ტერეზა მეის თქმით, ლონდონში ღამით მომხდარი ფაქტი „პოტენციურ ტერორისტულ თავდასხმად“ განიხილება
ამობეჭდვა · 2017-06-19 10:47:00 · 108 ნახვა

ლონდონში „ფინსბერი პარკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ მინისტრთა კაბინეტის საგანგებო შეხვედრა დანიშნა - იუწყება „ბი-ბი-სი“. პრემიერის განცხადებით, სამართალდამცველები მომხდარს უკვე „პოტენციური ტერორისტული თავდასხმად“ განიხილავენ. 00:20-ზე მიკროავტობუსი მეჩეთიდან გამოსულ ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა. დაღუპულია ერთი მამაკაცი, დაშავებულია - 10. 8 მათგანი მკურნალობას საავადმყოფოში გადის. მოქალაქეებმა პოლიციის მისვლამდე მიკროავტობუსის მძღოლი - 48 წლამდე მამაკაცი დამოუკიდებლად დააკავეს, შემდეგ კი, სამართალდამცველებს გადასცეს. პოლიცია თავდაპირველად, მომხდარს „სერიოზულ ინციდენტად“ აფასებდა. 

დიდი ბრიტანეთის მუსლიმური საბჭო მომხდარს ისლამურ საზოგადოებაზე გამიზნულად განხორციელებულ თავდასხმად აფასებს. საბჭოს თავმჯდომარე „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ მძღოლმა გამიზნულად გადაუარა ხალხს, რომელიც რამადანის წმინდა თვეში, საღამოს ლოცვის შემდეგ მეჩეთიდან გამოდიოდა. ამ დროისთვის, ტერიტორია სამართალდამცველებს აქვთ გადაკეტილი.

 

1tv.ge