აბესაძის საქმეში ცნობილი ტელეჟურნალისტი ფიგურირებს - რას ედავება გამოძიება მერიის ყოფილ თანამშრომელს?
ამობეჭდვა · 2017-07-17 12:47:00 · 832 ნახვა

ოთარ აბესაძე, რომელსაც, „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდაჭერის გამო, ინტერნეტმედიაში ხშირად „ოცნების ბიჭის“ მეტსახელითაც მოიხსენიებდნენ, გასულ კვირას სუს-მა ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა. 

გამოძიების ვერსიით, ოთარ აბესაძე საქართველოს მოქალაქეებს თბილისში მდინარე მტკვარზე, ტივზე არსებული კაფეს და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის საჭირო ნებართვების, თბილისის მერიის სხვადასხვა სამსახურებიდან, დაჩქარებული წესით აღებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც, ქრთამის სახით, 3000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა.

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა იმ პირის ვინაობა, რომელიც მეორე მხარედ ფიგურირებს. ჩვენი ინფორმაციით, მტკვარზე რესტორნის მოწყობის მიზნით აბესაძესთან მოლაპარაკებებს ვინმე ზვიად ჩიხლაძე აწარმოებდა. როგორც ჩვენი წყარო გვიყვება, ჩიხლაძე ოთარ აბესაძესთან ერთ-ერთმა ცნობილმა ტელეჟურნალისტმა დააკავშირა.  

გამოძიების ინფორმაციით, აბესაძემ მასთან მისულ ჩიხლაძეს განუმარტა, რომ თბილისის მერიის არქიტექტურის, ქონებისა და ზედამხედველობის სამსახურებში ყველა საკითხი შეთანხმებული იყო მის მიერ და ტივის მოსაწყობად საჭირო სამუშაოები შეეძლოთ, უპრობლემოდ დაეწყოთ. ამასთანავე, იგი უზრუნველყოფდა, რომ სარემონტო სამუშაოების წარმოებისას არ მომხდარიყო მათი დაჯარიმება თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების მიერ.

სისხლის სამართლის საქმეში დევს ფარული აუდიო-ვიდეომასალაც. ოთარ აბესაძის ბრალდების საქმის პროკურორის, ირაკლი მარშანიას ინფორმაციით, ფარულ ჩანაწერებში ოთარ აბესაძე კონკრეტული თანამდებობის პირებსა და სახელებსა და გვარებს ახსენებს. 


კონკრეტულად, რომელ ჩინოსანს ახსენებს ბრალდებული, ამაზე პროკურორი არ საუბრობს, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ზურაბ წიკლაურია. ამ უკანასკნელს პრესსამსახურის მეშვეობით დავუკავშირდით, რათა გაგვერკვია, რა ჩვენება მისცა მან გამოძიებას, თუმცა წიკლაურმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა.  პროკურორი კი ასეთ განმარტებას გვაძლევს:

„მერიის მაღალჩინოსნებთან დაკავშირებით სხვა განმარტებას ვერ მოგცემთ, ვინაიდან მიმდინარეობს გამოძიება და მას ხელს ვერ შევუშლი. სახელებსა და გვარებს, ასევე, კონკრეტულ თანამდებობის პირებს ახსენებს. მერიის თანამშრომლების ნაწილი დაკითხულია, ნაწილი დაიკითხება. გამოძიება ამჟამად ბევრ ვერსიაზე მუშაობს“, – განაცხადა პროკურორმა და იქვე არ გამორიცხა, რომ საქმეზე სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. 

პროკურორმა, ასევე, აღნიშნა, რომ ფარულ ჩანაწერებში ჩანს, რომ მოქალაქეს ქრთამს უშუალოდ ოთარ აბესაძე სთხოვს. 


„საქმის მასალებით, ფარული აუდიო-ვიდეომასალებით დადგენილია, რომ მოქალაქეს ფულს თავად ოთარ აბესაძე სთხოვს. ეს მითითებულია ამ ჩანაწერებში რამდენიმე ადგილას. ადვოკატის განცხადება, რომ ჩანაწერებში მსგავსი რამ არ არის, ბუნებრივია, რადგან ის ბრალდებულის უფლებებს იცავს მაქსიმალურად. თუმცა, რეალობა სხვაა და ჩანაწერებში პირდაპირაა მითითებული, როგორ სთხოვს ოთარ აბესაძე მოქალაქეს 3000 დოლარს. მეტიც, არსებობს ჩანაწერები, რომ მოქალაქე ეუბნება, – მხოლოდ 1000 დოლარი მაქვსო, ოთარ აბესაძე კი, თავის მხრივ, უფიქსირებს, რომ 1000 დოლარი საკმარისი არაა და დანარჩენი თანხა მოიძიოს“, – განაცხადა ირაკლი მარშანიამ.


სრულიად საწინააღმდეგოს ამტკიცებს დაცვის მხარე. ბრალდებულის ადვოკატი ირმა ჭკადუა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, რომ მსგავსი შინაარსის ჩანაწერები საქმეში არ მოიპოვება. დაცვის მხარე ბრალდების ფორმულირების შეცვლასაც ითხოვს.


ირმა ჭკადუა, ადვოკატი:

– ჩვენ არ ვეთანხმებით ბრალის ფორმულირებას, ვინაიდან ბატონი აბესაძე არ გახლდათ საჯარო მოხელე და, შესაბამისად, ვერანაირ ქრთამს ვერ აიღებდა. აღნიშნულის შესახებ პირადად დავუსვი კითხვა პროკურორს და სასამართლო პროცესზე საკუთარი ხელით გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ 2017 წლის პირველი ივლისიდან ოთარ აბესაძე აღარ არის საჯარო მოხელე. ის დანიშნული გახლდათ ისეთ თანამდებობაზე, რომელიც საჯარო მოხელის სფეროს არ მოიცავს. 

– და უშუალოდ ფაქტი როდის მოხდა? პირველ ივლისამდე თუ მას შემდეგ? 
– გამოძიება ამ საქმეზე დაწყებულია 2017 წლის 8 ივლისს, ანუ მას შემდეგ, რაც ის უკვე აღარ გახლდათ საჯარო მოსამსახურე. ამ პერიოდში ოთარ აბესაძე დასაქმებული იყო მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილის კონსულტანტად. 

– თქვენ ითხოვთ საქმის გადაკვალიფიცირებას სხვა მუხლზე? კონკრეტულად რომელ მუხლზეა საუბარი?
– ამჟამად მას ბრალი აქვს წარდგენილი ქრთამის აღების მუხლით, რაც, როგორც უკვე მოგახსენეთ, სრულიად დაუსაბუთებელია, ვინაიდან ქრთამის აღება ეხება მხოლოდ საჯარო მოხელეს. რეალური კვალიფიკაცია უნდა დაზუსტდეს. საქმის მასალებში საუბარია გარკვეულ საჩუქარზე და არსად არცერთ მტკიცებულებაში არ ფიგურირებს, რომ ოთარ აბესაძე ქრთამს ითხოვს, მით უმეტეს საუბარი არ არის 3000 დოლარზე. ჩვენი ღრმა რწმენით, მასთან მიგზავნილია აგენტ-პროვოკატორი, რომელიც თავად ცდილობდა აბესაძის წამოგებას ქრთამის აღებაზე. 

– თუმცა პროკურორი საუბრობს ფარულ ჩანაწერებზე, სადაც თითქოს ისმის აბესაძის სიტყვები, – 1000 დოლარი საკმარისი არ არის და დანარჩენი თანხაც უნდა იშოვოო... ასეა?
– მსგავსი არაფერია ამ ჩანაწერებში. ბრალდების მხარე არასწორ ინტერპრეტირებას აკეთებს. 

– თქვენი პოზიცია როგორია, ის საერთოდ უდანაშაულოა, თუ სხვა, შედარებით მსუბუქ დანაშაულზე ცდილობთ საქმის გადაკვალიფიცირებას?
– თუკი რაიმე სახის გადაცდომას ჰქონდა ადგილი, სწორედ ამის დაზუსტება უნდა მოხდეს. ცალსახაა, რომ ბრალი, რომელიც მას დღეს აქვს წარდგენილი, არ შეესაბამება არსებულ მტკიცებულებებს.

– თუმცა აბესაძემ სასამართლო პროცესზე საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ ინანიებს ჩადენილ ქმედებას... გამოდის, რომ ის წარდგენილ ბრალს აღიარებს ხომ?
– არა. მან სინანული გამოთქვა იმ შექმნილი უხერხულობის გამო, რაშიც თავად აღმოჩნდა. ეს არ ნიშნავს, რომ მან დანაშაული აღიარა. ამ ეტაპზე ოთარ აბესაძე დუმილის უფლებას იყენებს. 

– თქვენ ახსენეთ აგენტ-პროვოკატორი... მინდა შეგახსენოთ, რომ ოთარ აბესაძეს საზოგადოება იცნობს ხელისუფლების აქტიურ მხარდამჭერად და არაერთხელ გვინახავს მისი სატელევიზიო დებატები „ქართული ოცნების“ დასაცავად... რაში დასჭირდა ხელისუფლებას მისი განეიტრალება, თანაც აგენტ-პროვოკატორის მეშვეობით?
– ჯერჯერობით ამ საკითხზე ბევრს ვერაფერს გეტყვით. რა თქმა უნდა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს აქვს გარკვეული ეჭვები. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს იყო კარგად დაგეგმილი და ორგანიზებული ოპერაცია მის წინააღმდეგ. 

– და ვის რა ხელს უშლიდა ოთარ აბესაძე?
– ხომ შეიძლება კერძო ინტერესები ჰქონდეს ვინმეს?! ეს ვერსიაც არ უნდა გამოვრიცხოთ, ხომ?! ასე რომ, ყველაფერი გაირკვევა. 

– გასაგებია... პროკურორმა აღნიშნა, რომ ფარულ ჩანაწერებში აბესაძე სხვა თანამდებობის პირებზეც საუბრობს, რომელთა ნაწილი გამოძიების მიერ უკვე დაკითხულია... შეგიძლიათ, დაგვიკონკრეტოთ, ვისზეა საუბარი?
– ჩვენთვის გადმოცემულ საქმის მასალებში ასეთი პირი არ ფიგურირებს. არ ვიცი, რაზე დაყრდნობით საუბრობს ბრალდების მხარე. ბატონ აბესაძეს ყველა იცნობდა და მას ბევრი ადამიანი მიმართავდა დახმარებისთვის. ერთ-ერთი გახლდათ სწორედ ეს ბატონი. 

– ჩვენი ინფორმაციით, ეს პიროვნება გახლავთ ვინმე ზვიად ჩიხლაძე?
– დიახ და ეს პიროვნება ჩანაწერებში თავად საუბრობს პატივისცემაზე. ოთარ აბესაძემ, მისი თხოვნიდან გამომდინარე, იქვე დაურეკა ერთ-ერთი მოხელეს და უთხრა, რომ კონკრეტულ ადამიანს ესაჭიროებოდა კონსულტაცია. საუბარია ნებართვის აღების დაჩქარებაზე არქიტექტურის სამსახურიდან. სამსახურის უფროსს ტელეფონით დაუკავშირდა ოთარი და ჰკითხა, პროცედურულად ეს როგორ ხდებოდა. მანაც უპასუხა, რომ საჭირო იყო გარკვეული თანხის ოფიციალურად გადახდა, როგორც ხდება ხოლმე კანონის შესაბამისად. ეს იყო და ეს.  თვითონ მეორე მხარე ეუბნება აბესაძეს, რომ კონსულტაციის სანაცვლოდ მზად იყო, სამსახურში დასაქმებულ გოგონებს ტორტით გამასპინძლებოდა.

– როგორც გავიგეთ, ამ საქმეში შუამავალი იყო ერთ-ერთი ცნობილი ჟურნალისტი...
– მთლად შუამავალს ვერ დავარქმევდი, მაგრამ კი, ბატონი, გიდასტურებთ, რომ ადამიანი, ვინც ოთართან ეს პიროვნება დახმარების მიღების მიზნით გაგზავნა, ნამდვილად ჟურნალისტია. მან უთხრა, რომ რაღაც კონსულტაცია სჭირდებოდა. ფაქტი ერთია, ამ საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ ბატონი აბესაძე თანხას ითხოვდა. ეს ბატონი თავად გამოთქვამს სურვილს, რომ პატივს სცემს. 
 

ვრცლად იხილეთ მითითებულ ბმულზე: