საზოგადოებრივის ეთერში დღეიდან ახალ სეზონამდე მხოლოდ საინფორმაციო გამოშვება გავა
ამობეჭდვა · 2017-07-17 14:47:00 · 264 ნახვა

საზოგადოებრივ მაუწყებელში 42 გადაცემა დაიხურა. დღეიდან ეთერში მხოლოდ საინფომაციო გამოშვება „მოამბე“ გავა. ახალი საეთერო სეზონიდან კი მხოლოდ კონკურსის წესით გამარჯვებული გადაცემები გააგრძელებენ ეთერს. საზოგადოებრივ მაუწყებელში განმარტავენ, რომ მათი უმრავლესობა განახლებული ფორმატის ძველი პროექტებია, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებას, კულტურას, შემეცნებასა და სოფლის მეურნეობას აერთიანებს.

საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების შესახებ კი პროექტები ჯერ განხილვის პროცესშია. რაც შეეხება დახურულ გადაცემებში დასაქმებულებს, როგორც საზოგადოებრივ მაუწყებლის ხელმძღვანელობაში აცხადებენ, მათ სხვადასხვა მიმართულებაზე გადაანაწილებენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სეზონისთვის გადაცემების შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში, საუკეთესო პროექტები 21 ივნისს გამოვლინდა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი აქვეყნებს.

საკონკურსო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე აღმასრულებელ საბჭოს  რეკომენდაცია გაუწია შემდეგ პროექტებზე: 

სოციალური თოქ-შოუ “რეალური სივრცე“; კულტურულ-შემეცნებითი გადაცემა “ნაცნობი მელოდიები“; თეონა ჯორბენაძის “Modem/Art“ კულტურული სიახლეების მიმოხილვისთვის; “პირადი ექიმი - მარი მალაზონია“; თამარ ბოლქვაძის “ფერმა“; საბავშვო შემეცნებითი გადაცემა „სუპერ გმირი“; საბავშვო-ახალგაზრდული შემეცნებითი გადაცემა “წიგნების თარო“ და “ხარ თუ არა მეხუთე კლასელზე ჭკვიანი?!“; კულინარიული შოუ “გურმანია“.

კონკურსი 3 აპრილს გამოცხადდა და სამი ეტაპისგან შედგებოდა. კონკურსის ფარგლებში, სულ 153 პროექტი შემოვიდა. მათგან 37 მეორე ტურში მოხვდა. მეორე ტურში გადასულმა აპლიკანტებმა კომისიის წინაშე პროექტის პრეზენტაცია გამართეს. მესამე ტურის კანდიდატად მათგან 15 დასახელდა.