პოროშენკო - თბილისში, ნაციონალები - პანიკაში
ამობეჭდვა · 2017-07-17 13:47:00 · 333 ნახვა

ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, პეტრო პოროშენკო საქართველოში ქართველი კოლეგის, გიორგი მარგველაშვილის მოწვევით ჩამოდის. პოროშენკო თბილისს ოჯახთან და უკრაინის სახელმწიფო დელეგაციის წევრებთან – სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან და უკრაინელ ბიზნესმენებთან ერთად ესტუმრება.

პრეზიდენტის სასახლეში უკრაინის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება, რის შემდეგაც საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან, ქართული და უცხოური მედიის წამომადგენლებისათვის განცხადებებს გააკეთებენ და მათ შეკითხვებს უპასუხებენ. პრესკონფერენციამდე სასახლეში ორმხრივ დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.

უკრაინის პრეზიდენტი გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს, მათ ხსოვნას პატივს მიაგებს და საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმს დაათვალიერებს. ამის შემდეგ უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტები სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზსაც ეწვევიან.

სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, იგეგმება პეტრო პოროშენკოს შეხვედრები პრემიერ–მინისტრთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან. უკრაინის პრეზიდენტი, სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში მყოფ უკრაინელ ბიზნესმენებთან ერთად, საქართველო–უკრაინის ბიზნესფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.

გარდა ამისა, სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, პოროშენკო 19 ივლისს სვანეთს და აჭარასაც ესტუმრება.მესტიაში მარგიანების სახლმუზეუმს, ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმს, ასევე, ტრადიციულ სვანურ კოშკს დაათვალიერებს. ბათუმში კი, უკრაინის პრეზიდენტი აჭარის ა–რ მთავრობის თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს შეხვდება. ბათუმში პეტრო პოროშენკო გიორგი მარგველაშვილთან ერთად საქართველო-უკრაინის საინვესტიციო ფორუმს გახსნის და მის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველო–უკრაინას შორის არსებული ხუთწლიანი პოლიტიკური პაუზის შემდეგ, პრეზიდენტის ვიზიტს მნიშვნელოვან მოვლენას უწოდებს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ირაკლი მენაღარიშვილი, რომლის განცხადებით, უკანასკნელი წლების განმავლობაში ურთიერთობის ინტენსივობა ორივე ქვეყნის ინტერესებთან სრულიად შეუსაბამო იყო.

როგორც ყოფილი მინისტრი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ ორ ქვეყანას შორის აქტიური ურთიერთობები არ იყო, უკრაინა რჩებოდა სტრატეგიულ მოკავშირედ და მეგობარ ქვეყანად. მენაღარიშვილი იმედოვნებს, რომ ამ ვიზიტით უსიამოვნო პაუზას წერტილი დაესმება. კითხვაზე, უკავშირდება თუ არა პოროშენკოს ვიზიტი უკრაინაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გართულ ვითარებას, საგარეო საქმეთა მინისტრი პასუხობს:

„გულახდილად რომ გითხრათ, ეს დიდად არ მადარდებს. მე ვფიქრობ, რომ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ვიზიტით ჩვენი ურთიერთობა პოლიტიკური რეალიების მოთხოვნების დონეზე დადგეს იმიტომ, რომ უმძიმეს სივრცეში, რომელსაც „პოსტსაბჭოთა სივრცე“ ეწოდება, უკრაინა ჩვენთვის არის პრინციპული მნიშვნელობის პარტნიორი.

ჩვენ სასიცოცხლოდ ვჭირდებით ერთმანეთს. მართლაც მინდა, რომ ჩვენი ურთიერთობა ამ საჭიროებას და რეალობას პასუხობდეს. იმედი მინდა ვიქონიო, რომ სწორედ ამის გაგებამ და ამ ჭეშმარიტების ობიექტურად რეალიზაციამ განაპირობა ეს ნაბიჯები, რომელიც ახლა იდგმება ორ ქვეყანას შორის“, – აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირაკლი მენაღარიშვილმა.

ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრობს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე. მისი განცხადებით, ერთდროულად ალბათ ბევრი ფაქტორი მოქმედებს, მაგრამ წამყვანია ის ფაქტორი, რომ იმ ხალხმა, რომელმაც ჩატეხა უკრაინსა და საქართველოს შორის ხიდი, თავიანთი უკრაინაში ყოფნა ვერ გაამართლეს ისე, როგორც თვითონ ელოდნენ.

„შეიძლება უკრაინაც ელოდა. შეიძლება სხვა ქვეყნებიც იყვნენ დაინტერესებული ქართული ფენომენის უკრაინულ სინამდვილეში შეტანით. ალბათ, ახლა არსებული ვითარება არის წამყვანი ფაქტორი იმისა, რომ ასეთი ბარიერი მოიხსნა. მაგრამ მეორეს მხრივ, საქართველოსა და უკრაინის მდგომარება იმდენად ხშირად ჰგავს ერთმანეთს, იმდენად ხშირად განიხილებიან სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში, რომ ამ ქვეყნებს არ ჰქონდეთ მოქმედების ერთიანი გეგმა, ტაქტიკა, არ იყვნენ შეთანხმებული ამა თუ იმ დეტალებზე, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელი და მიუღებელია.

ვიზა-ლიბერალიზაციის შემდეგ, ამ ორ ქვეყანას ჭირდება, ერთიანი ძალისხმევით ისე გააგრძელონ ევროპისკენ მოძრობა, რომ ამავე დროს რუსეთის მხრიდა არ გაიჩინონ დამატებითი პრობლემები. აუცილებელია, მოქმედების ერთიანი გეგმა. სავარაუდოდ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ პოროშენკო გადმოლახავს საქართველოს საზღვარს“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

პოროშენკოს ვიზიტს მიხეილ სააკაშვილის გარშემო არსებულ პრობლემებს უკავშირებენ „ნაციონალურ მოძრაობაში“. პარტიაში ამბობენ, რომ პოროშენკოსთან გარიგება შედგა სააკაშვილის ექსტადირების საკითხზე, რისთვის კიევში გიორგი კვირიკაშვილი და კახა კალაძე ჩავიდნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ სააკაშვილი არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს ოლიგარქიული მმართველობის მტერიც არის. დეკანოიძე არ გამორიცხავს, რომ უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებები წავიდნენ მანიპულაციაზე და გარიგებაზე, დააყენონ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი.

„მას შემდეგ, რაც სააკაშვილის პარტია გააქტიურდა, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი ოპოზიციის ლიდერი უკრაინაში და პირველად ამხილა, როგორც პოლიტიკოსმა, ყველაზე დიდი კორუფციული სქემები სახელმწიფოსა და ოლიგარქიულ ჯგუფებთან, იქიდან დაიწყო საქართველოსთან უკრაინის ურთიერთობის დათბობა.

ეს ურთიერთობა დათბა იმიტომ, რომ სააკაშვილი გააქტიურდა უკრაინაში და შესაბამისად წარმოიშვა ასეთი ორმხრივი ვიზიტები. მანამდე არ ყოფილა ასეთი ვიზიტები. როგორც კი გაცხადდა სააკაშვილის ოპოზიციური ლიდერობა უკრაინაში, მაშინვე შედგა კვირიკაშვილის, კალაძის და სხვათა ვიზიტები უკრაინაში. კონსტიტუციით დაუშვებელია საკუთარი ქვეყნის მოქალაქის ექსტრადაცია. მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ არაფერია გამორიცხული ამ ხელისუფლების მხრიდან“, – აცხადებს ხატია დეკანოიძე.

დეკანოიძეს ამის მაგალითად ვიცე–სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადება მოჰყავს, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბელეის დელეგაციიდან ოფიციალური მოთხოვნა მიიღო, რომ დაებრუნებინათ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობა. რამდენიმე დღის წინ, თამარ ჩუგოშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, რომ უკრაინის დელეგაცია ეხვეწებოდა ქართულ დელეგაციას სააკაშვილისთვის დაებრუნებინათ მოქალაქეობა და დაებრუნებინათ იგი საქართველოში.

„ე.ი. მიშაზე დიდად კომენტარები არ ღირს, მაგრამ რადგან თავს გვახსენებს, მაინც დავწერ. PACE-ს ბოლო სესიაზე უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელიდან დაწყებული, სხვა წევრებით გაგრძელებული, ყველა გვეხვეწებოდა, ამ კაცს საქართველოს მოქალაქეობა დაუბრუნეთ და მოგვაშორეთ აქედანო (შეგვიძლია ოფიციალურ თხოვნად ჩავთვალოთ). მოკლედ, უკვე მეორე ქვეყანა ცდილობს როგორმე თავიდან მოიშოროს“, – წერს თამარ ჩუგოშვილი.

თავად უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინის მოქალაქეების მოქალაქეობაზე საუბარს არავისთან აპირებს. თუმცა აქვე აცხადებს, რომ ვერ ხვდება, რას აკეთებს მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში. ამბობს, რომ მოწვეული იყო იმისათვის, რომ დახმარებოდა, მაგრამ მას მნიშვნელოვანი არაფერი გაუკეთებია.

მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში კითხვების წამოწევა არ არის გიორგი მარგველაშვილის დღის წესრიგში. საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ პოროშენკო საქართველოში მისი მოწვევით ჩამოდის და ვიზიტის დროს ისაუბრებენ საქართველო–უკრაინის ძალიან მნიშვნელოვან ურთიერთობებზე. მისივე თქმით, ვიზიტის მომზადების დროს მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხის განხილვა არ ყოფილა დაგეგემილი.

„მე ამ საკითხის წამოწევას არანაირად არ ვფიქრობ. არანაირად ჩემს დღის წესრიგში სააკაშვილთან მიმართებაში კითხვების წამოწევა არ არის. ის არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მის მოღვაწეობას შეაფასებს ისტორია, მე მასთან კითხვები არ გამაჩნია“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

როგორც ჩანს, გიორგი მარგველაშვილი სტუმარ-მასპინძლის ეტიკეტს დაიცავს. ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ამბობს, რომ ოფიციალურ შეხვედრაზე მასპინძელი ქვეყანა ვერ იქნება ისეთი კითხვების ავტორი, რაც სტუმარს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს.

„ძალიან დელიკატური საკითხია. სანამ პრეზიდენტების დონეზე დაისმება, რასაკვირველია, მანამდე თვითონ ქართველ სამართალდამცავებს უნდა ჰქონდეთ ეს კითხვა უკრაინელი სამართალდამცავების მიმართ. რასაკვირველია, საქართველო–უკრაინის ურთიერთობებში სააკაშვილთან დაკავშირებული პრობლემა ერთ–ერთი მნიშვნელოვანია და ამ პრობლემის მოსაგვარებლად არც ქართველ და, მით უმეტეს, უკრაინელ სამართალდამცავებს ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამთ.

ახლა პირდაპირ, პრეზიდენტების შეხვედრაზე ამ საკითხის დასმა,  კონფლიქტით დამთავრდება. მეგობრული ვიზიტია, უკრაინა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და მოუმზადებლად ამ საკითხის დასმა სრულიად გაუმართლებელი იქნება“, – განაცხადა for.ge–სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილი.



ავტორი: for.ge