვო თემატიკაზე ხატვა ბავშვობიდანვე მომწონდა, რადგან ეს თემა ჩემთან ახლოსაა…
- საერთოდ მხატვრები ამა თუ იმ ზღაპრისთვის ხატავენ, მეჩვენება, რომ თქვენი პერსონაჟები თავის ამბებს “მოგვითხრობენ“…
- ხანდახან უკვე მომხდარ ამბავს ვხატავ, ან ამბავს ჩემი ან ჩემი ახლობლების ცხოვრებიდან. ხშირად აინტერესებთ, რა ვითარებაში ვხატავ, ჩემი პერსონაჟების შესაქმნელად განსაკუთრებული გარემო არ მჭირდება, მთავარია, სიმშვიდე იყოს და კარგი განწყობა მქონდეს.6 თუ ხატვით არ ვარ დაკავებული, მაშინ ახალი ნახატის სიუჟეტზე განუწყვეტლივ ვფიქრობ. მიხარია, რომ ჩემი ნახატები ხალხს მოსწონს და ამის შესახებ ხშირად მეუბნებიან კიდეც. ჩემთვის ყველა შეფასება განსაკუთრებულია. ჩემს შვილებზე თუ მკითხავთ, რა თქმა უნდა მათაც მოსწონთ. ისინი ხომ ჩემი ყველაზე ერთგული გულშემატკივრები არიან.
-ზღაპრის წერა თუ გიცდიათ და თქვენს პერსონაჟებს სახელებს თუ არქმევთ?2
-ზღაპრის წერა არ მიცდია, ვფიქრობ, კარგად არ გამომივა. პერსონაჟებს არა, მაგრამ ნახატისთვის სახელის დარქმევა მართლა მიყვარს. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი გმირი სერგეი კოზლოვის ზღაპრის “ზღარბი ნისლში”-ს მიხედვით, იური ნორშტეინის მიერ შექმნილი ანიმაციის პერსონაჟი ზღარბია. ის რომანტიული და სევდიანია.
- თქვენი გმირების გაცოცხლებაზე ხომ არ გიფიქრიათ?
- ანიმაციურ ფილმებს მე ვერ გავაკეთებ, ამას ცოდნა უნდა, თუმცა ჩემი რომელიმე პერსონაჟის გაცოცხლება მართლა საინტერესო იქნებოდა.
- თუ შეიძლება, გაიხსენეთ, რომელი საბავშვო წიგნებისთვის გაქვთ ილუსტრაციები დახატული?
- მე თავისუფალი მხატვარი ვარ და როდესაც რაიმე წიგნს ვაფორმებ,- სხვადასხვა გამომცემლობებთან ვთანამშრომლობ. საბავშვო ილუსტრაციებზე მუშაობა ძალიან მსიამოვნებს, ბევრ ავტორთან ვარ ნამუშევარი, ჩამოგითვლით: მაკა მიქელაძისა და ჯემალ ქარჩხაძის “ბერძნულ–რომაული მითები”, დავით ჯავახიშვილის “ბიძია სევას ამბები”, ზაზა თვარაძის “მონტებულსუ, ანუ ელის არაჩვეულებრივი მოგზაურობა”, ნინო გორდელაძისა და გვანცა ჩხენკელის I–II კლასის “დედა ენა“, ანე–კატარინე ვესტლის “დედა, მამა, 8 ბავშვი და საბარგო მანქანა”, მაკა მიქელაძის “ქართული მითები და ზღაპრები”, დავით ზურაბიშვილის “მოგზაურობა სიზმარეთში” და იან კარაფიატის “ციცინათელები”.
- ქალბატონო ნინო, თუ ყოფილა შემთხვევა, რომ თქვენი ნახატი ვიღაცის მუზა გამხდარა?
- სხვათა შორის ასეთი რამ მომხდარა. მიხარია, როცა მწერენ, რომ ჩემი ნახატების დათვალიერების შემდეგ ვიღაცას თურმე წერა მოუნდა, ვიღაცას კი – ხატვა.3
- საოცარი პერსონაჟებია და პროტოტიპები თუ ყავთ მათ?
- ჩემს ზოგიერთ პერსონაჟს ჰყავს პროტოტიპი, ზოგი კი ჩემი ფანტაზიის ნაყოფია. მიხარია, როდესაც მაყურებელი ნახატში ამბავს წაიკითხავს. ზოგჯერ ისეც ხდება ადამიანი ჩემს ჩანაფიქრს სხვანაირად აღიქვამს და სიუჟეტს განსხვავებულ ახსნას მოუძებნის, ეს ჩემთვის ძალიან საინტერესოა, მომწონს როცა ასეც ხდება. თუმცა ეს არც ისე ხშირად ხდება, მაგრამ მიხარია, როდესაც ბავშვი ჩემს ნახატებზე გამოთქვამს თავის აზრს. ხშირად ვხატავ ბაბუას ჩემთან ერთად, ასევე ჩემს თავს ხეზე. ბაბუა 96 წლის გარდაიცვალა. ბავშვობაში, როდესაც ზაფხულში ერთად ვიყავით სოფელში, შვილიშვილებისა და შვილთაშვილებისთვის ყოველთვის ჰქონდა ჯიბეში კანფეტები. ჩემს უფროსს შვილსაც მოესწრო, მასაც ასევე ესიყვარულებოდა და ანებივრებდა. მახსოვს, ძილის წინ აუცილებლად გვიყვებოდა ზღაპრებს და ალბათ ჩემი ნახატები დღესაც იმ ზღაპრების გავლენას განიცდიან…
თეონა გოგნიაშვილი