"კომედი გრუპის" მსახიობების, ვახო ბიჭიკაშვილისა და ეკა აბშილავას მეგობრობა ისეთ ფაზაშია, როცა თქმაც არ სჭირდებათ, ისე უგებენ ერთმანეთს, რა აწუხებთ, რა უხარიათ. თეატრალური უნივერსიტეტიდან ერთად მოდიან და სკეტჩებშიც პარტნიორები არიან. ქართლელ ბიჭიკაშვილს "ორი" მეგრელი ცოლი ჰყავს – ეკრანზე ეკა აბშილავა, ჟიმნი მებონიას მეუღლის სახით, ცხოვრებაში კი – სოფო რევია, თუმცა მეგრული ენა ერთზეც და მეორეზეც უკეთესად იცის.


– როდის გაიცანით ერთმანეთი, სად დამეგობრდით?


ვახო: ეკასთან წლების მეგობრობა მაკავშირებს, მაგრამ ეკრანზეც თუ დავმეგობრდებოდით, არ მეგონა.


ეკა: ჩვენ ჯგუფელები ვიყავით, თეატრალური უნივერსიტეტიდან ერთად მოვდივართ. სპექტაკლშიც გვითამაშია ერთად. ძალიან კარგად მახსოვს მაშინდელი ვახო – პატარა, გამხდარი ბიჭუნა.


ვახო: მეც მახსოვს მუდმივად მოწესრიგებული ეკა. ჯგუფში თუ რამე კარგად ვერ გვქონდა, ეკა გვეხმარებოდა. მას თემა სულ ჰქონდა მომზადებული, ჩვენ კი, ბიჭები, ძირითადად წინა ღამის ნამთვრალევი ვიყავით ხოლმე.


ეკა: ვახო კარგი, ნიჭიერი ბიჭი იყო. მასთან ერთად ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები მაქვს გატარებული.
ვახო: ერთ ისტორიას გავიხსენებ: თეატრალურში დავალება გვქონდა, ეტიუდები უნდა მოგვემზადებინა. ეკა ერთ–ერთ ეტიუდს აკეთებდა, მე რეჟისორის ასისტენტს მუსიკის ჩართვაში ვეხმარებოდი...


ეკა: ეტიუდი დრამა იყო...


ვახო: მუსიკა უნდა ჩამერთო, რომელიც იმ კონკრეტულ მომენტს უფრო გაამძაფრებდა და ამ დროს რა ვქენი? "პატარა ხარ, პატარა ხარ..." – ჩავურთე. ვიხუმრე, ჩემი ჯგუფელები გავაცინე, მაგრამ აუდიტორია იმ წამსვე დამატოვებინეს. იმ დროს "კავეენსაც" ვთამაშობდი და უნიკალურობას ვაწვებოდი.


ეკა: ვახოს ამ საქციელის გამო ძალიან ბევრი ვიცინეთ, მაგრამ რეჟისორი საოცრად გაგვიბრაზდა.
ვახო: ჯგუფურ დანაშაულში ჩაგვითვალეს, თითქოს ამათაც იცოდნენ, რის გაკეთებას ვაპირებდი. სინამდვილეში კი არ იცოდნენ. უცებ მომივიდა თავში ასეთი მაიმუნობა.

 

– "კომედი გრუპში" როგორ აღმოჩნდით ერთად?


ეკა: ვახომ მომიყვანა. როცა კასტინგი გამოცხადდა, მითხრა, ორი გოგონა სჭირდებათო და მე და მაშო მელქაძე ერთად მოვედით. ჩვენ ვდაქალობთ და პირობა გვქონდა ასეთი, მუშაობას იმ შემთხვევაში დავიწყებდით, თუ ერთად აგვიყვანდნენ. მართლაც ასე მოხდა.


ვახო: ეკას შესაძლებლობები ძალიან კარგად ვიცოდი, ერთ–ერთ სპექტაკლში ცოლ–ქმრის თამაშიც კი მოგვიწია.


– ცოლ–ქმარს ახლაც თამაშობთ სკეტჩში.


ვახო: ეკა ცირას – ჟიმნი მებონიას ცოლს თამაშობს. თავიდან ცირა ვირტუალური პერსონაჟი იყო, კონცერტებზე კი გადავწყვიტეთ, რომ ეს პერსონაჟი შემოგვეყვანა. ასეთ ლამაზ გოგოს ცოტა სოფლურად რომ ჩააცვეს, სახალისო გამოვიდა.


– ვახო, ჟიმნი მებონია თავისი "საფირმო" ფრაზებით – "კალოჩე", "მოსკოვები და დონეცკები" – პოპულარული პერსონაჟია. როგორ დაიბადა ეს გმირი?


ვახო: ეს ჩემი იდეა იყო. ბევრი ნათესავი მყავს სამეგრელოში, ისინი ჟიმნისნაირები არ არიან, ასე არ იქცევიან, მე უტრირება მოვახდინე, მაგრამ ახლახან ვიყავი მოსკოვში და იქაურობა ჟიმნებს მიაქვთ. იქ რამდენიმე ადამიანში ის დავინახე, რასაც მე ვაკეთებ.


– ვახო, მეგრული ენაც იცით?


ვახო: ბავშვობიდან სულ ვცდილობდი, მეგრული მესწავლა, მაგრამ ვერ ვისწავლე, ამიტომ მხოლოდ მიახლოებული კილოკავით შემოვიფარგლები.


– ეკა, აბშილავას გვარის ხართ და თქვენ გეცოდინებათ მეგრული.


ვახო: ეკას მეგრული ძალიან უცნაური, რაღაცნაირი, ჩინურია.


ეკა: სამწუხაროდ, არ ვიცი.


ვახო: მე ცოლიც მეგრელი მყავს. მართალია, არც მან იცის მეგრული, მაგრამ ვიღაცეები მპირდებიან, რომ გარკვეულ ეტაპზე მეგრული მეცოდინება.


– მეგრელები სიძეს არ გიბრაზდებიან მათ გაშარჟებაზე?


ვახო: სხვათა შორის, არა. ჩემს ცოლს კარგი სანათესაო ჰყავს, ამ ყველაფერს იუმორით ხვდებიან. უფრო მეტიც, ახალ–ახალ რაღაცეებს ელოდებიან ხოლმე.


ეკა: ვთვლი, რომ ჩვენს ხუმრობებს ხალხის გაღიზიანება არ უნდა მოჰყვეს, რადგან ამ ყველაფერს ცუდი ფორმით არ ვაჩვენებთ.


ვახო: არ მომწონს ფრაზა: "რატომ დაგვცინი?". ეს კითხვა ბევრჯერ დაუსვამთ, როცა კასპელ ზაურას ვთამაშობდი. მე არავის დავცინი! ჩემი კუთხე, ქართლი, ძალიან მიყვარს და მომწონს ის იუმორი, რაც საჯაროდ გამომაქვს.


ეკა: როცა განსხვავებულ ტიპს დაინახავ, სულ გინდა, უყურო, დააკვირდე, ნახო, როგორი მანერები აქვს, რომ სკეტჩში გამოიყენო. ჩვენს ხუმრობებზე არავინ გვეჩხუბება, მაგრამ შენიშვნასავით გვაძლევენ ხოლმე.


ვახო: ეს არის "კომედი შოუ", იუმორისტული გადაცემა. თუ გადაწყვეტ, რომ ის ნახო, მაშინ გასაცინად უნდა უყურო და არა – ადამიანების გასაკრიტიკებლად...


– როცა ერთმანეთის თამაშს უყურებთ, სიცილისგან თავის შეკავებას როგორ ახერხებთ?


ეკა: ეს ძალიან რთულია. როცა ვახო ზაურას თამაშობს, სიცილით ვკვდები. ეს ტიპი მევასება, ვგიჟდები!


ვახო: სკეტჩის დროს შეიძლება უცებ ისეთი ფრაზა თქვა, რომელიც სცენარში არ არის და საშინლად გაგეცინოს.


ეკა: ჩვენთან იმპროვიზაცია ძალიან დიდი დოზითაა. შეიძლება ზუსტად ისე კი არ თქვა, როგორც ტექსტში წერია, არამედ მისი შინაარსი გადმოსცე. თეატრალურ უნივერსიტეტში მიჩვეული ვიყავი, როცა პიესას მაძლევდნენ, სიტყვასიტყვით უნდა მესწავალა, აქ კი ამის აუცილებლობა არაა.
ერთ–ერთი პირველ სკეტჩში ნიკა გრიგოლიასთან ერთად ვთამაშობდი. სცენარი მომცეს, ვისწავლე, სკეტჩის ჩაწერის დროს კი ნიკამ თავისი იმპროვიზაციით სულ სხვა რაღაც თქვა, რასაც არ ველოდი. მე სხვა რეპლიკა მქონდა ნასწავლი. აქ იმპროვიზაციისთვის მზად უნდა იყო. ჩემი აზრით, დღეს ეს უკვე კარგად გამომდის.
ვახო: რა თქმა უნდა, ეკა გაზრდილია. რამდენი წელია, აქ ხარ? სამი წელი, ხომ? ეკას ძალიან ბევრი როლის თამაში მოუწია და ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ყველაფერს ალღო აუღო. თან გადასარევი ფიზიკური მონაცემები აქვს.


– ეკა, ჟიმნის რუსი შვილის როლიც შეასრულეთ, მაგრამ, მგონი, რუსული კარგად არ იცით, არა?


ეკა: არ ვიცი. სკეტჩში პირველივე ფრაზა შეცდომით ვთქვი: "ოი, მაია პაპა!". სცენარი ქართულად იწერება და რუსულად საუბარი რაღაცნაირად შენ უნდა მოახერხო. მე კი ეს მიჭირს, რადგან ამ ენასთან ყოველდღიური შეხება არ მაქვს.


ვახო: ეკას სკეტჩში რუსული წყალივით რომ სცოდნოდა და ასე ესაუბრა, მგონი, საინტერესო არ გამოვიდოდა.


– "კომედი გრუპში" სამი ქალია – ეკა, თამუნა ლეკვეიშვილი და თათია სულუაშვილი. თქვენს მამაკაცურ კოლექტივში მათ არ უჭირთ?


ვახო: მიუხედავად იმისა, რომ აქ ბევრი ტახი კაცი ვმუშაობთ, მათთან ურთიერთობა არ გვიჭირს. სამივე სხვადასხვანაირი გოგოა, ინდივიდუალურები არიან. კარგი გაგებით, ეკას თავისი "ხუშტურები" აქვს, თათიას და თამუნას – თავიანთი.


– მაგალითად, ეკას რა "ხუშტურები" აქვს?


ვახო: ისეთი არაფერი, მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანია, მაგრამ ამავდროულად გიჟი და გადარეულიცაა. თუ მეგობრული წვალებით თავს მოვაბეზრებ, შეიძლება ამაზე მებუზღუნოს. ერთი პერიოდი ჩვევად მქონდა, ეკას მობილურ ტელეფონს ავიღებდი, დაჭყანულ, ენაგადმოგდებულ სურათს გადავიღებდი და ეკრანზე ვუყენებდი.


ეკა: ხომ შეიძლება ერთხელ ან ორჯერ გაიხუმრო? ტელეფონს დავდებდი თუ არა, ასე იქცეოდა.


ვახო: მერე მუღამში ჩავარდა, ელოდებოდა, კიდევ ვიზამდი თუ არა.


– თქვენი მეგობრობა შოუს მიღმა როგორ გრძელდება, ერთმანეთის პირად ცხოვრებაში რამდენად ჩახედული ხართ?


ვახო: ეკა როცა შეყვარებულია, რაღაცნაირად ეტყობა. მეგობრულად ვეკითხები ხოლმე, რას შვრები–მეთქი. დეტალურად კი არ ვეჭორავები, მაგრამ მინიშნებებით ვსაუბრობთ.


ეკა: ვახო უჩემოდ წუთი ვერ იცოცხლებს. მისგან არაფრის მოყოლა მჭირდება, ისედაც ყველაფერს ვხვდები.