"ეხო კავკაზას" ინფორმაციით, თბილისში ჩეჩენი ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვი დააკავეს
ამობეჭდვა · 2017-07-17 14:27:00 · 351 ნახვა

პორტალ „ეხო კავკაზას" ინფორმაციით, თბილისში ჩეჩენი დევნილი და ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვი დააკავეს.  ტუმსო აბდურახმანოვი ​სააგენტო „კავკაზ.რეალიის“ თანამშრომელი იყო. 

 

როგორც "ეხო კავკაზა" იტყობინება, „კავკაზ.რეალიის“ რედაქციაში გაგზავნილი მისი აუდიო შეტყობინების მიხედვით, დაკავებულია და არა აქვს საშუალება ოპერატიულად უპასუხოს რედაქციიდან შესულ ზარებს. ბლოგერმა არ ისურვა დაკავების დეტალებზე საუბარი, თუმცა მისი განმარტებით, ამ ეტაპზე, არ დგას რუსეთისთვის მისი გადაცემის საკითხი. 

 

ტუმსო აბდურახმანოვზე, ჩეჩნეთის ძლოვანმა უწყებებმა უკანონო თვალთვალი და დევნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ბლოგერმა, რამზან კადიროვის ადმინისტრაციის უფროსის ისლამ კადიროვის კორტეჟს, გროზნოში გზა არ დაუთმო. 

 

კადიროვის წარმომადგენელთა მხრიდან განხორციელებული მუქარების შემდეგ, აბდურახმანოვმა ჩეჩნეთი დატოვა და საქართველოში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. ამ ეტაპზე, სააპელაციო სასამართლო, ტუმსო აბდურახმანოვის სარჩელს განიხილავს. აბდურახმანოვი მისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭებაზე უარს ასაჩივრებს.

 

აბდურახმანოვმა არაერთხელ გააგზავნა განცხადება რუსეთის გენერალურ პროკურატურაში უკანონო დევნისა და თვალთვალის შესახებ, საიდანაც მისი მოთხოვნას ჩეჩნეთში აგზავნიდნენ, იქ კი რეაგირების გარეშე ტოვებდნენ. 

 

როგორც საზოგადოებრივს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ისინი საკითხის გარკვევას ცდილობენ.