მღებრიშვილი "ბირჟა მაფიის" კლიპზე: არც იმდენი თავისუფალი დრო მაქვს, რომ ინტერნეტში რომელიმე რეპ-ჯგუფის სიმღერებს ვუსმინო
ამობეჭდვა · 2017-06-19 11:47:00 · 174 ნახვა

შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი "პრაიმტაიმთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ,,ბირჟა  მაფიას" კლიპის შესახებ საუბრობს. 

 

მისი თქმით, ეს კლიპი სამართალდამცავებისა და ზოგადად, მთელი პოლიციის დაკნინებისა და შეურაცხყოფის მცდელობაა. 

 

"სხვათა შორის, აქამდე არ გამიკეთებია ჩემი შეფასება ამ ახალგაზრდების კლიპთან დაკავშირებით და ახლა პირველად დავაფიქსირებ ჩემს მოსაზრებას. სიმართლე გითხრათ, ეს კლიპი მოგვიანებით ვნახე, როცა მათი დაკავება მათ ნამუშევარს დაუკავშირეს. არც იმდენი თავისუფალი დრო მაქვს, რომ ინტერნეტში რომელიმე რეპ-ჯგუფის სიმღერებს ვუსმინო. მაგრამ, თუ გამოხატვის თავისუფლებაზე ვისაუბრებთ, მგონი, მეც მაქვს უფლება, გამოვხატო ჩემი აზრი, როგორც მოქალაქემ და როგორც ამ ქვეყნის შს მინისტრმა. ჩემთვის ეს არის ქვეყნის სამართალდამცველების შეურაცხყოფის მცდელობა. ეს არ იყო ერთი რომელიმე კონკრეტული ფიგურის გაშარჟება, ეს იყო განზოგადებულად – მთელი პოლიციის დაკნინების მცდელობა. პოლიცია კი არის ის, რაზეც ქვეყნის უსაფრთხოება დგას და სადაც ბევრი, საქმისა და ქვეყნისადმი თავდადებული და პროფესიონალი ადამიანი მუშაობს", - განუცხადა "პრაიმტაიმს" შს მინისტრმა.