"ირაკლი რომ დავინახე, მეგონა, დეჟავიუ მჭირდა" - სალომე ჭაჭუა
ამობეჭდვა · 2017-06-19 16:33:00 · 280 ნახვა

ეს ის წყვილია, რომელიც „ცეკვავენ ვარსკვლავების“ სცენაზე სასწაულებს სჩადის. პროექტი ფინალისკენ მიდის და ლიდერებიც უკვე აშკარა ხდება. სალომე ჭაჭუასა და ირაკლი მაქაცარიას დუეტმა ჟიურიც და მაყურებელიც არაერთხელ გააოცა. განსაკუთრებით ლამაზი სანახავი იყო მათ მიერ ბოლო ლაივზე წარმოდგენილი ქონტერპორარი, რომელმაც დუტა ისე დააბნია, ვერ ვლაპარაკობო, აღიარა. ამდენი რომანტიკული ცეკვის შემდეგ მაყურებელში გაჩნდა კითხვა, ხომ არ გაჩნდა სიყვარულის ძაფები წყვილს შორის.


ირაკლი და სალომე ლაივის დამთავრებისთანავე, ჯერ კიდევ ემოციების ქვეშ ჩავწერეთ. 

– სალომე, გაამართლა ირაკლიმ, როგორც მეწყვილემ?


– სხვათა შორის, პირველი სეზონი იყო, როცა მთლიანად მივენდე პროდიუსერებს მეწყვილის შერჩევის მხრივ. არ ვიცი, ალბათ, გული მიგრძნობდა, რომ საუკეთესო პარტნიორი შემხვდებოდა. ირაკლი პირველად რომ დავინახე, მეგონა, დეჟავიუ მჭირდა. რაღაცით ჩემს მეწყვილეს წინა სეზონზე, ანდრია გველესიანს მივამსგავსე. მერე, რომ გავიცანი, მივხვდი, რომ სხვადასხვანაირი ადამიანები არიან. თავიდან ისიც ვიფიქრე, რომ ირაკლი ცეკვისთვის ზედმეტად ათლეტური იყო და პლასტიკასთან და მოძრაობებთან დაკავშირებით წინაღობები გვექნებოდა. საბედნიეროდ, შევცდი. მაქსიმალურად იწურება და თავიდან ბოლომდე მყვება. მთლიანად იხარჯება რეპეტიციებზე, დაუზარელია. 24 საათი რომ დაგვჭირდეს მომზადება, ბოლომდე მომყვება ისე, რომ ერთხელ არ დაიწუწუნებს. 


– მითხარი, მანამდე ვკითხულობდი, ვინ იყო ჩემი მეწყვილეო, გაგიპროტესტებია პარტნიორი?


– თუ დაასაბუთებ, რომ ეს მე არ მიხდება, შეიძლება დათმობაზე წასვლა. აქ ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი: სიმაღლე, ვიზუალი, ძალთა თანაფარდობა, ორივე ძლიერი არ უნდა იყოს, რომ თანაბარ პირობებში იყვნენ წყვილები. და რაც მთავარია, უნდა უხდებოდნენ ვიზუალურად ერთმანეთს. 


– როცა პირველ ტურებს უყურებ, რა განსხვავებას ხედავ?


– ძალიან დიდი ზრდაა. თუ თავდაუზოგავად შრომობ, რაც არ უნდა ნულიდან დაიწყო, აუცილებლად ამართლებს, ირაკლის შემთხვევაშიც ასე მოხდა.


– ფაქტობრივად, ერთად ცხოვრება გიწევთ ამ პროექტის ფარგლებში. თუ კამათობთ, როგორ ეწყობით ერთმანეთს ხასიათებით?


სალომე:


– ნამდვილად ასე გამოდის, ერთად ვცხოვრობთ სარეპეტიციო დარბაზში. გულწრფელად გეტყვით, ირაკლი ერთადერთი მეწყვილეა, რომელთანაც დაძაბულობა ან რაიმე გაუგებრობა არ მქონია. საოცრად პოზიტიური ადამიანია, წარმოუდგენელია, მასთან რაიმე საკითხზე იკამათო. ძალიან მაგარი იუმორის გრძნობა აქვს და ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვის ადამიანში. 


ირაკლი:


– ბევრი ამბობდა, რომ ცუდი ხასიათი აქვს სალომეს, მკაცრია. ისინი, ალბათ, არ იცნობენ სალომეს. მომთხოვნი არის, ოღონდ ზომიერად. თუ აკეთებს, აკეთებს ბოლომდე, თუ არ აყევი და გეზარება, სალომე კი არა, ნებისმიერი გახდება მკაცრი. 


– სულ არაფერზე არ კამათობთ?


ირაკლი:


– კვების რაციონის შემცირებაზე. ძალიან ბევრს ჭამს, სამ დღეში ერთხელ (იცინიან). არა, მართლა არ ვკამათობთ, უბრალოდ, როცა ტვინი მეთიშება, მეუბნება ხოლმე, ცოტა აზრზე მოდი, ბიჭოო (იცინის). 


– ირაკლი, აქამდე გქონია შეხება ცეკვასთან?


– ქართულს ვცეკვავდი მეოთხე კლასამდე. სულ ესაა ჩემი გამოცდილება. პროფესიონალური შეხება მას მერე არ მქონია. აი, ახლა სალომეს მიმაბარეს და ესაა ჩემი გამოცდილება. დანარჩენს კი ხედავთ, უკვე მეორე ტურია, მაქსიმალურ ქულებს ვიმსახურებთ სალომეს წყალობით.


– მთლად სალომეს ნუ დააბრალებ ახლა მაგას...


– (იღიმება) ძალიან რთული პროექტია, ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად. ფიზიკურად იმდენად არა, რამდენადაც ფსიქოლოგიურად. არ ვარ სუსტი ადამიანი, მაგრამ მართალი გითხრათ, გამიჭირდა. უძილობა, ნერვიულობა, სტრესი, ბოლო კვირები ფსიქოლოგიური ზეწოლაც დაემატა.


– რას გულისხმობ?


– დიდი ინტერესია ამ პროექტის მიმართ. გაჩნდა ინტერესი ჩვენი წყვილის მიმართ, სხვა წყვილების მიმართ და ამან დაძაბულობა გამოიწვია. მიდის შედარება. ბოლო პერიოდში გააქტიურდნენ სხვა წყვილების გულშემატკივრები და აგრესიულ დამოკიდებულებას ამჟღავნებენ ჩვენ მიმართ. ეს ძირითადად სოციალურ ქსელში ხდება და გულდასაწყვეტია. ჩვენ ყველა წყვილთან კარგი ურთიერთობა გვაქვს და არ მინდა ასეთმა კომენტარებმა იმოქმედოს ჩვენს მეგობრობაზე.


ხილეთ ვრცლად