შემადგენლობა

ნიგოზი - 1 კგ
თაფლი - 600 გრ (ღია ფერის)
შაქარი - 2-3 ჩ/კ
მომზადება

 

 

ახლოვდება ახალი წელი.
ახალი წლის სუფრა წარმოუდგენელია გოზინაყის გარეშე.
გთავაზობთ გოზინაყის რეცეპტს.
ავიღოთ ღია ფერის მსხვილი ნიგოზი. იმისათვის, რომ გოზინაყი გამოვიდეს ღია ფერის , საჭიროა მოვაცალოთ ნიგოზს კანი. ეს საკმაოდ შრომატევადი პროცესია. თუ გვინდა რომ ნიგოზი ადვილად გაიფცქვნას, დავასხათ მდუღარე წყალი, გავაჩეროთ 2 წუთი და მერე დავასხათ ცივი წყალი. მაგრამ ამ შემთხვევაში მას ეცვლება გემო. გაფცქვნის შემდეგ დავჭრათ ნიგოზი.
დავჭრათ ნიგოზი
დავყაროთ ნიგოზი გაცხელებულ თუჯის ტაფაზე და შევწვათ დაბალ ცეცხლზე, თან ვურიოთ.
დავყაროთ ნიგოზი ტაფაზე
გადმოვყაროთ ნიგოზი ტაფიდან.
ტაფაზე დავასხათ თაფლი, ჩავყაროთ 2 ჩ/კ შქარი და დავდგათ დაბალ ცეცხლზე და მუდმივად ვურიოთ.
გავაცხელოთ თაფლი
როცა თაფლი გათხელდება და დაიწყებს დუღილს, გადმოვდგათ და გავაგრძელოთ მორევა სანამ არ გაცივდება.
ასე გავიმეოროთ 3-ჯერ.
გავაცხელოთ თაფლი ჩავყაროთ შაქარი
მესამედ გაცივების შემდეგ თაფლი ისევ დავდგათ ცეცხლზე და დავაყაროთ ნიგოზი. კარგად ავურიოთ ერთმანეთში და გავაჩეროთ რამოდენიმე წუთი.
ავურიოთ ნიგოზი და თაფლი ერთმანეთში
ჩვენ წინასწარ უნდა გვქონდეს მომზადებული დაფა. დავასველოთ ის წყლით, ეს იმისთვისაა საჭირო, რომ გოზინაყი ადვილად მოძვრეს დაფიდან. გადმოვიღოთ ტაფიდან თაფლში არეული ნიგოზი, დავდოთ სველ დაფაზე და დავიწყოთ გაბრტყელება ცომის სველი გასაბრტყელებლით. თავიდან ადვილი გასაბრტყელებელია, სანამ თაფლი არ გასქელდება. ამიტომ საჭიროა მალე გავაბრტყელოთ, რომ თაფლი არ გაგვიცივდეს.
გავაბრტყელოთ ოთხკუთხედის ფორმაზე.
გავაბრტყელოთ გოზინაყი
ცოტა დავაცადოთ გაცივება და დავჭრათ რომბებად.
დავჭრათ გოზინაყი
დავაწყოთ თეფშებზე.

 


გემრიელად მიირთვით!